დავით ზალკალიანი - უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს ხშირი ვიზიტები ნათელი გზავნილია, რომ უნგრეთი ყოველთვის მყარად უჭერს მხარს საქართველოს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ვიშეგრადის ჯგუფის ჩარჩოში და ორ ქვეყანას შორის არსებობს შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორობა.

დავით ზალკალიანის თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სიტუაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველო მყარად დგას კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე.

„მიუღებელია, რომ covid-19-ის დროს მოხდა კრიზისის გამწვავება და გრძელდება საქართველოს ანექსია, ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე შემაშფოთებელია, რომ რუსეთი ადამიანის უფლებების საკითხებს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისა და ზეგავლენისთვის. ცხინვალის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება 12 წლით და 6 თვით, პროვოკაციული გადაწყვეტილებაა და აუარესებს სიტუაციას. ჩვენ მივესალმებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ეფექტური ზომები განხორციელდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მე ინფორმაცია მივაწოდე მინისტრს, თუ რას ახორციელებს საქართველოს მთავრობა ამ ფორმატში, განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენ გვინდა ხელშესახები შედეგები ჟენევის მოლაპარაკებებში და მე ხაზი გავუსვი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მნიშვნელობას“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთი არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს გეგმები 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, რომლის მიმართაც საქართველოს დიდი ინტერესი აქვს.

„მე გავუზიარე ჩემს კოლეგას საქართველოს გეგმები. ასოცირების ხელშეკრულების გაძლიერების საკითხები და იდეები, თუ როგორ განვახორციელოთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ უნგრეთის მუდმივი მხარდაჭერის და მათი გამოცდილების გაზიარების იმედი გვაქვს. საქართველო მზად არის გააძლიეროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს, შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. პიტერ სიიარტო ყოველთვის მტკიცე და მყარი გზავნილებით გამოირჩევა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. ჩვენ მივესალმებით ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს და დროული, განახლებული არსებითი პაკეტის მიღება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი 2021 წლისთვის”, -განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც კოვიდ 19 პანდემიით გამოწვეული სირთულეები და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები. დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რეალური წარმატების ისტორიაა ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო