მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას ხელს განსაკუთრებულად უწყობს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council). შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ მიზანს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა წარმოადგენს. პროფესიული განათლების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს "Portsmouth College"-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებში არაერთი ერთობლივი პროექტი და გაცვლითი პროგრამა განხორციელდება.

,,მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო დონის ორი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი. ერთი მხრივ, უნივერსიტეტში მოქმედებს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებშიც განათლების სამივე საფეხურისათვის სწორედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იგეგმება. მეორე მხრივ, კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის სხვა ბრიტანულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით პროცესს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნება, რომელიც საქართველოში მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთი სიმსივნის მკურნალობისათვის ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – კვლევისთვის ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. მინისტრის თქმით, უცხოელმა მეცნიერებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთონ აღნიშნულ კვლევებში. ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. შეხვედრაზე მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. თავის მხრივ, მარკ კლეიტონმა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა