საბა ბუაძე - ილიჩოვა-მელაშვილის საქმე წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა

ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, სადაც ორ მეცნიერ ადამიანს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამო „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, მთელი მათი ცხოვრების ნაღვაწი გვერდზე გადადო და ამ ადამიანებს ქვეყნის ღალატი დააბრალა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური დევნა შეწყდება მაშინ, როდესაც სასამართლოში ყველა პოლიტპატიმარის პროცესი შეწყდება, თუმცა ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს“.

„თუ არ მოხდება ბრალის გადაკვალიფიცირება, ამ ადამიანების ერთიანად გათავისუფლება და ბრალდებების მოხსნა, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება პოლიტიკური დევნის შეწყვეტად. პოლიტიკური დევნა შეწყდება მაშინ, როდესაც ეს საქმეები შეწყდება და სამწუხაროდ, ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა, დღეს 14:00 საათზე არის პროცესი. ჩვენ ვაპირებთ წასვლას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს დამოკიდებულებას პოლიტიკური დევნის მიმართ. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ის უნდა შეწყდეს ყველასთან მიმართებაში. ამ მოცემულობით, საპყრობილეში სამი პოლიტპატიმარი იმყოფება - გიორგი რურუაც არის პოლიტპატიმარი და მისი გათავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნა ჩაითვალოს შესრულებულად და დაკმაყოფილებულად.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ. ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, სადაც ორ მეცნიერ ადამიანს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამო „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, მთელი მათი ცხოვრების ნაღვაწი გვერდზე გადადო და ამ ადამიანებს ქვეყნის ღალატი დააბრალა. „ქართული ოცნება“ ამ პროცესს უყურებს, როგორც ვაჭრობას და შეუძლია ადამიანების სიცოცხლეს ასე უდიერად მოეპყროს, რომ ვიღაც საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე დაიჭიროს ან გაათავისუფლოს. ჩვენი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ პოლიტიკური ყინული დაიძრას და გალღობა დაიწყოს. პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის პრინციპული საკითხი და ამ საკითხის გარეშე არ ვაპირებთ, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება. სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტვისიტები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მხარდასაჭერ აქციას გამართავენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა