დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველის საამაყოა პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი -  „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, თითოეული ქართველის საამაყოა პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი - „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“

„ქართული საზოგადოების ისტორიულ მისწრაფებას, მის ევროპულ კუთვნილებასა და იდენტობას ასახავს 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე, საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე. საამაყოა, რომ იმდროინდელ მსოფლიოში, კონსტიტუციის ამ შინაარსით მიღებით, საქართველომ ღირსეულად დაიმკვიდრა პროგრესული დემოკრატიის სახელი და აჩვენა მთელს მსოფლიოს მისი ევროპული იდენტობა.

1921 წელს კონსტიტუციას საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი - „ფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისა“ და „შვეიცარიული უშუალო დემოკრატიის“ პრინციპების შეზავება. დოკუმენტი 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა და ქვეყნის პოლიტიკურ წყობად განსაზღვრავდა დემოკრატიულ რესპუბლიკას.

გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამით საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ქედს ვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ უაღრესად პროგრესული დოკუმენტის შექმნას.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ. თუმცა, სწორედ იმ დროს მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. მაგრამ მას შემდგომ, საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივ პერიოდში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ისევე როგორც დღეს, დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველის საამაყოა ჩვენი პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი - „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა““, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა