ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2021

სათაურით რა დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს და შეიცვალა თუ არა რამე 18-ში - უსასრულოდ გაწელილი მოლაპარაკების დეტალები

“ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს - სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით”

ანტივაქცინური ისტერია საქართველოში - რა გავლენას მოახდენს აცრების პროცესზე ახალციხის შემთხვევა

* * *

სათაურით რა დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს და შეიცვალა თუ არა რამე 18-ში - უსასრულოდ გაწელილი მოლაპარაკების დეტალები

“კრისტიან დანიელსონის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის მომზადებული შეთავაზება გულისხმობს ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სწორედ შეთანხმების ეს ვერსია იდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს, თუმცა, ამ მხრივ ხუთშაბათს შეიცვალა თუ არა რამე, გაურკვეველია. “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მედიატორების მონაწილეობით ხუთშაბათს გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეთანხმების პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია, თუმცა უშუალოდ შეხვედრის წინ ორივე მხარის წარმომადგენლები ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს და შეიცვალა თუ არა რამე 18-ში - უსასრულოდ გაწელილი მოლაპარაკების დეტალები.

“17 მარტს გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა “ლეიბორისტთა” ლიდერმა შალვაა ნათელაშვილმა. იგი ხუთშაბათს გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა საღამოს მოლაპარაკების მნიშვნელოვანი დეტალები გაამჟღავნა. “გუშინ ჩამოარიგეს ის დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. პირდაპირ ეწერა პრეამბულაში და ბოლოში მთლად საოცარი ამბავი ეწერა - რომ, პარლამეტში რომ შევალთ, ოპოზიციას ეყოლება ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე და ორი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის ერთი ევროკავშირში. ამაზეც თალაკვაძე მერე აწუწუნდა - ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენო რა ვუთხრა იმათ თანამდებობიდან რატომ ვყრიო”," - განაცხადა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მზად აქვთ შეთანხმების ისეთი პროექტი, რომელიც ოპოზიციას “სახის შენარჩუნების” საშალებას მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ გვაქვს შეთავაზებული ისეთი სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები, სადაც ოპოზიციის როლი ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათ ამ მოლაპარაკებების შემდგომ ის კი არ ისაუბრონ, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო, არა - მათ შეუნარჩუნდეთ სახე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც მიიღეს ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება და მმართველი პარტიაც იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალა”, - განაცხადა ოხანაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოლაპარაკებების მიმართ გაცილებით კონსტრუქციულად არის განწყობილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“უმაღლეს დონეზეა ჩართული ევროკავშირი, შეერთებული შტატებიც და დარწმუნებული ვარ, ეს დადებითად დამთავრდება... მართალია, არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირად არ აწყობთ მოლაპარაკებები და მათი ყოველი განცხადება ჩაშლისკენ არის მიმართული. საღამოს ვნახეთ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც ჩვენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს უწოდა იდიოტი, პრაქტიკულად უწოდა ძაღლები. მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევადაროთ ქართული ანდაზა “კოკასა შიდა რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების”, - განაცხადა სუბარმა. ამის პარალელურად “ოცნებაში” ასევე აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ან ამ თემაზე პლებისციტის გამართვა მათთვის კვლავაც მიუღებელია. “პლებისციტს აბსურდად განვიხილავთ. საჯარო მსჯელობისას ვამბობდით, რომ არ შეიძლება, უმიზეზო რიგგარეშე არჩევნები ვინმეს ინტერესში იყოს. რაც შეეხება მიზეზს, ყველაზე კარგი და ჩვენი ოპონენტების სასარგებლო წინადადება ჩვენ გავაკეთეთ და დროებითი საგამოძიებო კომისია შევქმენით”, - ამის შესახებ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ხუთშაბათის შეხვედრის წინ პესიმისტურად იყო განწყობილი”, - დასძენს გამოცემა.

“რიტორიკა ძალიან აგრესიულია და ბუნებრივია მოლაპარაკებას არ უწყობს ხელს. მე, ჯერჯერობით, მათში ვერ ვხედავ ხედვას იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი ქვეყანა მძიმე კრიზისიდან გამოიყვანონ...” - განაცხადა მინაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ საქმე ხუთშაბათის შეხვედრით არ გადაწყდება და შესაძლოა მომდევნო შეხვედრებიც გახდეს საჭირო. “ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთანხმებით, რადგან დღეს არის სამუშაო პროცესის მომდევნო ფაზა. ვფიქრობ, რომ ხვალაც ალბათ, იქნება შეხვედრა, ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება. დანიელსონი ხვალ მიდის, მაგრამ, როგორც ვიცი, გვიან მიდის. ამაზე ჩამოვყალიბდებით, დღესვე დამთავრდება თუ ხვალ. ჩემი აზრით, დღესვე ვერ მოესწრება ყველა ამ საკითხის განხილვა, რადგან ბევრი საკითხია დარჩენილი”, - განაცხადა ვაშაძემ. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიცია ორად გაიყოფა - ნაწილი პარლამენტში შევა და ნაწილი კი კარვებში დარჩება”, - წერს სტატიის ავტორი.

“მგონია, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით ბზარი გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯების გადადგმა ღირს. ალბათ შემთხვევითი არაა ელისაშვილის მიერ გამოტანილი ამბავი იმის თაობაზე, რომ დეგნანს ჰქონდაო რეაქცია პირველ შეხვედრაზე, როდესაც ოპოზიციონერებს გამოუცხადა, რომ “რუსეთის საქმეს აკეთებთო?” დაახლოებით იგივე, რაც ახლა ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა. ესაა ევროპელების ასეთი ინტენსიური მონაწილეობის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი, რომ მათ არ უნდათ, რომ რუსეთს საყრდენი შეუქმნან. ნახეს, რომ რუსეთი საქართველოში გავლენისთვის საკმაოდ ენერგიულად იბრძვის, რათა საქართველოში მდგომარეობა ისეთი გახადოს, რომ უცხოელებისთვის მიუღებელი გახდეს. ჩვეულებრივი წესით უცხოელებს საქართველოზე უარს ვერ ათქმევინებს, ამიტომ ცდილობს, რომ ისეთი არეულობა დამკვიდრდეს, რომ უცხოელებმა თვითონვე თქვან უარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“თუკი პარტიები ვერ მოილაპარაკებენ, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა - ქუჩებში კარვები და ა.შ. - დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება. ამ მდგომარეობას ქმნიან ახლა ისინი, ვინც ამ კარვებით ცდილობს, რომ პოლიტიკა შექმნას. სამადაშვილი მიხვდა და იმისი მტკიცება დაიწყო, რომ ჩვენ ვადამდელი იმიტომ კი არ გვინდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ იმიტომ, რომ ეს კრიზისის დაძლევის საშუალებააო. აქ ძაღლის თავი იმაშია დამარხული, რომ ადრე ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდაო, ახლა კი მიხვდნენ, რომ არჩევნების გაყალბება არგუმენტი არაა, წამგებიანია და ვადამდელის დანიშვნას განიხილავენ, როგორც კრიზისის მოწესრიგების გზას. შესაძლოა ოპოზიცია ორად გაიყოს, უკვე სხვადასხვანაირი დინებები ჩანს”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“მისი შეფასებით, ოპოზიციის პარლამენტში თუნდაც ნაწილობრივ შესვლას იმ შემთხვევაშიც ექნება აზრი, თუ ამით საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 113 დეპუტატი მაინც ვერ შეგროვდა. მან ანრი ოხანაშვილის განცხადებაზეც ისაუბრა: “შეიძლება ასეთი სახის შესანარჩუნებელი საშუალება პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება აღმოჩნდეს, ბევრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტთან ასეთი გახშირებული სტუმრობა ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ სწორედ შეწყალების თემაზეა ლაპარაკი, ეს ვერსიები და ჭორებია, რამდენად რეალურია არ ვიცი... არ შეიძლება, ხელისუფლებამ იზრუნოს იმაზე, რომ ევროპელების თვალში კარგად გამოიყურებოდეს და საკუთარი ამომრჩევლების თვალში არა, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა მომავალში არჩევნები წააგოს, თუ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ნაბიჯები კანონითაა ნაკარნახევი და არა ვინმეს მიმართ შიშით, მშიშარა ხელისუფლება ხალხს არ უყვარს”, - განაცხადა საყვარელიძემ. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი, პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა რთულია, თუმცა, როცა გარკვეულ პროგრესზეა საუბარი, შესაძლოა ეს ვადამდელი არჩევნებიც იყოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ყველა შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან დღეს „ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლებისციტი სისულელეა, მაგრამ თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნება, შეთანხმება ვერ მიიღწევა. მეორეს მხრივ, როდესაც გარკვეულ პროგრესზე საუბრობენ, შესაძლებელია ხელისუფლებას მოუწიოს რაღაც დათმობაზე წასვლა და შეთანხმება შედგეს იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს, თუმცა აქ კონკრეტულ პერიოდზეა ალბათ საუბარი - 2021, 2022 თუ 2023 წელს. შეთანხმება ვადამდელ არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შესაძლებელია დოკუმენტში განთავისუფლების საკითხი უშუალოდ ასახული არ იყოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პროკურატურაზე და სასამართლოზე უშუალოდ ზემოქმედებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ როგორც უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, პრეზიდენტმა დადგენილება მიიღოს და რურუა გაათავისულოს. მელას შემთხვევაშიც შეიძლება რაღაც მექანიზმი გამოიძებნოს, მაგრამ იქ გირაოს თანხაა გადასახდელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუ ვადამდელ არჩევნებზე არ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის ნაწილი შევიდეს პარლამენტში და ნაწილი - არა. თუმცა მე მაინც დიდი ალბათობით უფრო ვპროგნოზირებ იმას, რომ ოპოზიცია ერთიანიბას შეინარჩუნებს, რადგან თვითონ ოპოზიციურ პარტიებშიც არსებობს რაღაც ფარული კონკურენცია, თუ ვინ უფრო მეტად წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ოპოზიციას. თუ რომელიმე პარტია შესვლაზე თანხმობას განაცხადებს, ის შესაძლოა ოპოზიციის ძირითადი და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდეს, როგორც “მოქალაქეები” გახდნენ. თუმცა არაფერია გამორიცხული. თუ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში არ შევა, დანარჩენი ოპოზიციის შესვლას აზრი არ ექნება იმიტომ, რომ მინიმუმ 113 ხმა არის საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, პლიუს კრიტიკის ობიექტები გახდებიან. რაც შეეხება ოხანაშვილის განცხადებას და სახის შენარჩუნებაზე საუბარს, ეს პოლიტიკური თამაშია. ოპოზიციაც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სახე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნება, თუნდაც 2023 წელს, ოპოზიცია პარლამენტში დიდი ალბათობით არ შევა”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს - სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით”

“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელ დიპლომატებზე გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შიშით სხნის. მისი აზრით, სააკაშვილს არ სურს, რომ ამ განცხადების გავლენით “ნაციონალურ მოძრაობაში” გარკვეული გადაადგილებები დაიწყოს. სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დასავლელი დიპლომატების მოსაზრება, რომ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ ჩრდილოვანი აქტორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩრდილოვანი მმართველობა და შესაძლო გადაჯგუფება “ნაცმოძრაობაში” - რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი დასავლეთს.

“ყველა ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას, ამორალური და იდიოტია”, - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებას, რომ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ ჩრდილოვანი აქტორები. “ევროპული სტანდარტია, რომ ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკოსები პოლიტიკიადნ გადიან, მაგრამ ამ კუთხით არ ყოფილა ევროპელ პოლიტიკოსთა მოწოდება”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განმარტებით, “ამ შემთხვევაში დასავლეთი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის ჩრდილოვანი მმართველობა და დიპლომატიურ ენაზე მოუწოდებენ ჩრდილოვან აქტორებს ჩამოშორდნენ პროცესებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თანაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს ისიც, რომ სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული მეთოდებით. დასავლეთმა ისიც დაინახა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რადიკალური გზა. ამიტომ შიშობს სააკაშვილი, რომ თუ ევროპიდან გაგრძელდა ასეთი მინიშნებები, მის გუნდში გადაჯგუფებები არ მოხდეს. აქედან მოდის მისი ასეთი მკვეთრი რეაქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ანტივაქცინური ისტერია საქართველოში - რა გავლენას მოახდენს აცრების პროცესზე ახალციხის შემთხვევა

“ხუთშაბათს ახალიციხეში დაფიქსირებულმა შემთხვევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობა ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროში გვიანობამდე მიმდინარეობდა მსჯელობა, შეეჩერებინათ თუ არა დროებით ვაქცინაციის პროცესი. ხელისუფლების წარმომადგენლები კი უკვე ღიად აღიარებენ, რომ აცრის საჭიროებაში მოსახლეობის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ხუთშაბათს ახალციხეში კლინიკა “იმედის” ექთანი მეგი ბაქრაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ დაახლოებით 30 წუთში ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მას არანაირი თანმდევი დაავადება არ ჰქონდა და აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს. ამჟამად ახალციხელი ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. სპეციალისტთა დასკვნით, მას ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, რაც მასობრივი ვაქცინაციის დროს უკიდურესად იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ანტივაქცინური ისტერია საქართველოში - რა გავლენას მოახდენს აცრების პროცესზე ახალციხის შემთხვევა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მომხდარი შეაფასა, როგორც საქართველოში ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებული პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია. ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია”, - განაცხადა გამყრელიძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვენლოვანი იქნება საექსპერტო დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მდგომარეობის ასე გართულება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ორი დღეა ვაქცინაცია დავიწყეთ, ვაქცინაციის მიმართ ნდობა საზოგადოებაში და სამედიცინო პერსონალში ისედაც მაღალი არ იყო. საზოგადოებასთან კიდვ ერთხელ მოგვიწევს საფუძვლიანი მსჯელობა ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ეპიდემიასთან დაკავშირებით სასიცოცხლო რისკები დავძლიოთ ვაქცინის საშუალებით”, - აცხადებს თამარ გაბუნია და პარალელს ავლებს ბრიტანეთთან, სადაც 5 მილიონი ადამიანის აცრის შედეგად ანალოგიური გვერდითი ეფექტი 41 შემთხვევაში განვითარდა. როგორც “რეზონანსთან” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თამჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, ახლა განსაკუთრებით მნიშნელოვანია მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს პირველი შემთხვევაა და 3 ათასზე მეტ ჩატარებული აცრიდანი სერიოზული გართულებები არ ყოფილა. უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. ჯერ არ ვიცით იყო თუ არა ეს ალეგიული რეაქცია, რომელიც ინექციიდან 30 წუთში ფიქსირდება. იმედი მაქვს, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. დღეის მონაცმებით 380 მილიონეზე მეტს ადამიანს აქვს აცრა ჩატარებული მსოფლიოს მასშტაბით და არც ერთი სიკვდილით არ დასრულებულა”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლადო კახაძის თქმით კი, ყველა წამალს და ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლნების ეფექტი, ეს არის რისკი, მაგრამ კაცობრიობას სხვა გზა არ აქვს, რომ დაამარცხოს კოვიდი. “რა თქმა უნდა, ვაქცინის მნიშვნელობასთან დაავშირებით იქნება აზრთა სხვადასხვაობა ვაქცინის მომხრეებსა და მროწინააღმდეგებს შორის, რასაც ყოველთვის გამოიყენებენ პოლიტიკოსები. მაგრამ ადამიანებს სიცოცხლეს არ უნარჩუნებენ პოლიტიკოსები”, - განაცხადა კახაძემ”, - დასძენს გამოცემა.

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა კი თავის „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასიური ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია. “1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას. 2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი. 3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები. 4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი. 5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას. 6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს. 7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს”, - აცხადებს გურული”, - წერს სტატიის ავტორი.

“ხუთშაბათს საღამოს, ჯანდაცვის სამინისტროში ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის პროცესი არსებული გეგმით გაგრძელდება. “ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს “ასტრაზენეკას” მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. გასულ კვირას ნორვეგიაში დაფისირებული მსგავსი გვერდითი ეფექტების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ დროებით დროებით შეაჩერა “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები და “ევროპის წამლების სააგენტოს” დასკვნას ელოდებოდნენ. სააგენტომ სწორედ ხუთშაბათს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა “უსაფრთხო და ეფექტურია” და ხსენებული ქვეყნები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განაახლებენ ამ ვაქცინით აცრებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა