თსუ-ში ალმანახ „პირველი სხივის“ სამეცნიერო განხილვა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ პირველი ნომრის სამეცნიერო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალმანახში გამოქვეყნებული ნამუშევრები კრიტიკოსებმა ნინო ქუთათელაძემ, სალომე კაპანაძემ, გოჩა კუჭუხიძემ, ადა ნემსაძემ და თამარელა წოწორიამ განიხილეს.

მათივე ცნობით, 16 - წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი "პირველი სხივი" სხვადასხვა თაობის 50-მდე ავტორის შემოქმედებას აერთიანებს. პირველ ნომერში თავმოყრილია როგორც ახალგაზრდა შემოქმედების, ასევე უკვე ცნობილი პირველსხიველების ნაშრომები.

„სიმბოლურია, რომ ვიკრიბებით ყოფილ 93-ე აუდიტორიაში, სადაც ბევრმა პოეტმა, მწერალმა, კრიტიკოსმა ფეხი აიდგა და ასეთი სიმბოლოები სამწუხაროდ, ძალიან ცოტა შემოგვრჩა. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ამ ინიციატივამ, რასაც ადასტურებს აქ შეკრებილი არამარტო ახალგაზრდა, არამედ ძველი თაობის წარმომადგენლები. ეს არის მართლაც ერთობა და ძალიან მიხარია, რომ რედაქტორის დაპირებით და ინიციატივით პირველი ტომი გაგრძელდება და ჩვენ გვექნება საშუალება წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ მივცეთ ახალგაზრდა და გამოცდილ მწერლებს თავიანთი ნაწარმოებები გააცნონ საზოგადოებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მოისურვებს წერას“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მწერალ როსტომ ჩხეიძის აზრით, ალმანახის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქართული კულტურის სფეროსთვის.

„პირველი ნომერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ლიტერატურულ ცხოვრებაში შემოსული მრავალმხრივ ფასეული გამოცემა. დღევანდელ განხილვაში მონაწილეობდა ხუთი კრიტიკოსი, მათ ცალ-ცალკე შეაფასეს პირველ ნომერში წარმოდგენილი ნაწარმოებები. არ გამოტოვეს არც ახალგაზრდა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა და არც გამოცდილი შემოქმედი, რომელიც დაფასებული და აღიარებულია, რაც ძალიან მოსაწონი გადაწყვეტილებაა რედაქტორისა, რომ გვერდიგვერდ წარმოაჩინა გამოჩენილი სახეები და ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ეს იქნება დაოსტატების სკოლა“, - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის ბოლოს თსუ-ში ცნობილი სტუდენტური ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენის შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ განახლდება ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც.

ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, „პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. მისი ინიციატორი უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. ალმანახში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრების ალმანახის ახალი ნომერი ყოველ წელს გამოდიოდა. 2004 წლამდე „პირველი სხივის“ 30 ნომერი დაისტამბა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო