ადვოკატი - ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო ბოდიშს ხვალ აუცილებლად მოუხდის

სახალხო დამცველმა დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს “სასამართლო მეგობრის” სტატუსით მიმართა. როგორც დღევანდელი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღწერილია “ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა”.

“ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არამარტო ის დაბრკოლებები, რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება მე-18 მუხლზე აპელირებით, მე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული, დღემდე არ მახსოვს”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მშვენიერაძის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ დანაშაულის ილუზია შექმნას.

“პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, რომლითაც საუბრობს ყოველ მესამე მტკიცებულებაზე, რომლიდანაც ცდილობს ამოგლიჯოს გარკვეული სიტყვები და დანაშაულის ილუზია შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია მთავარ სასამართლო სხდომაზე ასე დარჩეს. ეს შეიძლება იოლად მოახერხოს მედიაში, სადაც ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს სასამართლოზე. ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულებას ჩავყვეთ დეტალურად, ყველა მოწმე დაიკითხოს დეტალურად. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს ამ საქმეში. თითოეული დაინტერესებული ადამიანი ღრმად დარწმუნდება ამაში, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფომ დაგვიანებით მოუხადა ბოდიში. მათ ბოდიში დღეს და გუშინ ეკუთვნოდათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოუხდიან”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფო ბოდიშს ხვალ აუცილებლად მოუხდის - ადვოკატი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს