ქართული პრესის მიმოხილვა 01.04.2021

“გულაცრუება, ენთუზიაზმის დაკარგვა, დამოკიდებულების შეცვლა” - როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ჩავარდნილი ევრომედიაცია

“მაის-ივნისში გახარიამ ახალი პარტიის პრეზენტაცია უნდა გააკეთოს” - ყოფილ პრემიერს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება სურს

მესამე ტალღის ზღვარზე - წერტილოვანი შეზღუდვები იწყება, შემდეგ დაიხურება…

* * *

“გულაცრუება, ენთუზიაზმის დაკარგვა, დამოკიდებულების შეცვლა” - როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ჩავარდნილი ევრომედიაცია

“უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკომენტაროდ დატოვა - რა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის შვედი დიპლომატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და რა იქნება შემდეგი ნაბჯები - ექნება თუ არა მის მისიას გაგრძელება, თუ სხვა ფორმატში შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგი, ჯერჯერობით უცნობია. 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გულაცრუება, ენთუზიაზმის დაკარგვა, დამოკიდებულების შეცვლა” - როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ჩავარდნილი ევრომედიაცია.

“სამწუხაროდ, მაგიდასთან არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ 2 დღის განმავლობაში, ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება გადადგმული”, - განაცხადა დანიელსონმა. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, პრობლემა არა შუამავლებში, არამედ იმაშია, რომ მხარეები კომპრომისისთვის ჯერ მზად არ არიან. “აქ პრობლემა შუამავლებში კი არა, არამედ იმაშია, რომ მხარეების პოზიციები შეურიგებელია, აქედან გამომდინარე, აშშ-ის ან სხვა დასავლური ქვეყნის წარმომადგენელის ჩართვა ახალ მოცემულობას არ მოგვცემს. აქ პრობლემაა თუ მხარეები რამდენად მზად არიან - ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ მზად არ არიან. სავარაუდოდ, რაღაც გარკვეული პაუზა იქნება აღებული იმისათვის, რომ თავიანთ პოზიციებზე დაფიქრდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ისევ მოისინჯოს. თუ მხარეები არავითარ სურვილს არ გამოამჟღავნებენ, რომ რაღაცნაირად კომპრომისზე წავიდნენ, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დიპლომატები გამოგზავნონ და უაზროდ ატარონ ისეთ საქმეზე, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს” - თქვა კაკაჩიამ. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყოველი წარუმატებელი მოლაპარაკება ქვეყნის საშინაო და საგარეო კუთხით ცუდად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქვეყნის შიგნით აისახება იმით, რომ საზოგადოება ცოტა არ იყოს გადაიღალა, მოლოდინი იყო, რომ პოლიტიკური კლასი მოწიფულობას გამოამჟღავნებდა და ძირითად საკითხებზე შეთანხმებას რაღაცნაირად შეძლებდნენ, რაც არ მოხდა. ეს კი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ სავარაუდოდ ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შესაძლოა ვერ იყოს, მით უმეტეს, იმ დაანონსებული აქციების ფონზე, რაც შესაძლოა უახლოეს ხანში მოხდეს, თუ კომპრომისი მიღწეული არ იქნება. რაც შეეხება საგარეო თვალსაზრისით, ჩანს, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ევროპული პოლიტიკისთვის მომწიფებული არაა, ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და გაწევრიანებას და ყველაფერს მხარს უჭერენ, მაგრამ საქმით ვერ მტკიცდება. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც დანიელსონმა თქვა, ევროპული პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი კომპრომისის მიღწევის უნარია, რისი უნარიც ამ ეტაპზე ჩვენს პოლიტიკურ კლასს არ აღმოაჩნდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მთლიანობაში ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მთავარია თუ ეს იწილო-ბიწილო კიდევ დიდხანს გაგრძელდა და ამან კიდევ უფრო მკვეთრი ხასიათი მიიღო, ამან შესაძლოა საქართველოზე გარკვეულწილად გულაცრუებაც გამოიწვიოს, ისე როგორც თავიდან უკრაინასთან მიმართებაში იყო, ერთი პერიოდი უკრაინით გადაღლა იყო და ბრიუსელში ამის გაგონება არ უნდოდათ. თუ ასე გავაგრძელებთ, შესაძლოა საქართველოს საკითხის გაგონებაც აღარ უნდოდეთ და უკვე ნაკლები ენთუზიაზმი გამოიჩინონ, რაც შეიძლება შემდეგ სხვადასხვანაირ მოქმედებაში გამოიხატოს. შეიძლება ისეთი მხარდაჭერა აღარ გვქონდეს, როგორც აქამდე გვქონდა. მით უმეტეს იმ ფონზე, თუ მმართველი ხელისულფება არც რეფორმებს გაატარებს და ეს იმიჯი რომელიც გვქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი, ესეც თანდათანობით უკვე ცვდება, ამ ფონზე კი უკვე არ ვიცით ყურადღების მიპყრობას როგორ შევძლებთ”, - დაასკვნის კაკაჩია.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ თუ მხარეებმა კომპრომისისკენ მიდრეკილება არ გამოიჩინეს, რა ახალი ფორმატიც არ უნდა იქნას შემოთავაზებული, იგივე შედეგით დასრულდება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ მეორე ვარიანტიცაა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესში აშშ თავისი დამახასიათებელი სტილით აქტიურად ჩაერთოს. “როგორც თავად დანიელსონმა განაცხადა, მუშაობა გაგრძელდება, ოღონდ რა ფორმატში, ეს ალბათ საქართველოს მხარესთან შეთანხმებით ბრიუსელმა უნდა მოიფიქროს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად მედიაციის ის ფორმატი, რაც ევროკავშირმა საქართველოს პოლიტელიტას შესთავაზა, როგორც ვხედავთ ჩავარდა, აქედან გამომდინარე ახალი ფორმატი იქნება მოსაფიქრებელი”, - თვლის ანჯაფარიძემ რომლის აზრით, “თუმცა, რა ფორმატიც არ უნდა იყოს მოფიქრებული, თუ მხარეებმა კეთილი ნება და კომპრომისებისადმი მიდრეკილება არ გამოიჩინეს, რა ფორმატიც არ უნდა შესთავაზონ, თუ ორივე მხარის მიერ წითელი ხაზები გადახედილი არ იქნა, ის ახალი ფორმატიც იგივე შედეგით დასრულდება”, - დასძენს გამოცემა.

“მეორე ვარიანტია ის, რომ აშშ მათთვის დამახასიათებელი სტილით პროცესებში პირდაპირ ზეწოლის ფორმით ჩაერიოს და დაუყენოს საკითხი ვთქვათ იქ დახმარების შეწყვეტაზე, ცალკეული პირების სანქცირებაზე, როგორც ეს სენატორმა რიშმა, ასევე ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და დევიდ კრამერმა განაცხადეს. მართალია, სახელწიფო დეპარტამენტში ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სხვა მოსზრებები ჰქონდეთ, რადგან კარგად აცნობიერებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება თუნდაც ცალკეული პერსონების მიმართ, შეიძლება უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე სარგებლის და შესაძლოა პირიქით ბუმერანგად დაუბრუნდეთ. აქ ბევრი ნიუანსებია გათვალისწინებული, მაგრამ სენატში, რომ საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, მანამდე გაჩნდა გარკვეული ექპერტული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ თუ ევროკავშირის ძალისხმევა საბოლოოდ ჩავარდება, მედიატორის კუთხით ლიდერობა შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღოს. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ასეც მოხდეს, ახლა უკვე წამყვან პლანზე არა ევროკავშირი, არამედ აშშ გამოვიდეს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“წარუმატებელ მოლაპარაკებებს ქვეყანაზე მრავალგანზომილებიანი ასახვა აქვს, თუ საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დიდი ალბათობით გაგრძელდება, შესაბამისად ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, ასევე, ეკონომიკაზე, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსზე. გარდა ამისა, ამან შესაძლოა რაღაც გარკვეული სოციალური დაპირისპირებაც გამოიწვიოს, ჩვენ პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში ვართ და არ ვიცით ეს ტალღა როგორ გადაივლის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობაში ჯერჯერობით სკეპტიკური განწყობაა, არც უსაფრთხოების წესრიგს ვიცავთ და შესაძლოა ახალი “ლოკდაუნის” შემოღება მოგვიწიოს, როგორც ევროპაში. ამან კიდევ უფრო მეტი ზეგავლენა იქონიოს ეკონომიკაზე, ოპოზიციას კი მიეცეს ახალი საპროტესტო აქციების საფუძველი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საგარეო პოლიტიკურ განზომილებას რაც შეეხება, დანიელსონმა თქვა, რომ მე ბრიუსელში ინფორმაციას ჩავიტანო და ადვილი წარმოსადგენია რა ინფორმაციას ჩაიტანდა, ეს საქართველოსთვის სასიკეთო ინფორმაცია არ იქნება. აქედან გამომდინარე, ევროპელი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილებების მიმღებთა აღქმაში საქართველო როგორც ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა იქნება აღქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპულის სტანდარტებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. მართალია, ხელს არ გაგვიშვებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამოკიდებულებები შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალოს არა ჩვენ საკეთილდღეოდ, ეს ძალიან სამწუხაროა”, - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.

“მაის-ივნისში გახარიამ ახალი პარტიის პრეზენტაცია უნდა გააკეთოს” - ყოფილ პრემიერს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება სურს

“ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნაზე” - ასე ეხმაურება გიორგი გახარია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებას, ევროპული მედიაციის ჩართულობით. “გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნაზე”, - აცხადებს გიორგი გახარია. მის მოწოდებაზე და პოლიტიკურ მომავალზე “რეზონანსი” ანალიტიკოსებს ესაუბრა. მათი აზრით, ყოფილი პრემიერის მხრიდან ეს იყო ამბიციური განაცხადი და მინიშნება იმაზე, რომ სურს დაიკავოს მესამე პოლიტიკური ცენტრის ნიშა ქვეყანაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაის-ივნისში გახარიამ ახალი პარტიის პრეზენტაცია უნდა გააკეთოს” - ყოფილ პრემიერს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება სურს.

“რადიკალიზმი და პოლარიზაცია რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში, ამაში რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ რა მექანიზმები იცის გახარიამ, რომ რადიკალიზმი და პოლარიზაცია დაასრულოს, თუ გვეტყვის ძალიან დაგვავალებს. ყველა ახალი პოლიტიკურ ძალას, რომელიც პოლიტიკაში მოდის, აქვს სურვილი დაასრულოს არსებული პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოდიან, ეს თემა ყველას ავიწყდება. სააკაშვილის პარტიაც ამ იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ როგორ განავითარა პროცესები, ყველამ ვნახეთ. ამიტომ სურვილი ერთია, ქმედება მეორე. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რადიკალიზმის დასრულება, მაგრამ ამას სჭირდება უმრავლესობით მოსვლა ხელისუფლებაში. გახდება თუ არ გახარია მესამე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ან როგორ შეძლებს მეტოქეობა გაუწიოს, როგორც “ოცნებას” ისე “ნაციონალურ მოძაროაბს”, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება გახარიას პირველ პოლიტიკურ სვლას, ჩემი აზრით, მაისში ან ივნისის დასაწყისში მან ახალი პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია უნდა გააკეთოს, რათა მოასწროს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ადგილობრივი არჩევნები ახალი პარტიის შექმნისთვის კი ნაყოფიერი ნიადაგი და შანსია” - თვლის ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გახარიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი შეეცდება იყოს დამოუკიდებელი ძალა პოლიტიკაში, თუმცა, ის იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია “ქართული ოცნებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გახარიას გააჩნია რესურსი შექმნას ახალი პარტია და ჩაებას პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი შეეცდება იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, მაგრამ სავარაუდოდ ის იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია “ქართული ოცნებისთვის”, რაც თავად აწყობს “ოცნებასა”, მისი ოპოზიცია იყოს არა “ნაცმოძრაობა”, არამედ გახარია. რაც შეეხება ელექტორატს თუ რამდენი მხარდამჭერი ეყოლება გახარიას ახალ პარტიას, ეს ძნელი სათქმელია, რადგან “ქართულ ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც” თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს. თუმცა, მისი მხარდამჭერების უმრავლესობა შეიძლება იყვნენ ის ადამინები, ვინც არც “ოცნებას” აძლევს ხმას და არც “ნაცმოძრაობას”. შეძლებს თუ არა გახარია ოპოზიციასთან თანამშრომლობას და პოლარიზაციის დასრულებას ქვეყანაში, ძალიან საინტერესო თემაა. მაგრამ ოპოზიციამ სადაც ბურჯანაძე მიიღო, რა გასაკვირია, რომ მიიღოს გახარიაც, მით უფრო თუ ის ალაპარაკდება 20 ივნისის ამბებზე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“მალე გამოჩნდება ისიც, არის თუ არ გახარია ივანიშვილის პროექტი, რადგან თავად ივანიშვილმა პოლიტიკიდან წავსლის წინ განაცხადა, რომ “ოცნება” მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში და უნდა მოვიდეს ახალი ძალაო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას პარტია ფარულად დაფინანსდეს ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობა” რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბიძინას საქართველოში აღარ დაედგომება”, - დასძენს ჩიტაძე.

მესამე ტალღის ზღვარზე - წერტილოვანი შეზღუდვები იწყება, შემდეგ დაიხურება…

“კორონავირუსის ახალი ტალღის საფრთხემ ქვეყანა შეზღუდვების მესამე წრეზე დაატრიალა - დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერტილოვანი შეზღუდვების დაბრუნებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციაა მეორე ტალღის წინა პერიოდის მსგავსია და თუ მოსახლეობამ სიფრთხილე არ გამოიჩინა, მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება. “მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “აჭარა ტექსტილში”, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები უკვე დაფიქსირდა, ამიტომ, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე ტალღის ზღვარზე - წერტილოვანი შეზღუდვები იწყება, შემდეგ დაიხურება…

“წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, “აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, - განაცხადა გამყრელიძემ, დასძენს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა საგანგაშო სიგნალია, რომელიც ნიშანია იმისა, რომ რომ შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღის რისკი გაჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბოლო 3 დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დღეს იყო გარდაცვალების 5 შემთხვევა, მაგრამ 616 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 676 მაშინ, როდესაც 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია, თუმცა ჯერ საგანგაშო არ არის. ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს, არ დავუბრუნდებით სიფრთხილის ზომებს, რომელიც გვქონდა, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ არ ვცხოვრობთ ევროპისა და მსოფლიოს გარეთ, მათგან დამოუკიდებლად და თუ უკვე მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაიწყო ან ზოგან იწყება, სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვერ ავცდეთ მესამე ტალღას, თუ პირბადეების მასობრივ ტარებაზე არ გადავედით და სოციალურ დისტანცირებაზე, ამას რა მოყვება ყველამ ვიცით. ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის”, - განაცხადა ცერცვაძემ და არ გამორიცხა ისიც, რომ თუ შემთხვევები კვლავ გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში შეზღუდვები განახლდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანა მართლაც მესამე ტალღის წინაშე დადგა ამ ეტაპისთვის წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ვირუსის შეკავების სხვა გზა ქვეყანას არ აქვს. “სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვირუსის შეკავებისთვის შეზღუდვების მეტი არაფერი გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ესაა ერთადერთი გამოსავალი, ან აცრები მასობრივად უნდა მოხდეს, რომელსაც ჯერ ვერ ვახერხებთ, რომ ყველა ადამიანი აიცრას, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ პირველ ეტაპზე რამაც გადაგვარჩინა, ეს სწორედ წერტილოვანი შეზღუდვები იყო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანების სოციალური დისტანცირება მაქსიმალურად უნდა მოხდეს, თორემ პირბადის ხმარება მეტ-ნაკლებად ყველამ ისწავლა, მაგრამ მხოლოდ პირბადე არ დაგვეხმარება თუ დისტანცირება არ მოხდა, სამწუხაროდ ალბათ ისევ ტრანსპორტი შეიზღუდება”, - მიიჩნევს ხმალაძე, რომლის თქმით, “პირადად არ მოსწონს ეს, მაგრამ ეს ერთ-ერთი გზაა”, - დასძენს გამოცემა.

“ასევე, ალბათ რესტორნები და გასართობი საშუალებებიც შეიზღუდება. რაც შეეხება საქალაქთაშორისო შეზღუდვებს, ეს ყველაზე ბოლოს უნდა განხორციელდეს, რადგან რაიონის მოსახლეობას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება, თუნდაც, ელემენტარული სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, მაგრამ ის რის გარეშეც ცხოვრება შეგვიძლია, პრინციპში ალბათ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ მეორე ტალღასაც არ ველოდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს. ამერიკა უკვე მეოთხე ტალღის წინაშეა და რა გასაკვირია, რომ საქართველო მესამე ტალღის საფრთხის წინაშე იყოს, თუმცა, რატომღაც იმედი მაქვს, რომ მესამე ტალღა არ იქნება. აცრილთა რაოდენობა თუ კარგად გვექნება და გარეთ მოძრავი ხალხი მაქსიმალურად აიცრება, მოხუცები თავის დაზღვევის მიზნით რომ უნდა აიცრან, კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ის ხალხი უნდა აიცრას, რომლებსაც სხვა ადამიანებთან აქვთ კონტაქტი და შანსია, რომ მათ ინფექცია გაავრცელონ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლის ხმალაძე.

“ამიტომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი და გამყიდველები და მსგავსი სფეროს ხალხი უნდა აიცრას და მერე ვიფიქროთ მოხუცებზე და იმ ხალხზე, რომლებიც გარკვეულწილად იზოლირებულებიც კი არიან ხოლმე... რაც შეეხება ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზს, ერთი შეხედვით საზოგადოებრივი ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნაა, რადგან ადამიანები ყველაზე უფრო ახლოს ტრანსპორტში არიან, მაგრამ მთლად ასეც არაა, თვითონ ადამიანებიც ძალიან გაუთამამდნენ, თქვენ ხომ არ იცით ოჯახებში რამდენი ადამიანი იკრიბება? მე ვიცი,რომ დაბადების დღეებიც ტარდებოდა და ეს ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა, ამიტომ, გარედან ასე ჩანს, რომ პირველ რიგში შეიძლება ტრანსპორტის ბრალი იყოსო, მაგრამ თვითონ ადამიანებიც შეეჩვივნენ და ამ დაავადების რატომღაც აღარ ეშინიათ. ამიტომ ჩემის აზრით ეს ალბათ ისევ ჩვენი ქცევის და დამოკიდებულების ბრალია”, - დაასკვნის ხმალაძე.

“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ჯგუფს 55 წელს ზემოთ პირებიც დაემატნენ. “საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა”, - განაცხადა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მიმნისტრის განცხადებით, დანაკარგია ვაქცინის 3%-მდე181 დოზა, ვაქცინის ამ დოზებით კი პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო “ფაიზერისგან” ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. თუმცა, უწყება “ფაიზერისგან” ჯერ დასტურს ელოდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო