ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2021

“აშშ და ევროპა მტყუან-მართლის გარჩევას არ ცდილობს, მიანიშნებენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით მხოლოდ რუსეთი იხეირებს” - ძაბირაძე

რა გველის, თუ ვაქცინაცია ჩავარდება - “რამდენიმე წელი შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს”

კომენდანტის საათის გადაწევა აღარ მოხდება - ბიზნესი და ხალხი შემსუბუქებას ტყუილად ელოდება!

* * *

“აშშ და ევროპა მტყუან-მართლის გარჩევას არ ცდილობს, მიანიშნებენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით მხოლოდ რუსეთი იხეირებს” - ძაბირაძე

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს სენატში გაკეთებული განცხადებები, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებისგან დიდად არ განსხვავდება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ როგორც დასავლეთი, ასევე ამერიკა მიიჩნევს, რომ ის რაც საქართველოში ხდება, რუსული სცენარით თამაშია. ამიტომაც მათ აქ მტყუან-მართალი არ აინტერესებთ. მათთვის მთავარი ის არის, როგორია პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ. ამიტომაც გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მათთვის ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა იყოს და რუსეთს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება არ მიეცეს. შესაბამისად, ამერიკაც და ევროპაც ორივე მხარეს პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აშშ და ევროპა მტყუან-მართლის გარჩევას არ ცდილობს, მიანიშნებენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით მხოლოდ რუსეთი იხეირებს” - ძაბირაძე.

“როგორც ველოდით, სენატში განხილვის ძირითადი დოკუმენტი ეუთო/ოდირის დასკვნა იყო. ამიტომაც მოულოდნელი ამ მხრივ არაფერი ყოფილა. საბოლოო ჯამში რაც ვნახეთ, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. აქ მაინც ორივე მხარის, როგორც ოპოზიციის ასევე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს. ეს კი ბევრ რამეზე თვალს გვიხელს და ბევრი რამ დაზუსტდა. ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ რუსული ნარატივია, როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს და ისიც, როდესაც პარლამენტში სავარძლები ცარიელია. რა თქმა უნდა, აქ არც ევროპა და არც ამერიკა მტყუან-მართლის გარჩევას არ ცდილობს. ამიტომაც ევროპაც და ამერიკაც რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ საერთოდ ენა გამონახონ. იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ვითარება შეიცვალა, ხოლო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება გამწვავდა, იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში მიმდინარე სიტუაციით რუსეთის გარდა ვერავინ იხეირებს. ეს არის დიდი განსხვავება და ამაზე გველაპარაკებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კი ბატონო, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება იმას იგებს, რაც მათ უნდათ. იღებენ საუბრის იმ ნაწილებს, სადაც ოპოზიციაზე ლაპარაკი ან ხელისუფლებაზე. არადა ამერიკელი სენატორები პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაზე ორივე მხარეს თანაბრად აკისრებენ. ოპოზიცია ვერ ხედავს იმას, რომ არც ევროპა და არც ამერიკა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ ლაპარაკობენ, აქ საუბარი მთლიან პოლიტიკურ სპექტრზეა. იმაზე მეტი რაღა უნდა თქვან, როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ნიკა მელიამ კანონი დაარღვია, როდესაც სამაჯური მოიხსნა. მერე აგრძელებს, რომ კანონი და სამართალი ყველასთვის უზენაესია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ისინი კონკრეტულ რეცეპტს არ დებენ. ჩვენ კონკრეტული რაღაცა გვინდა, რომ რაღაცა შეთანხმება მოხდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმება არ შეუძლიათ. ასეთი დიპლომატიური და დელიკატური ენა ჩვენ არ გვესმის. პირდაპირ და ხისტად უნდა გვითხრან, რას ვაკეთებთ და რას არა. არც ევროპა და არც ამერიკა ხელს არასდროს ჩაიქნევს და ბოლომდე ეცდებიან შეთანხმება მოხდეს. მათ გაცილებით უკეთესი წარმოდგენა აქვთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტზე, ვიდრე რეალურად არიან. ჩვენ ვიცით აქ რა ხდება და რა დინებებიც მიდის. ამერიკელი აქ 20 წელი რომ ცხოვრობდეს, მაინც ვერ მიხვდება. მენტალურად ვერ ვიცვლებით, უბრალოდ მხოლოდ რაღაცებს სახელები გადავარქვით. ამერიკაც და ევროპაც ვერ ხვდება, თუ კი არგუმენტები არსებობს, შეთანხმება რატომ ვერ უნდა მოხდეს. ამიტომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მუდმივად შეეცდება საკუთარი ინტერესებისთვის გაქაჩოს. ქვეყნის გარეთ, სამართლიანობას კი არ არკვევენ, უბრალოდ მოკავშირეს ეძებენ”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუსტად რაზე საუბრობენ, დანიელსონი რას ელაპარაკება და მხარეებს რაზე ვერ ათანხმებს. თუ იგივე ფორმატში დიალოგი გაგრძელდება, ისევ იმ სურათს მივიღებთ. საჯაროდ მაგიდაზე უნდა დაიდოს ვინ რაზე არის თანახმა და ვინ რაზე არ არის. ასეთი გასაჯაროება იმას მოიტანს, რომ ქუჩაში პროვოცირების და დაპირისპირების საფრთხე არ იქნება. ხალხის ზეწოლა იმ პოლიტიკურ ძალაზე წავა, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდის. ხდება ხოლმე ისე, რომ როდესაც ხალხის დიდი მასა ქუჩაში იკრიბება, სიტუაციის კონტროლი ჭირს. ვნახეთ ასეთი სცენარები უკვე და ეს არავის აღარ უნდა. ხალხი მოედავება რატომ ვერ თანხმდებიან და რა არის ამის რელური მიზეზი. ქართული საზოგადოება უნდა მიხვდეს მოლაპარაკებას ვინ შლის”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ევროპაც და ამერიკაც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება რატომ უნდა დასთანხმდეს. პლუს ამას ოპოზიციას ხალხი ჯერ ქუჩაში ვერ გამოჰყავს...” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, დასავლეთი აღიარებს არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა დიპლომატიური ენით ამბობენ და ჩვენ ეს არ გვესმის. შეჩვეულები ვართ, რომ პირდაპირ შუბლში უნდა გვატაკონ. ღიად უნდა გვითხრან, რომ კი მელიამ კანონი დაარღვია, მაგრამ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისი უნდა მოინახოს და გათავისუფლდეს. პირდაპირ უნდა თქვან, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნია და ვსიო, იქვე ყველაფერი მორჩება. ასე ვწვალობთ ჩვენც და ისინიც. სამწუხაროდ, სხვანაირად უნდა გველაპარაკონ. სირცხვილია, რომ ორი პარტია ერთმანეთს ვერ დალაპარაკებია და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ თანხმდებიან. არადა მორალური უფლება არც ერთს არა აქვს ერთმანეთს რამე დააბრალონ!”

რა გველის, თუ ვაქცინაცია ჩავარდება - “რამდენიმე წელი შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს”

“ქვეყანაში ვაქცინაცინისადმი უპრენცენდენტო პასიურობაა, რის გამოც სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თუ სურათი არ შეიცვალა, შესაძლოა პროცესი საყოველთაო გახდეს. სადღეისოდ ჯანდაცვის სფეროს მხოლოდ 4000-ზე ოდნავ მეტი წარმომადგენელია აცრილი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პასიურობა ასე გაგრძელდა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა გველის, თუ ვაქცინაცია ჩავარდება - “რამდენიმე წელი შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს”.

“ორი საბჭოა - ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე - იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არც ერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს”, - განაცხადა ცერცვაძემ. მისივე თქმით, თუ ყველა “ფაიზერს” აირჩევს, ვაქცინა სწრაფად ამოიწურება და დანარჩენი მოსახლეობა მაინც იძულებული გახდება “ასტრაზენეკას” ან ჩინური ვაქცინით აიცრას. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ საყოველთაო ვაქცინაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან მედიკოსების დაბალი ატივობა დიდი ალბათობით სხვა ჯგუფებზეც იმოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მე ვერ ვხედავ იმას, რომ ვაქცინაცია თუ საყოველთაო გახდება, ეს რაიმეს შეცვლის, იმიტომ, რომ თუ სამედიცინო პერსონალში აქტივობა არაა, შესაძლოა სხვა ჯგუფებში შესაბამისად უფრო დაბალიც იყოს, ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება გაღრმავდეს და ვისაც ეს ეხება, შესაბამისი ორგანოები გააქტიურდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წავიდეს. საყოველთაო ვაქცინაცია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, კი რამდენიმე ადამიანი აიცრება, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60%-მდე ვაქცინირებული გვეყოლება, თუ ჩვენ საყოველთაო ვაქცინაციას გამოვაცხადებთ, ეს ვაქცინირებულების მოჩვენებითი გაზრდა იქნება, ამიტომ, ჯერ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდების კამპანია გააქტიურდეს, ვიდრე საყოველთაო დაიწყოს... ჩავარდნილი ვაქცინაცია რა თქმა უნდა რისკებს გაზრდის იმის, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. ვაქცინაციის გარეშე კი ძალიან დიდი ხანი რამდენიმე წელიწადიც კი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპება და ასევე შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს. ამიტომ, უმჯობესია, რომ ორიენტირი ვაქცინაციის გააქტიურებაზე ავიღოთ და უფრო მეტად ჩაერთვნენ ის სტრუქტურები, ვისაც ეს ეხება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ოთხშაბათის მონაცემებით ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ხუთი ასეულის ფარგლებშია. ცერცვაძე ამბობს, რომ ან ვაქცინაციის და პირბადეების გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს “ლოკდაუნების” შემოღება. “მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე - ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან-მეორე. ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და “ლოკდაუნების” შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს”, -აცხადებს ცერცვაძე. მისივე თქმით, საქართველოში ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა”, - დასძენს გამოცემა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა. რამდენადაც განაცხადა სამინისტრომ, გამზადებულია ხელშეკრულება, მაგრამ არ შემოვა, ვიდრე მკაცრი მარეგულირებელი, ჯანმოს ან ევროპის მედიკამენტების სააგენტო მას არ მისცემს ავოტორიზაციას, რომ ის ეფექტურია და უსაფრთხო. ამის შემდეგ რომ შემოვა, ის არ გამოიწვევს ნეგატიურ გავლენებს. ადამიანი მიეჩვია იმას, რომ საქართველო მომხმარებელს სთავაზობს არჩევანს, 2 საუკეთესო ვაქცინა სახეზეა - “ასტრაზენეკა” და “ფაიზერი”, ჩინურიც დაემატება, რომელსაც მსოფლიოში ბევრი უკეთესად თვლის. პოლიტიკური მოსაზრებით, რა თქმა უნდა, რუსულ ვაქცინას ხელს არ ვახლებთ, გერმანია ყიდულობს რუსულ ვაქცინას, ასე რომ ასეთი ცალსახა წინაწარი შეფასებები სწორი არ არის. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ავტორიზაცია და საერთაშორისო აღიარება ექნება ჩინურ ვაქცინას ბაზარზე, არჩევანის საშუალება იქნება. ვიცი, რამდენიმე ძალიან გავლენიანი და შეძლებული ადამიანი, რომლებმაც არ ისურვეს “ასტრაზენეკა” და “ფაიზერი”, წავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრნენ”, - აცხადებს ცერცვაძე და დასძენს, რომ ვაცქინაციისადმი სკეპტიციზმი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, ანტივაქსერებით და ახალციხეში მომხდარმა ფაქტით. ამბობს, რომ შესაძლოა, იმის გამოც, რომ აქტიური პიარ კამპანია არ იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

კომენდანტის საათის გადაწევა აღარ მოხდება - ბიზნესი და ხალხი შემსუბუქებას ტყუილად ელოდება!

“კომენდანტის საათი არსებული სახით ქვეყანაში კიდევ გაგრძელდება და მისი მოხსნა ან თუნდაც შემსუბუქება უახლოეს პერიოდში არც მოხდება. მეტიც, ქვეყანა შესაძლოა, მორიგი ჩაკეტვის წინაშე აღმოჩნდეს. მოსახლეობას დარჩენილი რეგულაციების შემსუბუქების ნაცვლად, დიდი ალბათობით, ახალი ლოქდაუნი ელის. მთავრობა და ეპიდემიოლოგები უკვე ერთხმად საუბრობენ მესამე ტალღის ნიშნებზე. ასეთ შემთხვევაში კომენდანტის საათის გადაწევაზეც საუბარიც კი ზედმეტია, რომელსაც უკვე ბიზნესი და მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს. ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზე, ამიტომ ამ ეტაპზე გადაადგილების შემსუბუქებაზე საუბარი ზედმეტია. ჯერ კიდევ ძალაში დარჩენილ შეზღუდვებს შესაძლოა, რაღაც ახლო პერიოდში დამატებითი რეგულაციები დაემატოს, რასაც არც ჯანდაცვის მინისტრი და არც ინფექციონისტები არ გამორიცხავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კომენდანტის საათის გადაწევა აღარ მოხდება - ბიზნესი და ხალხი შემსუბუქებას ტყუილად ელოდება! / მესამე ტალღაზე საუბარი იმდენად ინტინსიურად დაიწყო, რომ გადაადგილების შემსუბუქებაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

“მეტიც, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს სამი რეგიონი, რომელიც, შესაძლოა, “წითელ ზონად”გამოცხადდეს. “ესაა გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ამ დრომდე არსებული შეზღუდვები ჯერ არ მოიხსნება, პირიქით მისი გამკაცრების საშიშროება დგას. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიუხედავად ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, აუცილებელია, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესი. რადგანაც ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინშია, გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება აღარ განიხილება. როგორც პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ “რეზონანსს” დაუდასტურა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევში, მთავრობა იძულებული იქნება რეგულაციები, პირიქით, გაამკაცროს კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქტიურად მიდის მსჯელობა მესამე ტალღასთან და ასევე, გარვეულ შტამებთან (სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული, ბრაზილუირი) დაკავშირებით. ერთი წამითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. საჭიროა დისტანცია, ხელის დაბანა და ნიღაბი. როდესაც წარმატებებს ვაღწევდით, ეს დაკავშირებული იყო დისციპლინასთან, ხოლო როდესაც მოვდუნდებოდით, იმწამსვე იძაბებოდა ვითარება და წამოიჭრებოდა პანდემიის უარყოფითი შედეგი. ახლაც თხოვნა გვაქვს, რომ მოსახლეობამ წესები დაიცვას, ატაროს ნიღაბი, რომელიც 70%-ზე იყო და 42%-ზე ჩამოვიდა. ჩვენ კი არა დედამიწის მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს, რომ წარმატებას მივაღწიეთ, რადგან საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. როგორც კი ყურადღებას მოვადუნებთ, შესაძლოა ვითარება შემოტრიალდეს და იძულებული გავხდეთ რეგულაციები გავამკაცროთ. მეორე ტალღის დროს, ისეთი დიდი დარტყმა მივიღეთ, დღეში 5000 ინფიცირებული გვყავდა, მაგრამ სისტემამ გაუძლო და არ ჩამოიშალა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, პოსტპანდემიურ პერიოდზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ იყოს სუსტი ადგილი და მან ახალი ტალღა არ წარმოშვას. ჩვენ თუ ერთიანები ვიქნებით და ერთმანეთს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდევით, რასაკვირველია, შეიძლება, რეგულაციების შემსუბუქება მოხდეს კიდეც. დღეს უკვე პრაქტიკულად მოხსნილია ყველა შეზღუდვა, ერთადერთი ძალაში რჩება ღამით გადაადგილების აკრძალვა. ბოლო მონაცმები გვეუბნება, რომ ინფიცირებულთა ოდენობა იმატებს. მართალია გამოვლენის მაჩვენებელი 1.47%-ია, მაგრამ ეს მაინც გაფრთხილებას გვიწინასწარმეტყველებს, ამიტომ თხოვნა იქნება, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ”, - ამბობს კახაძე.

“კომენდანტის საათის ძალაში ამ ფორმით დატოვება პრობლემურია, პირველ რიგში, ბიზნესისთვის. კერძო სექტორი ისედაც დიდი ხანია ქუჩაში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის 2-3 საათით გადაწევას ითხოვს, თუმცა როგორც ირკვევა, მათი მოთხოვნა ჯერ ვერ დაკმაყოფილდება. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ამბობს, რომ გარკვეული დარგები მორიგ გაჩერებას ვეღარ გაუძლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზუსტად ვიცი, რომ იქნება კონკრეტული სექტორები, რომლებიც მორიგი შეზღუდვის შემდეგ ქვეყანაში უბრალოდ აღარ გვექნება. ასეთია სარესტორნო ბიზნესი, ტურისტული სექტორი, საცალო გაყიდვები, სადაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეუძლებელია გაყიდვის სასურველი ოდენობის მიღწევა. თუ პირობითად მაღაზიებმა ონლაინ გაყიდვებით გაყიდვების რაღაც პროცენტი შეინარჩუნეს, რესტორნებზე ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია და ვნახეთ კიდეც, რომ მათთვის ონლაინ შეკვეთებით პრაქტიკულად არაფერი არ არის... საღამოს 7-8 საათებში, ავტობუსებით მგზავრობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ტრანსპორტი ძალიან გადატვირთულია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ამ კუთხით რა უფრო მომგებიანია, კომენდანტი ერთი საათით გადაიწიოს და შესაბამისად, ტრანსპორტი განვტვირთოთ და ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსი გვქონდეს, თუ ასე გაგრძელდეს და ავტობუსები იყოს კორონავირუსის გავრცელების კერა?!”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე.

“ფაქტია, რომ ბოლო დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ვითარების გამწვავების შემთხვევაში კი, საგანგაშო ნიშნები გამოიკვეთება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუანიამ განაცხადა, თუ სიტუაციის სერიოზული ესკალაცია მოხდება, წერტილოვან შეზღუდვებზე და რეგულაციების გამკაცრებაზეც იქნება საუბარი. ახლა საქართველო მორიგი საფრთხის წინაშეა და ამაზე უკვე ხმამაღლა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების საუბრობენ. შესაბამისად, კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე აღარავინ ფიქრობს”, - დასძენს გამოცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა