ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2021

დიდი იმედგაცრუება - დანიელსონის შეთავაზებაზე ხელის მოწერას არც ერთი პარტია არ დათანხმდა

ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზეა - ოთხშაბათს შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ

ბიზნესი და მოსახლეობა პანიკაშია - ლარი ისტორიული ანტირეკორდისკენ მიექანება

* * *

დიდი იმედგაცრუება - დანიელსონის შეთავაზებაზე ხელის მოწერას არც ერთი პარტია არ დათანხმდა

“კრისტიან დანიელსონის მისია კვლავ შეუსრულებელი აღმოჩნდა - ევროპელი მედიატორის მომზადებული შეთავაზება მოლაპარაკების ყველა მხარემ დაიწუნა და უარი თქვა ხელის მოწერაზე. მოლაპარაკების ბედი გაურკვეველია. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ევროპელი მედიატორმა განაცხადა, რომ თავისი მისიის შედეგებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გააცნობს და შემდეგ ის გადაწყვეტს, როდის და რა ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის მედიაციის პროცესი და გაგრძელდება თუ არა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი იმედგაცრუება - დანიელსონის შეთავაზებაზე ხელის მოწერას არც ერთი პარტია არ დათანხმდა.

“დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო”, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. მისი თქმით, სამშაბათს არ ყოფილა მზაობა იმისა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე, რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული”, - დასძინა დანიელსონმა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ჩაშლაში კვლავ ერთმანეთი დაადანაშაულეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა იქნება ყოველივე ამის შემდეგ, არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის თუნდაც თეორიული შანსი და დათანხმდება თუ არა ოპოზიციის ნაწილი მაინც პარლამენტში შესვლას, გაურკვეველი რჩება. გადამწყვეტი შეხვედრის დასრულებამდე გამოცემა “პუბლიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, დანიელსონის შეთავაზების თავდაპირველი ვერსიის შინაარსთან დაკავშირებით. კერძოდ, მომზადებული დოკუმენტი გულისხმობდა შემდეგ საკითხებზე შეთანხმებას: ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით, გადაიხადოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო; გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლების (ე.წ. “უდოს”) მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ოღონდ ნოემბერში; გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება 20 ივნისის საქმის მონაწილეებს - როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს; ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს; შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი; პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.; გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით; ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ეს ვარიანტი მოლაპარაკების მონაწილეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა”, - დასძენს გამოცემა.

“რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ მედიატორებმა ხელმოსაწერი დოკუმენტის ახალი ვერსიის შესადგენად შეხვედრა დატოვეს. ამ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციონერები მათ გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე ოთახებში ელოდებოდნენ. პარალელურად მედიით ვრცელდებოდა ამის ამსახველი კადრები - ფანჯრებში ჩანდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დაძაბულად საუბრობდნენ. “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეხზე იდგა და ხელების ქნევით საკამოდ ემოციურად საუბრობდა. ასევე ოთახში ბოლთას სცემდა პარტიის “გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. აღელვებული ჩანდა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვიდეოკადრებიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას ედავებოდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 2 დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ორშაბათს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე გამზადებული შეთანხმების ტექსტს დადებს, რომელზეც ხელის მოწერა პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი იქნებოდა. თუმცა დანიელსონის შეხევდრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მედიატორმა ისევ მათი პოზიციები მოისმინა და რაიმე წინადადება ამ ეტაპზე არ ჰქონია. იგი 2 ჯერ შეხვდა როგორც “ოცნებას”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა პოლიტიკური ლიდერების ნაწილს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დანიელსონმა შეთანხმების ტექსტი ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდთან შეათანხმა. სამშაბათს, იმ დროს, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მედიატორებთან ერთად შეთანხმების ტექსტს განიხილავდნენ, “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაცია არასრულფასოვანია. მისი თქმით, ორშაბათს დანიელსონი რამდენჯერმე შეხვდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და მათთან შეაჯერა მომავალი შეთანხმების დეტალები, თუმცა ოპოზიციასთან მსგავსი კონსულტაცია არ გაუმართავს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აქედან გამომდინარე უგულავამ ევროპელი მედიატორის მოუკერძოებლობა პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა. “29 მარტს დილიდან დანიელსონს კობახიძე შეხვდა. მერე წავიდა, პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ჩაატარა. მერე ექვსზე კიდევ შეხვდა და მერე კიდევ პოლიტსაბჭო ჩაატარა. მოდით, ვთქვათ - რადგანაც “პოლიტსაბჭო შეიკრიბა”, ეს ნიშნავს, იმას რომ კონსულტაციებს გადიან ივანიშვილთან. ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი ახლა სხვა რამ არის. როგორც ინფორმაციამ გაჟონა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებასთან” ეს დრაფტი თუ წინადადება, რომელიც დღეს ჩვენ გვემცნობა, უკვე გავლილია ან მისი დეტალები მათთვის ცნობილია. ეს თუ დადასტურდა, ყველას პატივისცემის მიუხედავად, ეს ვერ იქნება ვერც სრულფასოვანი მედიაცია და ვერც ვერაფერი”, - განაცხადა გიგი უგულავამ. “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა კი “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ შეთანხმების მისაღწევად შესაძლოა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო. “შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ “დავგრუზავთ” და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი”, - თქვა მან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზეა - ოთხშაბათს შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ

“ეპიდსიტუაცია უარესდება, რის გამოც შესაძლოა ქვეყანა არცთუ დიდი ხნის წინ მოხსნილ შეზღუდვების რეჟიმში ისევ დაბრუნდეს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,6%-ს შეადგენდა, ხოლო სამშაბათს 2,19%-ს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზეა - ოთხშაბათს შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელს საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა. რა თქმა უნდა, დასახელებული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა გაუარესების ნიშნები და ტენდენცია. იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში - დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე და ამან, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ოთხშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ სწორედ ამ ტენდენციაზე იმსჯელებენ და გამორიცხული არ არის უკვე გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, არაა გამორიცხული ყველა შეზღუდვა ისევ უკან დაბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული როგორ დაიცავენ რეგულაციებს, თუმცა თუ ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება. “მთავარია, რომ კონტროლი გამკაცრდეს იმ რეგულაციებზე, რომლებიც დღესაა - პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანცირება. ახლა მთავარია მოქალაქეები როგორ მოიქცევიან და ჩვენზეა ახლა დამოკიდებული მთავრობას შეძღუდვების დაწესება მოუწევს თუ არა იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღესაა, სხვა გზა არ დარჩებათ - ისევე, როგორც ევროპაში არ დარჩათ მთავრობებს. არავის ეხალისება ახალი შეზღუდვების დაწესება იმიტომ, რომ ადამიანებზე და ეკონომიკაზე დამღუპველად მოწმედებს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და რეგულაციებს იგნორირება გავუკეთეთ, როგორც სამწუხაროთ ხდება და განსაკუთრებით თბილისის გარეთ, მაშინ მთავრობას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება”, - განმარტავს ზოიძე, რომლის თქმით, “ვაქცინაციის დასრულებამდე, რომელიც ამ შეზღუდვებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი იარაღია, ჯერ კიდევ სამწუხაროდ დიდი დროა დარჩენილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“კარგად უნდა გავიაზროთ, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში აფეთქდეს, იმიტომ, რომ შემოდგომაზეც ასე მოხდა, თანდათან მოემატა და მერე როგორც კი ერთ დღეს დიდი რაოდენობა ფიქსირდება, ხდება გაორმაგება, გასამმაგება და ა.შ. ეს როდის მოხდება, არავინ იცის, თუ მოქალაქეებმა ისევ და ისევ კეთილგონიერებას არ მოუხმეს და რეგულაციები არ დაიცვეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მთავრობის როლი ისაა, რომ მოქალაქეებს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ამის თაობაზე მაქსიმალურად მოუხმონ. დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ კორონა არსად არ წასულა. ეს მოწოდებები კი მათ გასაგონად უნდა გამკაცრდეს, ვისაც დღემდე არ სჯერა, რომ კოვიდ-19 არსებობს და ამას ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები აქვს და ამ ვერაგი დაავადების გამო 3700 ადამიანი დაიღუპა”, - დასძენს ზოიძე.

ბიზნესი და მოსახლეობა პანიკაშია - ლარი ისტორიული ანტირეკორდისკენ მიექანება

“ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევი დევალვაცია გრძელდება. ბოლოს “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარს მიაღწია, ხოლო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 3.50-ს გადააჭარბა. დღეს მოქმედი კურსი 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯერ კიდევ გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, ისტორიული ანტირეკორდიც დამყარდეს. 1-ელ იანვარს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 3.2766-ს შეადგენდა, 1-ელ თებერვალს - 3.3026-ს, 1-ელ მარტს - 3.3255-ს, 25 მარტს, დღის ბოლოს 3.36-ს მიაღწია, გუშინ კი 3.41-ს გადააჭარბა. რეალური გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია და 3.50-ის ფარგლებშია. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა სპეკულაციის ელემენტს არ გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების მიზეზი ყოველთვის იცის, თუმცა ამ ინფორმაციას არასდროს ასაჯაროებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიზნესი და მოსახლეობა პანიკაშია - ლარი ისტორიული ანტირეკორდისკენ მიექანება / ასეთ მოულოდნელ ვარდნას არავინ ელოდა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უეცრად ხელები ჩამოუშვა.

“ლარის გაუფასურებაში მოულოდნელი არაფერია, განსაკუთრებით - საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რომელმაც ყოველთვის იცის, რატომ მყარდება ანდა უფასურდება ლარი. სამწუხაროდ, ის ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ქვეყნის კომპანიებს ნება დართო, მიიღონ მონაწილეობა ლარის ვაჭრობაში და შესაბამისად, კურსის დადგენაში მათი მონაცემებიც არის შესული. აქედან გამომდინარე, სპეკულაციის ელემენტის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება. გარდა ამისა, ქვეყანაში უცხოური ვალუტა ნაკლებად შემოდის. კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის ქრონიკულ დეფიციტს განაპირობებს მასზე მოთხოვნის ზრდა, რაც პირდაპირ იწვევს კურსის ვარდნას. ეროვნული ვალუტა გაუფასურების პროცესში სისტემატურად იქნება, თუმცა ეს მოხდება ეტაპობრივად. საქართველოში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურების რამდენიმე გზა არსებობს. არის სავალუტო ინტერვენციები, ანუ კომერციული ბანკებისთვის დამატებითი ვალუტის მიწოდება. სხვა გზები უფრო გრძელვადიანია. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობა და ქვეყანაში უცხოური ფულადი ნაკადების მატება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

“ახლა, რაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გააკეთოს, ეს არის სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით დამატებითი უცხოური ვალუტის მიწოდება კომერციული ბანკებითვის. სებ-ი ამას აკეთებდა ერთი წლის განმავლობაში. ის, ფაქტობრივად, ხარჯავდა მთავრობის მიერ აღებულ ვალს. დიდი ალბათობით, მისი ბოლომდე ამოწურვის შემდეგ, ეროვნული ბანკი რეზერვებს, სამწუხაროდ, აღარ დახარჯავს და, როგორც ადრე ყოფილა, მიატოვებს ქვეყნის ეკონომიკასა და ლარის კურსს, რის შედეგადაც ბუნებრივია, გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელი და ფასები, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და პირველადი მოხმარების საგნებზე. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარი სისტემატურად იქნება ვარდნის პროცესში, უბრალოდ, ეს იქნება ეტაპობრივი - მძიმე ვარდნა, შემდგომ - ლატენტური პერიოდი და შემდგომ ისევ ვარდნის გაგრძელება. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ლარი ოდესმე თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ეს იმედი ბოლომდე უნდა ჰქონდეს გადაწურული”, - დაასკვნის ელიავა.

“ამრიგად, სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, ლარის კურსი სწორედ იმის გამოხატულებაა, რაც დღეს ქართულ ეკონომიკაში ხდება. დღითი დღე უფრო და უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტა და აუცილებელია, რომ სებ-ი პროცესში უფრო აქტიურად ჩაერიოს. “ლარის კურსი ასახავს იმას, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება. შემცირებულია ინვესტიციებისა და ექსპორტის მაჩვენებელი, ყველა იმ წყაროზე, საიდანაც ქვეყანაში დოლარი უნდა შემოედინებოდეს, პრობლემაა. ერთადერთი, დარჩენილი ვართ ემიგრანტების გადმორიცხვებზე, რომელიც, პრინციპში, მზარდია და ამის საფუძველზე არ გვაქვს უფრო დიდი გაუფასურება. ბიუჯეტს აქვს დეფიციტი და ის, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, უკვე ყველამ ვიცით. ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ლარის კურსზე. უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის ფაქტორი, სადაც ასევე, ლირა გაუფასურდა”, - ამბობს კაპანაძე, რომლის განმარტებით, “ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმული მეზობელ ქვეყნებზე და ესეც თავის გავლენას ახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურად ჩაერიოს, განახორციელოს ინტერვენციები, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ბაზარზე შესაბამისი დოლარის მიწოდება. მას გააჩნია შესაბამისი რეზერვები და კარგი იქნება, თუ იზრუნებს ამაზე. ცენტრალურმა ბანკმა უფრო აქტიური ინტერვერციები უნდა დაიწყოს, არა ერთჯერადი, 40-მილიონიანი, არამედ 10-20-მილიონიანი, მაგრამ უფრო აქტიური, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გვაქვს აქტიური გაუფასურება. ფაქტია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუნდაც ამ კვირის განმავლობაში ან ორი კვირის განმავლობაში კურსის ვარდნის პროცესი გაგრძელდება. აქ უკვე ადგილი აქვს მოლოდინს. ბიზნესი ხედავს, რომ ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, ვისაც საჭიროება აქვს, ყიდულობს დოლარს, სანამ კიდევ უფრო მეტად არ გაუფასურდება, ამიტომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ლარის კიდევ გაუფასურება. თუ მოხდება უფრო აქტიური ჩარევა, მეტი ინტერვერციები, მაშინ, ალბათ, კურსის დაჭერას შევძლებთ და თუ გამყარებას ვერა, გაუფასურებას მაინც შევაჩერებთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

“ამასობაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს დამატებითი პრობლემები ექმნება. “რედიქს ჯგუფის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესისთვის დამღუპველი ეფექტი აქვს. “ლარის კურსი მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა, მსხვილ ბიზნესს ისე აზარალებს, რომ უკვე გაუსაძლისია. უსწრაფესად და უმკაცრესად უნდა მოხდეს რაღაც ნიშნულზე მისი დასტაბილურება”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ დღეს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ლარის გამყარება სწორედ რეზერვების გაყიდვის გზით უნდა მოხდეს. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის აზრით კი, ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების ტკივილია”, - დასძენს გამოცემა.

“ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ, აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ. არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა საუბარი. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის - პოლიტიკური და ეკონომიკური... ახლა მთავარია, გამოვიდეთ შოკიდან. ქვეყანაში კურსის ვარდნის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ფხაკაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა