ქართული პრესის მიმოხილვა 29.03.2021

რამაზ საყვარელიძე - “დადგება დრო, როცა “ოცნებისთვის” უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები...”

რა დაახვედრეს დანიელსონს “ოცნებამ” და ოპოზიციამ - შეთანხმების პერსპექტივა და ოპტიმისტური პროგნოზები

ლევან ბოძაშვილი - “პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შედეგი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება იქნება”

ვინ დაუჭერს ღიად მხარს “ოცნების” დეპუტატებიდან გახარიას ახლად შექმნილ პარტიას?

* * *

რამაზ საყვარელიძე - “დადგება დრო, როცა “ოცნებისთვის” უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები...”

“ვფიქრობ, ევროპელებიც და ამერიკელებიც შეცდომას უშვებენ, როცა ამხელა დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ იმ ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც კრიზისად ვერც განიხილება. ევროპელებმაც და ამერიკელებმაც თქვეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებულია რუსეთი - ეს მთელი მსოფლიოს გასაგონად ითქვა და როგორ ფიქრობთ, რუსეთში ეს ვერ გაიგონეს? მას შემდეგ, რაც ევროპელების მისიის პირველი ცდა ჩავარდა, რუსულ მასმედიაში ატყდა დიდი ზარ-ზეიმი, რუსმა ანალიტიკოსებმა ევროპელებს დაუწყეს ჭკუის სწავლება, როგორ წარმართონ მოლაპარაკება...”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დადგება დრო, როცა “ოცნებისთვის” უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები...”.

“ცხადია, რომ დანიელსონის პირველი უშედეგო ვიზიტი რუსეთში ძალიანაც მოეწონათ, ამის სათავისოდ გამოყენება სცადეს და ჯერჯერობით ამ პროცესში წარმატებასაც აღწევენ - საქართველოში ისევ დაძაბულობაა. ევროპული დიპლომატიის არაეფექტიანობის წარმოსაჩენად ამუშავებულია კრემლის პროპაგანდის მანქანა. ვფიქრობ, რუსეთი ახლა უფრო მეტად ეცდება, საქართველოში გაგრძელდეს ესკალაცია და დასავლური ისტებლიშმენტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს. ამხელა ხმაურის ატეხა ევროპასა თუ ამერიკაში, ჩემი აზრით, რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. მათ შეეძლოთ საერთოდ უყურადღებოდ დაეტოვებინათ ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესი, მოეხსნათ რადარებიდან ამ საკითხის აქტუალობა და ეს ვითარებაც ნელ-ნელა ჩაცხრებოდა. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირების სერიოზულად მიღება უკვე არასერიოზული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რაც საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური კრიზისი კლასიკური გაგებით. პოლიტიკური კრიზისია იმ შემთხვევაში, როცა ვერ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ჩვენთან კი მსგავსი პრობლემა არ არსებობს. რაც დღეს ხდება, არის პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთობაში წარმოქმნილი კრიზისი. ევროპელებიც და ამერიკელებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მისი შედეგებიც ლეგიტიმურია, ესე იგი ოპოზიციის ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა მხოლოდ ახირებაა და რატომ უნდა ხარჯავდნენ ჩვენი პარტნიორები ამდენ დროსა და ენერგიას მათი ახირების გამო, არ მესმის... თუ, როგორც ბოლო კვლევით ვნახეთ, 7%-ით მხარდაჭერილ ჯგუფს არ უნდა პარლამენტში შესვლა და მას ემატება დანარჩენი 7%-იანი ოპოზიცია, ეს რატომ უნდა იქცეს ქვეყნის პრობლემად?! ნუ შევლენ, ბატონო! ამას, ბოლოს და ბოლოს ის მოჰყვება, რომ პოლიტიკური ველიდან გაქრებიან და და დაე, გაქრნენ, რადგან თვითონ გადაწყვიტეს ასე... თუკი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დროზე არ მოევლება, გეთანხმებით, რომ ამას შეიძლება კრიზისი მოჰყვეს, მაგრამ ეს მოხდება იმის მიუხედავად, იქნება ოპოზიცია პარლამენტში თუ არა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ისეთ ქვეყნებშიც კი მძიმეა, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ეს იციან. მათ ისიც იციან, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიტინგებით მათი პრობლემები ვერ მოგვარდება, მით უფრო, რომ არც ეს ძალა და არც სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ამ პრობლემების გადაჭრაზე არ ელაპარაკება საზოგადოებას. ოპოზიციამ მიიღო მანდატები, არჩევნების გაყალბებაზეც კი ვეღარ ლაპარაკობენ და მაინც გაიძახიან, პარლამენტში არ შევალთო. ამაზე სულელური ვითარება მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში ძნელად მოიძებნება. რატომ უნდა გავუწიოთ მათ ახირებას ანგარიში? ოპოზიცია იმ ბავშვის მდგომარეობაშია, რომელიც ამბობს, გამდის და ვტირიო… სამწუხაროდ, აი, ასეთი ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი დასავლეთმა და მას ასეთი დაუფიქრებლობა არ ეკადრება,” - მიიჩნევს ექსპერტი.

“ვფიქრობ, საქართველოში ყველა ვთანხმდებით, რომ მართლმსაჯულების სფერო მართლაც დიდი პრობლემაა და აუცილებელია ამ სფეროს რეფორმა, ასე რომ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახალი არაფერი უთქვამთ. ჩემთვის სიახლე იქნებოდა, თუ ისინი შემოგვთავაზებდნენ გზას, ძირფესვიანად როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა. როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა ძველისგან მემკვიდრეობად მიიღო სასამართლოში ფესვგადგმული ერთი დიდი კლანი, რომელთან შუბლით შეჯახებაც მთელი სასამართლო სისტემის არევას, ჯანყს ნიშნავდა. ვფიქრობ, ამისთვის თავის ასარიდებლად გადაწყვიტეს ამ ე.წ. მურუსიძის მოდელის შექმნა, მაგრამ გავიდა დრო, ვითარება შეიცვალა, “მურუსიძის მოდელი” კი კვლავ დარჩა, რაც მიუღებელია. სწორედ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს და მე ვეთანხმები ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად... დასავლეთისგან ჩვენ გამოცდილებით დახმარება გვჭირდება”, - თვლის რამაზ საყვარელიძე.

“ჩემი აზრით, ბევრი თემაა, რომლებზეც შეიძლება მოლაპარაკება და შეთანხმებაც, რაც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას შეუწყობდა ხელს, მაგრამ თუ ვიგულისხმებთ, რომ ოპოზიცია თავისი ახირებით რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს არა შემთხვევით, არამედ გააზრებულად და მოქმედებს რუსული გავლენით, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი და მისი გავლენით მოქმედი პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, შეთანხმებას ხელი შეუშალონ და ევროპული დიპლომატია კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ უშედეგოდ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვცდები და პროცესები სხვანაირად წარიმართება... ბოლო ხანს აშკარაა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრია მუღებელი. განსაკუთრებით აშკარაა ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა და ამ ვითარებაში დამაფიქრებელი, გასაკვირი, არალოგიკურიც კია მათ მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ მათი მიზანია მუდმივად იყვნენ უკმაყოფილონი, დარჩნენ ქუჩაში და ეს პროცესი გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე ან მანამდე, ვიდრე ძალაუფლებას არ ჩაიგდებენ ხელში”, - ამბობს რესპონდენტი.

“დავუშვათ, ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორსაც “ენ-დი-აის” კვლევა აჩვენებს. “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიკედლებული პარტიები მიიღებენ ამ შედეგს თუ ისევ ქუჩაში გაიქცევიან?! გვთავაზობენ კი ისინი რაიმე მექანიზმს საიმისოდ, რომ არჩევნების შედეგებს ენდონ? გაიძახიან, ადმინისტრაცია შევცვალოთო. კი, მაგრამ თავის დროზე ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია ოპოზიციამ არ შეარჩია? თუ ადმინისტრაციის შეცვლის გარდა სხვა მექნიზმი არ გაჩნდა, ისევ იტყვიან, “ქართულმა ოცნებამ” ცესკო მოისყიდა და, აბა, ჩქარა, ქუჩაშიო... ანუ რა გამოდის - სულ ქუჩაში უნდა იყვნენ და ქვეყანაში სულ არეულობა იყოს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ დგება დრო, როცა “ქართული ოცნებისთვის” უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები და ის დაჰყვება ოპოზიციის ნებას. ამას ხანდახან აკეთებს მმართველი პარტია - ვითომ რაღაცას თმობს, თუმცა სინამდვილეში ეს დათმობა მის ინტერესებს შეესაბამება. აი, ოპოზიციას რა ინტერესი ამოძრავებს, ჩემთვის აუხსნელია,“ - აცხადებს ექსპერტი.

“გახარიას პოლიტიკური მარშრუტი მართლაც ძალიან საინტერესოა. ვიდრე მკითხავთ, მე თვითონ ვახსენებ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ეს აზრი გააჩინა სწორედ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ის მოხარული იქნება, თუ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადაიყვანს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და ავხსნი, რატომაც.თუკი ეს იქნება რეიტინგული პარტია, ის უკანა პლანზე გადასწევს “ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა პარტიებს - ლაპარაკია იმ პარტიებზე, რომლებიც, ძირითადად, ერთმანეთს ლანძღავენ. გაგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს გაუკვირდა კიდეც, გახარია სოლიდური პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიციაში როგორ ჩაეწერებაო?! ელისაშვილი გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ აღიარა, საქართველოში ოპოზიციაში ყოფნისთვის რა შეუთავსებელი რამაა სოლიდურობა… მაგრამ თუ გახარია პარტიას შექმნის და იქცევა ოპოზიციურ ძალად, ამასთან არ უღალატებს სოლიდურობასა და პოლიტიკურ გემოვნებას, მაშინ ის დაამკვიდრებს ოპოზიციის ახალ სტილს. აი, სწორედ ამას მივიჩნევ ყველაზე დიდ შესაძლო წარმატებულ შედეგად. ერთიც, გახარია არასდროს შექმნის იმ ტიპის კრიზისს პოლიტიკურ ურთიერთობაში, როგორიც ახლაა ქვეყანაში. ის იქნება ზედმიწევნით რაციონალური, ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლება კი უკიდურესად აუცილებელია. ჩვენი არარაციონალიზმითა და დაუფიქრებლობით იმდენ ზიანს ვაყენებთ ქვეყანას, რომ თუ გახარიას დაბრუნებით ეს ვითარება შეიცვალა, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან თუ არა”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

რა დაახვედრეს დანიელსონს “ოცნებამ” და ოპოზიციამ - შეთანხმების პერსპექტივა და ოპტიმისტური პროგნოზები

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ოპტიმისტურად ხვდება. ანალიტიკოსებსაც პოზიტიური მოლოდინი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ახლა მაინც მოხერხდება მისი მედიაციით შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა. ოპოზიციის ნაწილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ გააზრებული აქვთ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა, თუმცა მთავარ მოთხოვნებს არ ცვლიან. თუმცა, ასეთ მიდგომას მოლაპარაკებაში მონაწილე ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ იზიარებს. თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ უკვე შემუშავებული აქვთ შეთანხმების კონკრეტული გეგმა და იმედი აქვთ, რომ მას ოპოზიციაც მოაწერს ხელს. დანიელსონის ჩამოსვლის წინ საგანგებო მიმართვა გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც კრიზისიდან გამოსვლის მათი ხედვაა წარმოდგენილი. მიმართვაში საუბარია სასამართლო და სააარჩევნო სისტემების რეფორმირებაზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საპარლამენტო თანამდებობების განაწილების წესი შეცვლაზე და ნათქვამია, რომ ყველა ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დაახვედრეს დანიელსონს “ოცნებამ” და ოპოზიციამ - შეთანხმების პერსპექტივა და ოპტიმისტური პროგნოზები.

“დანიელსონმა კი ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა კომპრომისების დროა და მოლაპარაკებები წარმატებული შედეგით უნდა დასრულდეს. “ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. მოხალური ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ახლა კომპრომისების დროა და კომპომისი არის ევროპული გზა,” - თქვა მან. დანიელსონი 3 დღით დარჩება საქართველოში. დანიელსონი კვირას უკვე შეხვდა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს. ხოლო ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთა მისი შეხვედრები ორშაბათსაა დაგეგმილი. დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას და მოლაპარაკების განახლებას მმართველ გუნში დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ უკვე აქვთ შემუშავებული კომპრომისული წინადადებები ოპოზიციისთვის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკება გააგრძელოს ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულ ნაწილთანაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მზაობაა, რომ მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი. ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და საკითხის გადაწყვეტის გზები”, - ამბობს მდინარაძე. უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს კი იმედი აქვს, რომ ოპოზიცია მათ მიერ მომზადებულ წინადადებებს დათანხმდება. “ოცნების” მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს მცირე მხარდამჭერის მქონდე პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, ასევე მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ინიცირებით, რომლის ცვლილებებიც ემსახურება სწორედ პოლიტიკური ოპონენტებისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოების შენიშვნებს. ამას ემატება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან სრულიად ალოგიკურ განცხადებებს ვისმენთ, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ”, - ამბობს მაჭარაშვილი. საკითხზე, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან ვადამდელი არჩევნების, ან პლებისციტის საკითხს ადამიანთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესი ყველაფერზე საუბარს გულისხმობს, მაგრამ არა არითმეტიკულად დათმობების გაცვლის ვალდებულებას”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ მხოლოდ ეს არის სადისკუსიო ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს ულტიმატუმები უნდა დაკმაყოფილდეს და საუბარი ისე ვერ შედგება, მაშინ კონსესუსსზე საუბარი გართულდება. ბუნებრივია ეს არ იქნება მოლაპარაკების პროცესი, რადგან გამოდის ჩვენ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციის ულტიმატუმების შესრულება-არშესრულების საკითხს ვიხილავთ”, - განაცხადა სარჯველაძემ... დანიელსონის ჩამოსვლამდე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი უთანხმოების მიზეზი გახდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციას გააზრებული აქვს შეთანხმების აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნები რჩება. ამავდროულად ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უარყო ახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევა. “ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ და გადაუჭრელად ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს. პრეზიდენტ მიშელის საქართველოდან წასვლის მეორე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯარაოდ უარყო ის მზაობა, რაც წინა დღეს პრეზიდენტ მიშელთან ერთად გამოხატა. მან თქვა, რომ ის არც კი განიხილავს პოლიტპატიმრებთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ შეთანხმებას”, - ნათქვამია განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

“მათივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება უსამართლობა იყო, ხოლო შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვამადამდელი არჩევნებია: “არჩევნების შემდგომ ხელისუფლებამ შტურმით აიღო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი და დაპატიმრა მისი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე ამგვარი ფორმით დაპატიმრების შემდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია”. ოპოზიციის თქმით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმები სასამართლო რეფორმისა და პარლამენტში ძალების გადანაწილების კონტროლის თაობაზე. “ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული ისუტიციის საბჭოს შეცვლა. “ოპოზიციის ინტერესშია ასევე, რომ საპარლამენტო კონტროლში ზოგადად ტრადიიცის დამკვიდრება და პროცესებში ეფექტური მონაწილეობა”, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიმართავს არ უერთდება სამი ოპოზიციური პარტია: “სტრატეგია აღმაშენებელი”, “რესპუბლიკელები” და “ლეიბორისტები”, - წერს სტატიის ავტორი.

“სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების წერილის სულისკვეთებას ეთანხმებიან, თუმცა მოლაპარაკებების წინ მისი გავრცელება ტაქტიკური შეცდომაა. აღნიშნავენ, რომ განცხადების გავრცელება ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ლიდერი ხათუნა სამნიძე კი “რეზონასნთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების განახლებამდე საჯაროდ მსგავსი ტიპის განცხადებების გავრცელება “რესპუბლიკელებისთვისაც” მიუღებელია. “სანამ მოლაპარაკებები არ დაიწყება, წინასწარ საჯაროდ ამ ტიპის განცხადებებით წინაპირობების გამოქვეყნება “რესპუბლიკელებს” სწორად არ მიგვაჩია ამიტომაც ამ განცხადებას არ ვუერთდებით”, - ამბობს სამნიძე. ანალიტიკოსთა უმრავლესობას პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათი შეფასებით, მოლაპარაკების ჩაშლით ვერც ერთი მხარე ვერ ნახავს სარგებელს. ამიტომაც შეთანხმების მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციის თუნდაც ერთ ნაწილს შორის სავსებით რეალურია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ევროკავშირსაც უნდა ჰქონდეს წინადადებები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად წარიმართოს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები. თუ ხელისუფლება არ დათანხმდება ამ წინადადებას, მაშინ მათ შორის შეხების წერტილი ვერ იარსებებს. თუ ისევ ჩაიშლება მოლაპარაკება, ორივე მხარეს შეექმნება პრობლემები. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ვერ შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და მისი საერთაშორისო იმიჯიც შეირყევა. ოპოზიციას კი პრობლემა ექნება იმ მხრივ, რომ მან თავის დროზე თავი ვერ მოუყარა აქციებზე ხალხის დიდ რაოდენობას და გეგმები შეუსრულებელი დატოვა. შესაბამისად, დაძაბულობა ისევ იარსებებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

“მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ნაწილი, ”ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობით ისევ ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას, თუნდაც მათი ერთობლივი განცხადებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ. მათ წარმოადგინეს კიდევ უფრო არარეალისტური მოთხოვნები. მათი ერთ-ერთი მიზანი კი არის სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, რაც სრულიად მიუღებელი და გამორიცხულია. როგორც ვხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში არეულობაა, რადგან მათ ერთობლივ შეთანხმებას არ ეთანხმება “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლეიბორისტები” და “რესპუბლიკური პარტია”. დიდი გაურკვევლობა ხდება ოპოზიციის შიგნით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ რაიმე ფორმის შეთანხმება მიიღწევა ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. შეთანხმება შეიძლება შედგეს საარჩევნო რეფორმის, სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის კუთხით, რაც ლეგიტიმურად და პოლიტიკურად მისაღებია. ვფიქრობ არ ჩაიშლება მოლაპარაკებები და ფრთხილი ოპტიმიზმით მიიღწევა იმ ტიპის შეთანხმებები, რომელიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ მომავალს განსაზღვრავს. ისინი, ვინც ამ ხელმოწერას განუდგებიან, საერთაშორისო კუთხით ძალიან ცუდად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ვინაიდან მათთან კონსტრუქციული საუბარი შეუძლებელი აღმოჩნდა”, - ამბობს გია აბაშიძე.

ლევან ბოძაშვილი - “პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შედეგი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება იქნება”

“ამ კრიზისმა, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება, ცხადყო, რომ არის რამდენიმე სახელმწიფოებრივი პრობლემა, რომლებზეც ჩვენც დიდი ხანია ვსაუბრობთ და უკვე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც არაორაზროვნად ხმაურდება. პირველი - დაბალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებს კრიზისის საფუძველშივე აღმოფხვრის უნარი არ შესწევთ. ეს ინსტიტუტებია სასამართლო და საარჩევნო სისტემა ადმინისტრაციითურთ. ევროკავშირმა და ამერიკამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯეს ბოლო წლებში ამ ინსტიტუტების რეფორმირებაზე. მაშინ რატომ ვერ ხერხდება, რომ ამ ინსტიტუტებს ჰქონდეთ ნდობა და პოლიტიკური პრობლემები არ წყდებოდეს ქუჩაში, არ იყოს კრიზისი, მიტინგები და პოლიტიკური აქტორების ყურადღება რეალური საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული? ამის პასუხს გვეუბნებიან ამერიკელი და ევროპელი კოლეგები: 1. რეალურად რეფორმები არ ტარდება, ცვლილებები კოსმეტიკური, არაარსებითია; 2. მოშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის”, - აცხადებს ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და ეროვნული უშიშროების ცენტრის მკვლევარი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შედეგი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება იქნება”.

“ამას უწოდებენ სწორედ პოლიტიზებულ სასამართლოს - ანუ პოლიტიკური და სხვა ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო ხელისუფლების ნება-სურვილის ამსრულებელი ორგანოა. ეს განპირობებულია როგორც სუბიექტური, ანუ ადამიანური, პიროვნული, ისე სისტემური, ანუ ორგანიზაციული და სტრუქტურული პრობლემებით. ეს ქმნის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებს და აფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც. ოპოზიციასაც და ყველას ჰგონიათ, მათი პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. ასე არ არის. პოლიტიკური კრიზისი განაპირობა სისტემურმა კრიზისმა და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გატარდება არსებითი სისტემური რეფორმები. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ დასავლეთი ამის მოგვარების გზას ხედავს პარლამენტში, ხოლო ოპოზიცია ცდილობს მუდმივი რყევებით აჯანჯღაროს ხელისუფლება და ასე მიაღწიოს ხელისუფლების დაუფლების მიზანს. ეს მცდარი და ანტისახელმწიფოებრივი გზაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება სისტემური კრიზისის დასაძლევად, ამას მხარს დაუჭერს დასავლეთი და “ქართულ ოცნებას” არ დარჩება სხვა გზა, ის ცვლილებებს დათანხმდება. გაჯიუტების შემთხვევაში მასზე ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას. ეს არ ესმის ან არ სურს ესმოდეს რადიკალურ ოპოზიციას, მას მხოლოდ რადიკალური, რევოლუციური სცენარი სურს. ამას კი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია დასავლეთში არ ექნება არაერთი მიზეზის გამო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მივალთ იქამდე, რომ არც “ქართულ ოცნებას” და არც ოპოზიციას ასეთი განვითარება, ანუ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, არ აწყობთ. სწორედ ამიტომ ორივე დაკარგავს საერთო-სახალხო და დასავლურ ლეგიტიმაციას. თუ ასე გააგრძელეს, ეს მხოლოდ დროის საკითხია... დასავლეთი შეეცდება ახალი ძალების შექმნას შეუწყოს ხელი, მათი, ვინც სახელმწიფოებრივად მიუდგება პოლიტიკურ პროცესს. დასავლეთი არ დათმობს საქართველოს, თუმცა დასჯის ორივე მხარეს, რადგან ორივე, ოპოზიციაც და პოზიციაც, იმდენს იზამენ, საბოლოოდ მართლაც დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ისინი აღმოჩნდებიან დამარცხებული, ხოლო მხარდაჭერა დარჩება რეალურად სხვა, მესამე ძალას”, - დაასკვნის უშიშროების ცენტრის მკვლევარი.

“ნებისმიერი პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ხელს აძლევს რუსეთს. სრული პოლიტიკური სიბრიყვე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ახლა პოლიტიკური სპექტრი სჩადის. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკური პროცესის ფონზე მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია და პროპაგანდა. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი ისევ რუსეთის გავლენაში დაბრუნება იქნება. ქვეყანას აქვს უამრავი პრობლემა, ეკონომიკა ვერ ვითარდება, პანდემიას სათანადოდ ვერ ვუმკლავდებით, გვაქვს სისტემური პრობლემები, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უაღრესად მძიმეა და უფრო დამძიმდება, თუ ასე გაგრძელდა. ვინ იხეირებს იმით, თუ დასავლეთმა დაფინანსება შეაჩერა ან შეამცირა, რა სოციალური რყევები შეიძლება გამოიწვიოს ამან? ჩვენ ხომ დოტაციური ეკონომიკა გვაქვს, დახმარებებზე დამყარებული, დასავლეთის უგულებელყოფით რას მოვიგებთ? რუსეთი დაგვეხმარება, ფულს მოგვცემს და პენსიებს დაარიგებს? ეს რომც მოხდეს, გვინდა კი რუსეთის დახმარება? ეს ხომ ილუზიაა, ანტისახელმწიფოებრივი ილუზია”, - დასძენს ლევან ბოძაშვილი და შეკითხვაზე - “საფრთხე მხოლოდ რუსეთიდან მოდის თუ გამო რეგიონში არსებული სხვა საფრთხეებიც ყურადღების მიღმა გვრჩება?” - პასუხობს:

“ჩვენ დღითი დღე ვკარგავთ გეოპოლიტიკური უპირატესობის მომენტს კავკასიაში. ყოველი დღე, რომელიც არ არის ამ უპირატესობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული, არის დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ მიმავალი დღე. დასანანია, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური წონა არსებით უპირატესობაში ვერ გარდავსახეთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური წონა ერთმანეთის გამაძლიერებელი კომპონენტებია. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის განვითარების ერთადერთი რაციონალური გზა. თუ რაიმე უპირატესობა ჰქონდა საქართველოს რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ამასაც კარგავს და იბადება კითხვა: რა გეოპოლიტიკურ საჭიროებას შეიძლება წარმოვადგენდეთ ევროატლანტიკური სივრცისთვის, რატომ უნდა მიგვიღონ თავის წევრად? ამ გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანა ვერ ახერხებს სათანადო ყურადღების მიქცევას ამ და სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ვერ ადგენს ტაქტიკურ გეგმებს, სტრატეგიულ ხედვებს”.

ვინ დაუჭერს ღიად მხარს “ოცნების” დეპუტატებიდან გახარიას ახლად შექმნილ პარტიას?

“თუ ატყობთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის გახდომის შემდეგ მმართველი გუნდი ლამის ყოველ კვირას პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის თათბირს მართავს. ეს იმისთვის ხდება, რომ კობახიძის სერიოზულად აღქმა მმართველ გუნდში ყველას უჭირს და რაც მთავარია, ისინი მას უბრალოდ არ ემორჩილებიან. ამიტომ ყოველი პოლიტსაბჭოს შემდეგ მიბმული უმრავლესობის სხდომა ერთადერთ რამეს ემსახურება - დეპუტატებს მაგიდაზე მუშტი უნდა უბრახუნონ და აუხსნან, რომ თვითშემოქმედებასა და დამოუკიდებელ მოქმედებას შეეშვან. პარალელურად, შაბათს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ დეპუტატებმა მაქსიმუმ 15 აპრილამდე წარმოადგინონ იმ ადამიანთა სიები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარეებად ან მერებად უნდა განიხილონ”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში, სათაურით ვინ დაუჭერს ღიად მხარს “ოცნების” დეპუტატებიდან გახარიას ახლად შექმნილ პარტიას?

“პარალელურად ასეთი სიები უნდა მიიტანოს ადგილებზე პარტაქტივმა, სიამ უნდა გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის კონტროლი და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული. დეპუტატები ითხოვენ, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები უპირობოდ დამტკიცდნენ, რასაც პოლიტსაბჭო არ ეთანხმება - მანდ ყველაზე კარგად იციან, რომ კანდიდატები საბოლოოდ “პოლიტიკიდან წასულ” ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეათანხმონ. “კანდიდატთა სიასა და რეკომენდატორებს ივანიშვილს აუცილებლად დაუდებენ მაგიდაზე და ის წითელ წერტილებს დასვამს იმ გვარების გვერდით, ვისი განხილვაც დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამ შემთხვევაში მთავარი კანდიდატი კი არა რეკომენდატორი იქნება. ივანიშვილი მეორედ აღარ შეცდება და მხოლოდ ერთ ადამიანზე არ ჩამოკიდებს ყველა კანდიდატს და ყველას გარკვეულ კვოტას მისცემს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს”, - გვეუბნება “ოცნების" მაღალჩინოსანი,” - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაფერთან ერთად “ოცნების” ლიდერები შიშით ელიან გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას. ექსპრემიერის ფოტოებზე მოწონებების კონტროლმა მმართველი გუნდი ლამის ჭკუიდან შეშალა, რადგან ისეთი ადამიანები “ეხუტებიან” გახარიას და ისეთები წერენ, რომ მის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, “ოცნების” თავგადაკლულ მხარდამჭერებად რომ ითვლებიან. თანამდებობიდან კონტრეტული პირების წასვლაც იმის სიგნალია, რომ გახარია უსაქმოდ არ ზის, ახალი გუნდის ფორმირებას ახდენს და ამ ახალ გუნდში ძალიან ძლიერ შემადგენლობას უყრის თავს. ისიც ითქვა, გახარიას პარტიის დამფუძნებლად შესაძლოა ანზორ ჩუბინიძე ვიხილოთო. ასეთ შემთხვევაში ეს გაჭრილი კარტი იქნება, რადგან ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანთაგან, რომელიც ივანიშვილს არ უღალატებს და გახარიას გუნდში მისი გამოჩენაც ივანიშვილის თანხმობის გარეშე გამორიცხულია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჰოდა, ყველაფერი თითქოს იქეთკენ მიდის, რომ ხელისუფლებაში ვადამდელი თუ კანონით გათვალისწინებული არჩევნების შემდეგ, სწორედ გახარიას მთავრობა მოვა, “ოცნება” კი მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, ანუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი კაცის კონტროლს დაექვემდებარება. “საუბრები იმის შესახებ, რომ “ოცნების” არაერთი მოქმედი ლიდერი შესაძლოა გახარიას გუნდში აღმოჩნდეს, მიმდინარეობს. ჩუბინიძის შესახებაც ითქვა და თუ ბატონი ანზორი მართლაც გახარიას გუნდში აღმოჩნდება, ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ივანიშვილს მწვანე შუქი აქვს ანთებული. არავის აღარ დასჭირდება ცალკე დაბარება და თქმა, გახარიას გუნდს შეუერთდიო, ისედაც ყველა იქეთ წავა, რადგან ჩუბინიძის ფაქტორი უდიდეს როლს ითამაშებს”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.

“კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ კულტურის კომიტეტის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთი პირველი იქნება იმ დეპუტატებიდან, რომელიც გახარიას გუნდში გადავა. ბოლქვაძეზე ამბობენ, პარლამენტში მოხვედრაზე გახარიასთან რეკომენდაცია მედეა მეზვრიშვილმა გაუწიაო. მეზვრიშვილი წავიდა და გახარიას ახალ გუნდში აუცილებლად იქნება. შესაბამისად, არც ბოლქვაძის გადაწყვეტილება უნდა გაგვიკვირდეს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური გამოცდილებით ცნობილი პიანისტი აშკარად ვერ დაიკვეხნის და შეცდომები ასეთ დროს ”მოსულა”. ზოგადად, გახარიას მიმართ დეპუტეტებს შორის აგრესია ნამდვილად არის და მმართველი გუნდის ლიდერებს ეს ყველაზე მეტად აბრაზებთ - თანამდებობაზე მყოფი კაცი დეპუტატებს შორის რომ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, აშკარა პრობლემაა, მაგრამ...” - დასძენს გამოცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა