დავით ზალკალიანი - რაც პრეზიდენტმა გაახმოვანა, ეს იყო შეთავაზება, არანაირი სხვა პლატფორმებზე მიერთება, ან შერწყმა მას მხედველობაში არ ჰქონდა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზაკალიანის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მან 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვისას გააჟღერა, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა თბილისს, როგორც პლატფორმას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

„ესეც არის ზუსტად განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია. რამდენიმე დღის წინ განვმარტე, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც მან ეს ინიციატივა გააჟღერა. პრეზიდენტი არ გულისხმობდა რომელიმე სხვა ინიციატივაზე მიბმას, იმ ინიციატივებზე, რომელიც სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იყო გაჟღერებული. სანამ პარტნიორი ქვეყნები საკუთარ ინიციტივებს გააჟღერებდნენ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმაც, მეც არაერთხელ განვმარტეთ, მათ შორის უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრის შემდეგ გამოვედით და ვთქვით, ჩვენ მეზობლებს ვთავაზობთ თბილისს, როგორც პლატფორმას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ეს იყო ის შეთავაზება, რაც პრეზიდენტმა გაახმოვანა. არანაირი სხვა პლატფორმებზე მიერთება, ან შერწყმა მას მხედველობაში არ ჰქონდა. ამიტომ მოჰყვა ამ საკითხს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, მეც განვმარტე და მგონი წერტილი უნდა დავუსვათ. ალბათ, იან კელიმ მოისმინა განცხადება, რომელსაც დამატებითი განმარტებები სჭირდებოდა. დამატებითი განმარტება კი გაკეთდა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”. პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა.

„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არაერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს