დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველო განიცდის ურთულეს პერიოდს, ყველა ერთდროულად დაესხა თავს, ჭილყვავებივით. ეს არეულობა და პოლიტიკური კრიზისი, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი ნეგატივია და უარყოფითის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის; მეორე მხრივ კი, არის პირდაპირი ინდიკატორი, ჩვენი დასავლური ოჯახისკენ წინსვლისა.

ეს თანხვედრა, გარე და შიდა მტრებისა (თუმცა შიდა მტრებიც გარედან იმართებიან), არის სრულიად ლოგიკური და ამის შესახებ, არაერთხელ გამიკეთებია გამაფრთხილებელი განცხადებაც.

საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ამ ვაკჰანალიაში ჩათრეულია პრაქტიკულად ყველა.

მინდა მხარდაჭერა და სიამაყე გამოვთქვა იმ სეგმენტის მიმართ, რომელიც მხარე არ გახდა. ეს მხოლოდ „გრანდების“ ხვედრია.

რაც შეეხება ქვეყნის მტრების მთავარ ძარღვს, სააკაშვილ-ადეიშვილის მარიონეტებს, მათთვის ეს ის დღესასწაულია, რისთვისაც უკვე მრავალი წელი ემზადებიან.

აქაც მინდა, გავმიჯნო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ, სხვისთვის სასარგებლო თამაშში, უნებლიედ არიან ჩაყოლილები და ეჭვგარეშეა, რომ მათ გამოფხიზლებასაც დრო მოიტანს. იგივეს ვერ ვიტყვი იმ სრულიად გააზრებული დესტრუქციის მონაწილეებზე, რომლებისთვისაც ეს ბოლო გაბრძოლება, მათ წარმოსახვაში, ძველი მმართველობის და სიკეთეების დაბრუნებისთვის არის მიმართული.

მარიონეტების მთელი პლეადა, რომელიც ყოველთვის “ნაცმოძრაობის” მიმდევარი იყო, ერთმა ნაწილმა მოახერხა და შემდგომში 8 წელი, „ოცნების” მიმდევრად“ ასაღებდა თავს, რამაც რეალურად მათი სრული ლუსტრაცია მოახდინა. ალბათ ამაზე გაშიშვლებული და ლუსტრირებული არასდროს ყოფილან მავანნი.

ასევე, გადახედეთ, იმ ნაწილს, რომელიც დღეს არეულობამ ისევ წინა პლანზე წამოწია: გიგი უგულავა, კახა ოქრიაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, “ნაცმოძრაობის” მეორედ ამოსული ვარსკვლავები თავის დროს ელოდებიან.

ზემოთ ჩამოთვლილი ბატონები უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ ჩვენ მიმართ. მათ აუცილებლად მოუწევთ ამ შეურაცხყოფების მონანიება, მაგრამ შემდგომში ამას ფასი აღარ ექნება.

ასევე, მესამე ნაწილი, ჯალათთა მსახურნი, როგორიც არის, მაგალითად, კარგად ცნობილი მირდატ ქამადაძე, რომელიც ადეიშვილის პროკურატურის ხან პროკურორი, ხან ცრუ მოწმე და ხან ადვოკატი იყო. მისი მონაწილეობით უამრავი ბიზნესმენი და ბიზნესი შეიწირა იმ ხელისუფლებამ (მათ შორის იყო „სტერეო +“-ის შეწირვის მცდელობა). ასეთებიც თავის ჯერს ელოდებიან.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროული გამოფხიზლებაა საჭირო და ჯერაც ოპოზიციაში არსებული, ღირსეული ადამიანები, ნუ მოხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც ამათგან განცალკევების, გამიჯვნის აღარც მორალური უფლება და აღარც საშუალება აღარ ექნებათ.

გაიხსენეთ, როგორ დაამთავრა ნაცებთან ჩახუტება ბურჯანაძის და ჟვანიას სეგმენტმა.

კიდევ ერთხელ, ორად გავმიჯნავ ოპოზიციის დესტრუქციულ და საკუთარი მრწამსით მოქმედ ნაწილს. დღეს სასწორზე დევს არა დესტრუქტორებისთვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ხელისშეწყობა, არამედ საქართველოს რეალური დასავლური ბედი.

იმედი გვაქვს, ღირსეულად გადავლახავთ ქვეყნისთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდს, რომლის პიკიც შესაძლოა ჯერ არც დამდგარა“, - ნათქვამია ზილფიმიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს