ლელა ტალიური - საარჩევნო რეფორმის მიმართ ნდობის საკითხი პრობლემურია - პროცესს ნდობა მაშინ ექნება, როცა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან

პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმირების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მუშაობს. ჯგუფმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. პროცესში ჩართულები არიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. თუ რა ეტაპზეა საარჩევნო სისტემის რეფორმირების ჯგუფის მუშაობა და რა რეკომენდაციები აქვს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით „მრავალეროვან საქართველოს“, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტ-კონულტანტს, ლელა ტალიურს ესაუბრა.

- „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაწერილია 10-ზე მეტი საკითხი. რამდენად ეთანხმებით ამ პუნქტებს და თქვენ რა შენიშვნები და რეკომენდაციები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში არ არიან ჩართულები ის პოლიტიკური პარტები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. მათი რეკომენდაციები და შენიშვნები არ ისმის, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ფორმატის, რომ ამ პროცესში ბევრი პარტიის მოსაზრება იყოს ასახული. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის საკითხებს. შედგენილი დოკუმენტი ფოკუსირებულია, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემაზე როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით ძირითადად ბარიერის თემაა, თუმცა ვინაიდან ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი წარმოდგენილი არ არის პარლამენტში, ამ საკითხის გადასინჯვა ამ მოცემულობაში ვერ მოხდება, თუმცა განსახილველ საკითხებს შორის არის ეს საკითხი.

მეორე დიდი თემააა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. თავდაპირველ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო პროფესიული მოდელი. შემდეგ ეს ჩამოყალიბდა ისე, რომ შერეული პრინციპით უნდა მოხდეს კომისიების დაკომპლექტება. მესამე თემა უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს, მათ შორის საარჩევნო დავებს. ჩვენი ძირითადი კრიტიკა ამ ეტაპზე მიემართება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას. პოზიტიურია ის, რომ შერეული მოდელი რჩება და ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება, ანუ კომისიის წევრების დანიშვნა პარიტეტის პრინციპზე დაყრდნობით მოხდება. თუმცა ეს საკითხი შემოთავაზებულია ისეთი ფორმულირებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ წევრის დანიშვნის შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებში, თუ მათ გადალახეს ბარიერი, დაფინანსება აიღეს და ისარგებლეს საპარლამენტო მანდატებით. თუ აღმოჩნდა, რომ ბარიერდგადალახული პარტია არ სარგებლობს საპარლამენტო მანდატით, პარტია მოკლებული იქნება შესაძლებლობას, რომ საარჩევნო კომისიაში წევრი ჰყავდეს. შესაბამისად, შემოთავაზებული ფორმულირების თანახმად, თუ ბარიერგადალახული პარტიები, რომლებიც ახლა პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარლამენტში არ შევლენ, აღმოჩნდება, რომ ისინი საარჩევნო კომისიაში წევრებს ვერ დანიშნავენ. ასევე, პარტიას ბიუჯეტიდან დაუფინანსდება საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ხარჯი, თუ ეს პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. არგუმენტი აქვთ, რომ თუ პარტია პარლამენტში არ შემოვიდა, პრივილეგიით რატომ უნდა ისარგებლოს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ პარტიამ მოიპოვა ამომრჩევლის მხარდაჭერა და გადალახა ბარიერი, მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საარჩევნო კომისიაში ჰყავდეს როგორც კომისიის წევრი, ასევე დაფინანსებული წარმომადგენელი.

კიდევ ერთი თემა ეხება საარჩევნო კომისიების პროფესიული დაკომპლექტების საკითხს. გვაქვს მოცემულობა, რომ პარლამენტი ცესკო-ს პროფესიულ წევრებს, რომლებიც 5 წლის ვადით ირჩევიან, 76 ხმით ირჩევს. შესაბამისად მოცემულობა, როდესაც მმართველი პარტია მაღალი უპირატესობითაა პარლამენტში, ამცირებს შესაძლებლობას, რომ ამ პროცესში, მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები და მათ ინტერესებიც გათვალიწინებული იქნას მაშინ, როდესაც მიუკერძოებელი პროფესიული წევრებით ცესკო-ს დაკომპლექტება ხდება.

ჩვენ წარვადგინეთ მოდელი, რომ ცესკო-ს პროფესიული წევრები არჩეული იყვნენ პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით, ეს არის 100 ხმა. ოლქის და უბნის დონეზე კი კომისიის შემადგენლობის 2/3-ით. დღეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში პროფესიულ წევრად ირჩევიან, რამდენად არიან დამოუკიდებლები, ხომ არ ექცევიან გავლენის ქვეშ, ან ხომ არ აქვთ ინტერესთა კონფლიქტები, ახლობლური კავშირები ან პარტიული აფელაციები. არჩევნების დღეს ეს საკითხი არის ხოლმე დღის წესრიგში.

პრობლემურია ამ პროცესის მიმართ ნდობის საკითხი. ნდობა მაშინ ექნება პროცესს, როდესაც დაინტერესებული პირები ჩართულები იქნებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დღეს ეს საკითხი უმრავლესობით წყდება და საჭიროა უფრო მაღალი მხარდაჭერა იმისთვის, რომ პროფესიული წევრები საკუთარ პოზიციებზე გამწესდნენ.

- როგორც ფიქრობთ, რეფორმირების ფარგლებში გაწერილი პუნქტები, განხორციელების შემთხვევაში, რამდენად უზრუნველყოფს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელიც არ გამოიწვევს კითხვებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში?

- პროფესიული წევრების მიმართულებთ, ეს თემა შეიძლება ისევ სადავო გახდეს, თუ ისინი მაღალი ლეგიტიმაციით არ აირჩევიან. ასევე, თუ პარტია საპარლამენტო მანდატით არ სარგებლობს, ვერ ისარგებლებს კომისიაში საკუთარი წევრისა და წარმომადგენლის ყოლის უფლებით. ეს თემა კვლავ პრობლემატური იქნება, თუ არ გადაიხედება. რაც შეეხება შედეგების ნაწილს, შემუშავებულ დოკუმენტში ამ კუთხით არის ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილებაა მაგალითად ის, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების შემოტანას აპირებენ. თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, სად იქნება შემოტანილი, იქნება დიდ ქალაქებში თუ მხოლოდ თბილისში. სავარაუდოდ, ყველგან არ იქნება, იმიტომ, რომ ამას როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე ადამიანური რესურსების გადამზადების მიმართულებით დიდი მომზადება სჭირდება. ამასთან, ცვლილებაა ის, რომ ყოველ ოლქში სავალდებულო წესით გადაითვლიან ხუთ საარჩევნო უბანს, ასევე შესწორების ოქმის შედგენის შესაძლებლობა საარჩევნო მასალების დალუქვის შემდეგ იქნება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, მას შემდეგ, რაც ეს მასალები გაიხსნება და შედეგები გადაითვლება. ამ კუთხით ცალკეული საკითხები იხვეწება, თუმცა ეს მთლიანობაში რამდენად მოახდენს ძირეული საკითხების გამოსწორებას, ამ გადმოსახედიდან, პასუხის გაცემა რთულია. დადებითი ძვრები არის, თუმცა რამდენად საკმარისია, რომ ამან გაზარდოს ნდობა პროცესის მიმართ, შემდეგ უნდა ვნახოთ, კანონპროექტის ბოლო ვერსიაში.

რომ შევაჯამოთ, სამი თემაა, რომელიც აქტუალურია და საარჩევნო კომისიების თემას უკავშირდება - ეს არის კომისიების დაკომპლექტების საკითხი და ამ კუთხით გვაქვს შენიშვნები; შემაჯამებელი ოქმების საკითხი და საარჩევნო დავები. დავების კუთხით გვქონდა რეკომენდაცია, რომ ვადები გაზრდილიყო სამ დღემდე. გარკვეული მზაობა ვადების გაზრდის კუთხით არის. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ვადები გადაიხედება იმ კუთხით, რომ კიდევ გაიზრდება, რათა დავების განხილვა ეფექტიანი იყოს და საჩივარი საჩივრისთვის კი არა, იმისთვის იყოს, რომ მან რეალურად აღმოფხვრას ის დარღვევა, რის გამოც ეს საჩივარი დაიწერა.

- რამდენად ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმირების ჯგუფი თქვენს რეკომენდაციებს?

- ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია სამი მიმართულებით - ერთი გვქონდა დოკუმენტზე,რაც შეთანხმების საგანი იყო, მეორე -იმ საკითხებზე,რაც არ ეწერა დოკუმენტში და მესამე,ეთნიკური უმცირესობების ჭრილში.წარდგენილირეკომენდაციებიდანგაზიარებულია ოთხი, რაც ძირითადად უკავშირდება შემაჯამაბელი ოქმების საკითხს და საარჩევნო დავების ვადების გაზრდას. ასევე გათვალისწინებულია ჩვენი რეკომენდაცია საუბნო კომისიის წევრების შერჩევის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე არ ხდება სპეციფიკური რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაზრდას უკავშირდება. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია,რომ ცვლილებები იყოსარსებითი ხასიათის,რომელიც რეალურად შეცვლის საარჩევნო გარემოს.

- რაც შეეხება 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს. 5 თვე გავიდა, თუმცა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კვლავ სხვადასხვაგვარი შეფასებებია. თქვენ, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ გასული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხი. რა დარღვევები გამოავლინა „მრავალეროვანმა საქართველომ“?

- წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემა, ასევე ძალადობრივი ფაქტები, ფიზიკური ანგარიშსწორების საკითხები და ინფორმაციები სავარაუდო მუქარაზე, რომელზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობდნენ. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ჩვენ არ დავკვირვებივართ მთელ საქართველოს. ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე - „მრავალეროვანი საქართველო“ ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს ფარავს. ორგანიზაციამ შეაფასა, რომ კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა. იყო საარჩევნო დარღვევები, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, თუმცა ორგანიზაციის მოსაზრებით, ეს დარღვევები გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც წარმოდგენილი ვიყავით.

ამასთან, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ხდებოდა ამომრჩევლის მობილიზება. გარკვეულწილად სერიოზული შენიშვნები გვქონდა არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ბევრი საჩივარი არ გვქონდა, თუმცა გვქონდა დისბალანსთან დაკავშირებით, როდესაც არ დგებოდა ბალანსი შემაჯამებელ ოქმებში და მნიშვნელოვანი რაოდენობით იყო მეტობა - არა 1 და 2, არამედ იყო, მაგალითად, 45 ბიულეტენით მეტობა. ეს უბნები საოლქო კომისიამ არ გახსნა და არ გადათვალა. ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ შედგა შემაჯამებელი ოქმების შესწორებული ოქმები და ეს შეცდომები გამოსწორდა და პრობლემა აღმოიფხვრა. რაც დავინახეთ, ტენდენცია იყოს ის, რომ ძირითადად ასეთი მოთხოვნები გადათვლებთან დაკავშირებით არ კმაყოფილდებოდა, თუმცა კმაყოფილდებოდა ისეთი მოთხოვნები, რომელიც შეეხებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას.

- არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. სად ხედავთ გამოსავალს მაშინ, როდესაც არცერთი მხარე, ამ ეტაპზე, კომპრომისს არ განიხილავს?

- როდესაც ასეთი მოცემულობა გვაქვს, გამოსავალი ალბათ, კომუნიკაცია და დიალოგია. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. დიალოგით უნდა გადაწყდეს ის საკითხები, რაც არის საერთო და რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა მოხდეს აუცილებლად იმით, რომ წამოწეული იყოს ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესები, ის, თუ რა დაკვეთა ჰქონდა ამომრჩეველს იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომელსაც მხარი დაუჭირა არჩევნებზე. შესაბამისად, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს უნდა იყოს გამოსავლის ძიების ფორმატი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მისი დასავლური კურსის სასარგებლოდ.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო