„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“  მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცესს აფასებს

ერთპარტიული პარლამენტის მიერ ერთპარტიული სამთავრობო შემადგენლობის განხილვის პროცედურებმა ნათლად აჩვენა თუ რამდენად უუნაროა ახალი მოწვევის პარლამენტი გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება“,-ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცესს აფასებენ.

როგორც გავრცელებულ განცხაებაში აღნიშნული, მეათე მოწვევის პარლამენტში არ გამართულა პოლიტიკური დებატები, არ მომხდარა კითხვების დაზუსტება და დეპუტატები პრაქტიკულად არ იყენებდნენ პოზიციების დასაფიქსირებლად საპარლამენტო ტრიბუნას.

„ პოლიტიკური ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, მეათე მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით. მონიტორინგის შედეგად პარლამენტის უუნარობა გამოიკვეთა შემდეგში: სამთავრობო გუნდისა და პროგრამის განხილვისას პარლამენტის წევრთა კითხვები იყო ფასადური. მათი უმეტესობა იწყებოდა მთავრობის წინა საქმიანობის ქება-დიდებით, კითხვების ნაწილი იყო აბსულუტურად არარელევანტური, პარლამენტის წევრებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რიგი საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების დასწრების პროცესი არ იყო გამჭვირვალე. საპარლამენტო კონტროლი საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ფორმირების პროცესიდან იწყება. ხანგრძლივ საკომიტეტო, ფრაქციულ და პლენარულ სხდომებში ჩართულია ყველა პარლამენტის წევრი და მინისტრობის კანდიდატები. პარლამენტის წევრებს განხილვების დროს აქვთ შესაძლებლობა დასვან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პასუხები გახადონ მსჯელობის საგანი“,-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვები იყო ფასადური.

„დეპუტატების მხრიდან ხშირად ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის დროს, კითხვის ავტორი პარლამენტის წევრები არ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში. მეტიც, პარლამენტის წევრებისთვის ყველა შემთხვევაში მინისტრობის კანდიდატისგან გაცემული პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო. პრაქტიკულად არ დასმულა დამაზუსტებელი კითხვები. მინისტრობის კანდიდატების პასუხები არ გამხდარა პარლამენტში დისკუსიის საგანი. მთავრობის შემადგენლობის წინა, 2019 წლის, განხილვისგან განსხვავებით, სადაც ოპოზიცია მყარად იყო წარმოდგენილი, მეათე მოწვევის პარლამენტში არ გამართულა პოლიტიკური დებატები, არ მომხდარა კითხვების დაზუსტება და დეპუტატები პრაქტიკულად არ იყენებდნენ პოზიციების დასაფიქსირებლად საპარლამენტო ტრიბუნას. უმრავლესობის დეპუტატებისგან უკვე გამოიკვეთნენ პარლამენტის წევრები, რომლებიც არ იყვნენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვისას ჩართულები მათ შორის იყვნენ კომიტეტების თავმჯდომარეები - თეა წულუკიანი, ანრი ოხანაშვილი, ბექა ოდიშარია, დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი კოვზანაძე. დეპუტატების მესამედმა მხოლოდ საბოლოო კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობას“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე შეფასებით, პარლამენტის წევრთა კითხვის უდიდესი ნაწილი ეთმობოდა მთავრობის საქმიანობის ქებას.

„ ოპოზიციის არარსებობის ფონზე, პარლამენტში კრიტიკული აზრი საგრძნობლად შემცირდა. პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვების დიდი ნაწილი მინისტრობის კანდიდატების საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩინებას ემსახურებოდა. საპარლამენტო რესპუბლიკაში სამთავრობო გუნდის მიმართ ნდობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ნდობის გამოცხადების შედეგად ყალიბდება სამთავრობო შემადგენლობა და განისაზღვრება ის ძირითადი პოლიტიკური სამოქმედო გეგმა, სამთავრობო პროგრამის სახით, რომლის შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს მთავრობამ. ნდობის გამოცხადების პროცესში საჯარო განხილვები აუცილებელია საზოგადოებისთვის, რათა ყურადღება გამახვილდეს პრობლემებზე და სამთავრობო პოლიტიკის სისუსტეებზე. როდესაც პარლამენტში ოპოზიციის, კრიტიკული აზრის არარსებობის ფონზე მიმდინარეობს განხილვები, აზრი ეკარგება მთელ საპარლამენტო პროცესს. საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებისთვის უცნობი რჩება სამთავრობო პოლიტიკის ხარვეზები. ეს ხაზს უსვამს პარლამენტის უუნარობას, კრიტიკულად შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებები და ეფექტურად გააკონტროლოს იგი. დეპუტატებმა შეკითხვებისთვის გამოყოფილი დრო დაუთმეს სამთავრობო გუნდისა და განხორციელებული პოლიტიკის ქებას. მათივე განცხადებით კითხვების ნაწილი იყო აბსულუტურად არარელევანტური. პარლამენტის წევრებისგან იკვეთებოდა საკითხისადმი მათი არაკომპეტენტურობა, აგრეთვე, ინტერესდებოდნენ ისეთი საკითხებით, რომლებიც არ იყო სამთავრობო პროგრამის ნაწილი. ასევე, პარლამენტის წევრებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რიგი საკითხები“,-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე შეფასებით, მსგავსი „არაკომპეტენტური და შეუსაბამო“ კითხვების ფონზე, პარლამენტის წევრებმა არ გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერება, პროკურატურის დამოუკიდებლობა;სასჯელის ლიბერალიზაცია; პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია; სამართალდამცავ სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმების დახვეწა. მათივე ინფორმაციით, დადებითად არის შესაფასებელი ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ნაწილობრივ გაითვალისწინა „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ მოწოდება, და დასვეს კითხვები შემდეგ საკითხებზე: სამხედრო პირთა უფლებების დაცვა და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობა; პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაგრძელება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ იყო მოხსენიებული სამთავრობო პროგრამაში. მასთან, გავრცელებული განცხადების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების დასწრების პროცესიც არ იყო გამჭვირვალე.

„ საკომიტეტო სხდომებზე განსხვავებული აზრის ფორმალურად უზრუნველსაყოფად მოწვეული იყო არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელთა მხრიდანაც საკითხების კრიტიკული განხილვა არ მომხდარა. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით იქნენ შერჩეულნი აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელნი კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ“,-აღნიშნავენ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა