შსს-ს ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც, თითქოს დავით გარეჯში აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადება და ფოტო, სადაც მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში აზერბაიჯანელი სტუდენტები ექსკურსიებზე დადიან. შსს-ის ინფორმაციით, ბრეგაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალშია გადაღებული.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით. სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. „ამ ახალ ფოტოზე - აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად - ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია“,- წერს სანდრო ბრეგაძე. „ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსს“. სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში ფოტო და შემდეგი შინარსის წარწერა გამოაქვეყნა: „უნდა დავიძრათ დავით გარეჯში. დავით გარეჯი გაყიდულია. უიარაღოდ, შიშველი ხელებით-ლოცვით გადავკვეთოთ საოკუპაციო ხაზი და დავიკავოთ ქართული ტაძრები. ვისაც გეშინიათ ან გეზარებათ იძინეთ და დატკბით მუცლების ამოვსებით. ამ ახალ ფოტოზე-აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში. ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად-ჩვენი ხელისუფლება დუმს და ძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს,ერი ვალდებულია თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია“,- წერს ბრეგაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს