სულხან სალაძე ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე - მმართველი პარტია ცდილობს გაამუქოს სურათი - უნდათ გვაჩვენონ, რომ არჩევნების პრობლემა ეს ერთადერთი საკითხი იყო

მესმის მმართველი პარტიის მხრიდან ეს განცხადებები, ისინი ცდილობენ კიდევ უფრო გაამუქონ სურათი. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არჩევნებიდან ყურადღება გადაიტანონ და დაუკავშირონ ამ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სალაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პარალელური დათვლის შედეგებში დაფიქსირებული შეცდომა დღის წესრიგიდან არ ხსნის არცერთ საკითხს, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს იყო გამოკვეთილი, მათ შორის, დამკვირვებლებისთვის შექმნილი მტრული გარემო.

,,არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ეს იყო განზრახ გაკეთებული და ვინმეს სურდა ასე მომხდარიყო. PVT-ს თან ახლავს აუდიტი და ეს არ არის მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობა ამ პროცესში. საუბარი იმაზე, რომ ვინმეს განზრახვა ჰქონდა და ეს ყველაფერი სპეციალურად მოხდა, რომ ამას შემდგომში რაღაც გართულებები მოჰყოლოდა ქვეყანაში, ნაკლებად დამაჯერებელია. მესმის მმართველი პარტიის მხრიდან ეს განცხადებები, ისინი ცდილობენ კიდევ უფრო გაამუქონ სურათი ამ თვალსაზრისით და ამას აკეთებენ იმიტომაც, რომ მთელი ყურადღება არჩევნებთან მიმართებაში გადაიტანონ და დაუკავშირონ ამ შედეგებს. ეს დღის წესრიგიდან არ ხსნის არცერთ საკითხს, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს იყო გამოკვეთილი, მაგალითად მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლებისთვის შექმნილი მტრული გარემო“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, შეუძლებელია ადამიანური შეცდომის გამო რომელიმე პიროვნების პასუხისგებაში მიცემა.

„საუბარია ადამიანურ ფაქტორზე და ეს არავის არ დაუმალია, აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ მხოლოდ აუდიტის შემდგომ მოხდებოდა ინფორმაციის გამოქვეყნება და არავინ ამის დამალვას არ გეგმავდა. რა უნდა გამოიძიონ, თუ ადამიანური ფაქტორის გამო ვინმეს პასუხი უნდა აგებინონ არ ვიცი. ესეც მგონია ის საინფორმაციო ალტერნატიული რეალობის შექმნა, რომლითაც უნდათ გვაჩვენონ, რომ არჩევნების პრობლემა ეს ერთადერთი საკითხი იყო“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ცნობისთვის, რომ „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა