გია ხუხაშვილი - ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს - გუშინდელი დღე უფრო ოპოზიციის დამარცხებად გაფორმდა, ვიდრე გამარჯვებად

საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს, როდესაც უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლების და მათ შორის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს და ხელისუფლებას აძლევს შანსს, პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას.

„ვფიქრობ, შიგნით საკმაოდ სერიოზული საუბრები მიდის, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და სხვა საარჩევნო პრობლემებზე. გამომდინარე იმ ინსტრუმენტიდან, რაც პროცესებზე დაკვირვებისთვის ევროკავშირს აქვს, ისინი მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებენ მიმდინარე პროცესს. ხელისუფლებას აძლევენ გარკვეულ შანსს იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას. ასეთი ავანსი მათი მხრიდან გაცემულია. კონკრეტულად რა ხდება, გამიჭირდება ამის თქმა, ალბათ, ეს დანიელსონის შეთახმების საბოლოო ფორმულაში გამოჩნდება და კულისური დიალოგის შედეგები აისახება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ის „თბილისში ჩაბუდებულ უკომპრომისო ქორებს ხარკს უხდის“.

„ღარიბაშვილი გარკვეულწილად ხარკს უხდის ისევ თბილისში ჩაბუდებულ უკომპრომისო ქორებს და მისი განცადებები გასაგებია. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არც შეიცვალოს. ოპოზიციას ჰქონდა უფრო მაჟორული მოლოდინები და ეს არ გამართლდა. ოპოზიცას არ ესმის მარტივი რამ, რომ ბრიუსელი უპირობოდ მხარე ვერ გახდება. რატომღაც ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი გახდებოდა მხარე, უარყოფდა თავისივე სადამკვირვებლო ინსტიტუტების დასკვნას და ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს. არ შეიძლება ეს მომხდარიყო, ეს იყო ილუზია. შექმნეს მოლოდნები, რაც არ გამართლდა. გუშინდელი დღე გაფორმდა ოპოზიციის უფრო დამარცხებად, ვიდრე გამარჯვებად. საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს. როდესაც მას უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია. წარმოადგინეს რამე, გარდა რწმენისა, რომ არჩევნები გაყალბდა? არ იმუშავეს საერთოდ იმაზე, რომ კომპეტენტური საბრალდებო დასკვნა დაედო არჩევნებთან დაკავშირებით. სიტყვაზე ნდობის დონეზე დარჩა ოპოზიცია და ეს დრო ფუჭად დაკარგა. ასე რომ, ყველაფერი კანონზომიერად ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს პრობლემები და თან სერიოზული. დანარჩენს დანიელსონის საბოლოო შეთავაზებაში ვიხილავთ, რა ხდებოდა რეალურად კულისებს მიღმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მასზე არაა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. „ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“,- აცხადებს ბორელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა