ალეკო ელისაშვილი - თუ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ

თუ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება, რომ შეთანხებას მივაღწიოთ, ხელი მოვაწეროთ და პარლამენტში შევიდეთ. თუ არ მოხდება მათი გათავისუფლება, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პროგრესი იყო მისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე: საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსზე, თუმცა, „პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია“.

„ოთხი საკითხიდან, ჩვენთვის პრიორიტეტული არის სამი საკითხი. სამი საკითხიდან არც ერთისთვის ფეხი არ მოგვიცვლია დღეს. დღეს მდინარაძემაც დაადასტურა, რომ ჯიუტად, გადავიდოდით თუ არა სხვა საკითხზე, მაინც ვუბრუნდებოდით მაგალითად პოლიტპატიმრების საკითხს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის მოცემულობა - პოლიტპატიმრები არ არსებობს. სამ საკითხზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, პოლიტპატიმრები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ფეხი არ მოგვიცვლია. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ფორმულირება როგორიც უნდათ, ისეთი იყოს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ციხეში არ იმყოფებოდნენ. აღიარებენ თუ არა პოლიტპატიმრების არსებობას, მოიტყუებს „ქართული ოცნება“ თუ არ მოიტყუებს თავს, რომ თითქოს მართლმსაჯულების სისტემა არაჩვეულებრივი გვაქვს და ბატონი მურუსიძე არის სანდო, პატიოსანი და მთელი ერისთვის ხელის გულზე სატარებელი კაცი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ეს ხალხი, ვისზეც ვლაპარაკობთ, პოლიტპატიმრები არიან. ასევე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ ხუსკივაძე და კობალაძე დაკავებულები და ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკების პროცესის შედეგია, რომ დასახელებული ხუთი გვარიდან, ორი ადამიანი გამოვიდა. დანარჩენებზე ვნახოთ რა და როგორ იქნება. ის ადამიანები თუ ციხეში დარჩებიან, ჩვენთვის არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება. ჩვენ ამ საკითხთან მიმართებით ძალიან კატეგორიულები ვართ და ვიყავით. ადამიანების ბედზე და ისინი ციხეში დარჩებიან თუ არა, წესით, ნორმალურ ქვეყანაში ამაზე პარლამენტში არ უნდა საუბრობდე, გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მან და ლევან იოსელიანმა მაქსიმუმი გააკეთეს.

„ორ ოპოზიციონერს რაც შეგვეძლო, ოთხივე საკითხზე ცხარე დისკუსია და კამათი გვქონდა გაჩაღებული. ოპოზიციას თუ უნდა, რომ უფრო მეტი წინსვლა გვქონდეს, თვითონაც ჩაერთონ ამ შეხვედრებში და მოლაპარაკებებში, ჩვენ ვინმეს კი არ ავუკრძალეთ, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ. ოპოზიციის კრიტიკაზე გამოცხადებული მაქვს მორატორიუმი და კინკლაობას ვწყვეტ, მაგრამ რაც ძალა და ღონე გვქონდა, ორ კაცს რაც შეუძლია იმდენი და იმაზე მეტიც ვეკამათეთ და ლამის ვებრძოლეთ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით