ჯორჯ კენტმა უპასუხა სენატორ ჯიმ რიშის კითხვას, განიხილავს თუ არა ამერიკული მხარე საქართველოსთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიცემისთვის გარკვეული პირობების დაწესებას

ეს არის საერთო პასუხისმგებლობა კონგრესმენების - ორივე პალატის, ორივეს პარტიის, ისევე როგორც ადმინისტრაციის, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს სჭირდება წარმატებისთვის ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან უპასუხა სენატორ რიშის კითხვას, განიხილავს თუ არა ამერიკული მხარე საქართველოსთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მიცემისთვის გარკვეული პირობების დაწესებას, როგოც ეს ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გააკეთა, საქართველოსთვის გასაცემი დახმარების სანაცვლოდ.

„თქვენ და თქვენმა კოლეგებმა გასულ წელს დაუწესეთ გარკვეული ლიმიტირებული პირობები საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარების ნაწილს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ავუხსენით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ ეს იყვნენ საქართველოს მეგობრები, ვისაც სურდათ, ქვეყანას წარმატებისთვის მიეღწია. კონკრეტული ასიგნატორები უკიდურესად გულუხვები იყვნენ და დახმარება საქართველოს უკვე წლებია მიეწოდება. ვფიქრობ, რომ დახმარებაზე პირობის დაწესების საკითხი სხვა გარემოებებშიც განგვიხილავს, მაგალითად მისი დაწესება მოხდა უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილ დახმარებაზე. ასე რომ, უნდა განვიხილოთ ის თუ რისთვის არის განსაზღვრული ასიგნებები, ისევე როგორც პირობითობა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა კონგრესმენების - ორივე პალატის ორივეს პარტიის, ისევე როგორც ადმინისტრაციის, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს სჭირდება წარმატებისთვის", - აღნიშნა კენტმა.

სენატორ რიშის მიერ დასმულ კითხვას კარა მაკდონალდსმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის აფასებს იმას, თუ როგორ შეიძლება მის მიერ გაწეული დახმარება უფრო ეფექტიანი იყოს, რადგან არ შეიძლება, რომ განხილული რეფორმები საქართველოზე მეტად ამერიკაში სურდეთ.

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი დახმარება უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ. რეფორმები, რომლებზეც ვისაუბრეთ, არ შეიძლება ჩვენ უფრო გვინდოდეს, ვიდრე მათ. ისინი უნდა იყვნენ ამის მიმართ ვალდებულნი. ვფიქრობ, რომ დიალოგზე და ჩიხიდან გამოსვლაზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ უნდა განვიხილავდეთ ყველა მიდგომას და მუდმივად ვაფასებდეთ, რომელი მიდგომა და ინსტრუმენტი დაგვეხმარება“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა