ევროპარლამენტარები შარლ მიშელს - „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობამ ძალზე საშიშ დონეს მიაღწია - მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკურ ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი

ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან, სადაც მას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ მოუწოდებენ, ეს ვიზიტი გამოიყენოს, საქართველოს პოლიტიკური ძალების მხრიდან პარტიათაშორისი დიალოგის დაუყოვნებლივ განახლების მხარდასაჭერად.

წერილს ხელს აწერენ: ლიეტუველი დეპუტატი, ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა, ევროპარლამენტარი ვიტოლდ ვაშიკოვსკი პოლონეთიდან, გერმანელი ევროდეპუტატი ვიოლა ვონ კრამონი და გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი.

„რამდენადაც საქართველოში თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტი ახლოვდება, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, წერილობით გამოვთქვამთ ჩვენს შეშფოთებას ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში სწრაფად გაუარესებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.

როგორც აღნიშნულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაში, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მოსალოდნელი იყო ხელახლა დადასტურებულიყო საქართველოს დემოკრატიული ერთგულება. ამის ნაცვლად, არჩეული წევრთა ერთი მესამედი არჩევნების გაყალბების მოტივით უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), სხვა ხარვეზებთან ერთად, საარჩევნო უბნების ოქმების 8 პროცენტში შეუსაბამობა გამოავლინა. 23 თებერვალს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობამ ძალზე საშიშ დონეს მიაღწია.

ევროკავშირს არ შეუძლია უგულებელყოს არსებული ვითარება, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და კონფრონტაციის პოლიტიკა გახდა დომინანტი ტენდენციები. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილურობას. უფრო მეტიც, პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზიდან გადახვევის საფრთხეს ქმნის.

ჩვენ მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი იმისათვის, რომ წაახალისოთ ქართული პოლიტიკურ ძალები პარტიათაშორისი დიალოგი დაუყოვნებლივ განაახლონ, რამაც უნდა შექმნას კონკრეტული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში, საქართველოს სამოქალაქო სექტორს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ მათთან შეხვედრაში თქვენი ვიზიტის დროს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გზავნილს გადასცემთ ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლის მიმართ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად ვართ კიდევ უფრო განვამტკიცოთ შუამდგომლობითი ძალისხმევა, რომელსაც ამ დრომდე შეუპოვრად ახორციელებდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები“, - ნათქვამია ერთობლივ წერილში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია