კახა კალაძე - ვფიქრობ, თბილისის მერიის ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებას

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტუდენტთა დახმარების სოციალურ პროგრამას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მოუწოდა, პროგრამის მოთხოვნებს გაეცნონ, დარეგისტრირდნენ და მერიის დაფინანსებით ისარგებლონ.

კახა კალაძის განმარტებით, პროგრამა როგორც ბაკალავრის, ისე სამაგისტრო მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის ჩვენ წელს გავზარდეთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, რათა ფინანსურად დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს. პროგრამაში შემოვიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდეს. წელს 2 000-მდე ახალგაზრდას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა განხორციელებული ინვესტიცია, რაც ხმარდება ახალგაზრდებს, მათ განათლებას სამომავლოდ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს გვერდით დავუდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

თბილისის მერთან ერთად, სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელობა, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა, ბაია სეხნიაშვილმა შეაჯამა.

„წელს პირველად მომეცა ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაქვს უფრო მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული სტუდენტი ვიყო. გპირდებით, უკან დაგიბრუნდებათ ის, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ბაია სეხნიაშვილმა.

დედაქალაქის მერმა ასევე, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს ამოქმედდა. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. ეს არის კაფეებისა და რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება. პანდემიის პირობებში და რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ზოგადად, ამ მიმართულებას ძალიან გაუჭირდა. ამ ბიზნესების უკან დგანან ადამიანები, ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მესმის, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებას დავეხმაროთ, 2 მლნ ლარი გამოიძებნა, რათა მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის თანადგომა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამით ბევრი კომპანია ისარგებლებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო