ქართული პრესის მიმოხილვა 05.04.2021

თენგიზ ფხალაძე - “ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ”

მესამე ტალღა და წერტილოვანი შეზღუდვები - განმეორდება თუ არა საქართველოში შარშანდელი ნოემბერი

კახა გოგოლაშვილი - “ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ”

“ბანალური ვითარებაა - ვერ ხერხდება სახელმწიფო ინტერესებზე კონცენტრირება, რაც უპირველესად პოლიტიკური კლასის უმწიფრობაზე მიუთითებს. ამაზე დანიელსონმაც ილაპარაკა. მან თქვა, მხარეები არ აღმოჩნდნენ კომპრომისისთვის მზად და კომპრომისი უპირველესად ხელისუფლების პასუხისმგებლობააო. სამწუხარო მოსასმენი იყო მისგან, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები არ არიან მზად ეროვნული ინტერესების პარტიულზე მაღლა დასაყენებლად და შეთანხმების მისაღწევად. იმას, რაც ბოლო დროს ჩვენთან ხდება, ევროპულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უფრო მეტად ზრუნავს შენს ქვეყანაზე, ვიდრე აქაური პოლიტიკოსი, ეს ქვეყნის ტრაგედიაა”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ” / ის, რომ აქ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, განსაკუთრებით რუსეთის, აქტიურად მუშაობენ, ეს ვარაუდი კი არა, მოცემულობაა. უბრალოდ, პოლიტიკური ლიდერების ვალია, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალონ და არა ის, რომ საკუთარი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე ასხან წყალი.

“ბოლო ხანს დანიელსონისგან და სხვა არაერთი ევროპელი პარტნიორისგან მუდმივად გვესმის, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ საქართველოზე და ხელმძღვანელობდნენ არა პარტიული, არამედ ეროვნული ინტერესით. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსებს ამის ახსნა სჭირდებათ, იმ ქვეყნის საქმე კარგად ნამდვილად ვერ იქნება. ვფიქრობ, ამ მედიაციის ჩაშლით სერიოზული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რაც ცუდია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ვიმეორებ - ამ პროცესში ჩვენ ნათლად დავინახეთ საქართველოს პოლიტიკური ელიტის სრული უმწიფრობა, მას არ შეუძლია ევროპული სტანდარტებით პოლიტიკური პროცესის წარმართვა. დანიელსონმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ არ აქვს ქართველი პოლიტიკოსების იმედი, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანაში არის ძლიერი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი გადაფურცლავს თავისი ისტორიის ამ საკმაოდ მძიმე ფურცელს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“რაც შეეხება დანიელსონის დოკუმენტს, რატომღაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იმასაც კი მოელის, რომ ევროკავშირი ან აშშ გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, მაგალითად, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები. არადა, ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად გვითხრეს, რომ ისინი ასე არ მუშაობენ. ისინი პატივს სცემენ საქართველოს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას და მხოლოდ გვეხმარებიან, რომ გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვიღაცამ ის გააკეთოს, რაც ქართველი პოლიტიკური ლიდერების საქმეა, ასეთი რამ არ მოხდება. ეს ვერ გაიგო ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა და ეს არის ქვეყნის უბედურება. ჩვენი პოლიტიკოსები ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მაგრამ რა არის ევროპული პოლიტიკა, წარმოდგენა არა აქვთ. დანიელსონი სათითაოდ ხვდებოდა ყველას, ისმენდა თითოეულის აზრს და აქედან გამომდინარე შეადგინა მოლაპარაკების ის პუნქტები, რომლებიც მოცემულია დოკუმენტში და რაზეც მხარეებს, მისი აზრით, შეეძლოთ შეთანხმება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ის, რომ უცხოელი მომლაპარაკებელი გვჭირდება, დიდი პრობლემაა, მაგრამ უცხოელი რომ გვეუბნება, ქართველებო, სამშობლო გიყვარდეთ და ეროვნულ ინტერესებზე იზრუნეთო და ამის მერეც არ ვათხოვებთ ყურს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომაც მას შემდეგ, რაც ხელი ავუკარით ევროკავშირს, მივედით ევროპარლამენტართა იმ წერილამდე, რომელშიც უკვე სხვა კილოთი გველაპარაკებიან - გვაფრთხილებენ, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი არ აღმოიფხვრა, მალე საქართველოსთან შეიძლება ვეღარ გაგრძელდეს ძველებურად ურთიერთობა. ცუდია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს... ის, რომ დასავლეთი ამ პროცესში უფრო ქმედითად ჩაერთვება, ეჭვი არ მეპარება. ველი, რომ გააქტიურდება ამერიკა, ის მეტად იქნება წარმოდგენილი მომავალ მოლაპარაკებაში. ამასთანავე, ცნობილია, რომ სენატი მუშაობს რეზოლუციის პროექტზე. კარგი იქნებოდა, საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა ტიპის რეზოლუციაზეც ემუშავა, მაგრამ ჯერ ასეთია რეალობა”, - ამბობს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ვერ გაუცნობიერებიათ საკუთარი პასუხისმგებლობა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე რითაც ეს ქვეყანა მოვიდა, ამათი უპასუხისმგებლობით ინგრევა. ეს განცხადება, “წერილს 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელსო”, უმეცრების ან უტიფრობის კიდევ ერთი ნიმუშია. ვისაც პოლიტიკაში იმის ახსნა სჭირდება, თუ ვინ არის ის 7 ევროპარლამენტარი, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. სწორედ ისინი ქმნიან ამინდს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხში. მათ სიტყვას და შეფასებას დიდი წონა აქვს. ჯობს იმ მძიმე პერსპექტივაზე დაფიქრდეს ყველა, თუ იძულებული გავხადეთ ჩვენი პარტნიორები მართლაც იფიქრონ ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე”, - თვლის თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა არაერთხელ თქვეს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს...” - პასუხობს:

“ჩვენს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ, გაახსენდათ ქართველი კლასიკოსები, მაგალითად, ვაჟა, მე კი ალექსანდრე ყაზბეგის პერიფრაზით გიპასუხებთ: გულს არ სჯერა, რომ ამ მიწა-წყლის შვილი ადგება და ასე უღალატებს ქვეყანას და გაყიდის... მირჩევნია, რაც ხდება, ეს დავაბრალო უჭკუობას და არა მოღალატეობას. ის, რომ აქ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, განსაკუთრებით რუსეთის, აქტიურად მუშაობენ, ეს ვარაუდი კი არა, მოცემულობაა. უბრალოდ, პოლიტიკური ლიდერების ვალია, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალონ და არა ის, რომ საკუთარი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე ასხან წყალი. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის მედიაციის ჩაშლის აღსანიშნავად მოსკოვში შამპანურსაც კი გახსნიდნენ ისეთი საჩუქარი მივართვით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რაზეც ძნელად იოცნებებდნენ”.

“ფართომასშტაბიან ჰიბრიდულ ომს რუსეთი დიდი ხანია უკვე აწარმოებს. საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ჰიბრიდული ომის წარმოების ყველა საშუალებას და ჩვენ იმდენი ჭკუა უნდა გვეყოს, რომ ამას ხელი არ შევუწყოთ. გვახსოვდეს, რუსეთის ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობა. მთელი რუსული საგარეო ნარატივი ამას ემსახურება. როდესაც ისინი ელაპარაკებიან ევროკავშირსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ეს დგას ერთ გზავნილზე: რა ჯანდაბად გჭირდებათ საქართველო, შეუმდგარი ქვეყანა, რომელიც ვერასდროს გახდება ჭეშმარიტი ევროპული სახელმწიფოო. და ჩვენ პოლარიზაციის გაღრმავებით და კრიზისის ამ დონემდე მიყვანით მხოლოდ და მხოლოდ ამის არგუმენტებს ვაძლევთ კრემლს, მის თამაშს ვთამაშობთ. ქვეყანა გვეშლება თვალწინ და არაფერს ვაკეთებთ... როდესაც ვლაპარაკობ უპასუხისმგებლობასა და უმწიფრობაზე, მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. უმწიფარია მთელი პოლიტიკური სპექტრი, უბრალოდ, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ბოლო სოციალური კვლევები გვიჩვენებს, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად პოლიტიკური კლასი შორდება საზოგადოებას. ნახეთ, როგორ ქვეითდება პოლიტიკური ძალების რეიტინგები. ერთი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკოსები შორდებიან ხალხის განწყობასა და მოთხოვნებს და მეორე ის, რომ პოლიტიკოსები არც კი ცდილობენ ვითარების რამენაირად განმუხტვას. ჩვენ ვართ მოცემულობაში, ხელისუფლება მიცემულია თვითკმაყოფილებას, რადგან სხვა პარტიებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს. ის ვერ ხედავს საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდას; მეორე მხრივ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, მაგრამ საკუთრ შესაძლებლობებზე მისი წარმოდგენა ჰიპერბოლიზებული და უკიდურესად გადაჭარბებულია. შედეგად პოლიტიკური პროცესი სრულიად აცდენილია რეალობას. მგონი, ერთხელ ვთქვი თქვენს გამოცემასთან და გავიმეორებ - პოლიტიკოსთა ნაწილს ისევ 2012 წელი ჰგონია და ისევ სისხლიან 9 წელზე ლაპარაკობენ, მეორე ნაწილს კი 2003 წელი ჰგონია და რევოლუციას ელის. ორივე პოზიცია და სცენარი ირეალურია...”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რა შეეხება პოზნერის ვიზიტს, ამას “ვიზიტს” ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩამოსვლა რესტორანში, უფრო სწორად, დუქანში - სწორედ ასეთი დამოკიდებულება გამოჩნდა. აქ “საგრიალოდ” ჩამოვიდნენ, არც გაითვალისწინეს, რა ჰქონდათ მანამდე საქართველოზე ნათქვამი და არც ჩვენი კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი პასპორტი აქვს პოზნერს, რუსული, ფრანგული თუ ამერიკული, დიახ, სამივე ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს შეურაცხმყოფელმა ადამიანმა, ვისი მოქალაქეც უნდა იყოს, უნდა მიიღოს ამ შეურაცხყოფაზე პასუხი. იმაზე ამოფარება, რომ ის ამერიკული პასპორტით ჩამოვიდა და ამიტომ შემოვუშვითო, ძალიან უსუსური არგუმენტია. ამბობენ, რომ პროტესტი იყო გადაჭარბებული, რასაც ვერ გავიზიარებ. პროტესტი იყო აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი. მაგრამ რატომ მივიდა ეს ხალხი აქამდე? აი, ამაში ძალიან დიდია ისევ და ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობა”, - მიიჩნევს ფხალაძე.

“რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრით ცდილობს აჩვენოს, ვინ არის ამ რეგიონში მთავარი მოთამაშე. აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ მსოფლიოში სხვა დღის წესრიგი ყალიბდება და რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გაიმაგროს პოზიცია და არ დათმოს ის ქვეყნები, რომელთაც კრემლში საკუთარ უკანა ეზოდ მიიჩნევენ. რუსეთი სარგებლობს, რომ ევროკავშირი დაკავებულია შიდა პრობლემებით, მათ შორის პანდემიით და მიიჩნევს, რომ კარგი დროა ძალის საჩვენებლად. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ნორმალური პოლიტიკის წარმოების რესურსი არა აქვს. ის ერთადერთ გზად ხედავს შეიარაღებული ძალის დემონსტრირებას. ასე რომ, შავის ზღვის რეგიონი ტურბულენტურ ზონაში შედის. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოც ამ დიდი თამაშის ნაწილია და ამან უფრო უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რა ელოდება ქვეყანას, რომელსაც ასეთი პოლარიზაციისა და დაპირისპირების ჭაობისკენ მიაქანებენ პოლიტიკოსები”, - დასძენს ექსპერტი.

მესამე ტალღა და წერტილოვანი შეზღუდვები - განმეორდება თუ არა საქართველოში შარშანდელი ნოემბერი

“დაიწყო თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა და იგეგმება თუ არა უახლოვეს მომავალში დიდი ქალაქების ჩაკეტვა? ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ნაწილი ამბობს, რომ მესამე ტალღა უკვე 2 კვირაა რაც დაიწყო, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯერაც არ დაწყებულა და მას გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში უნდა ველოდოთ. რაც შეეხება თბილისის და სხვა ქალაქების ჩაკეტვას, ამის შესახებ ინფორმაციას არც ერთი მათგანი არ ფლობს, თუმცა ამბობენ, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, სპეციალისტების აზრით, თუკი ვირუსის ზრდა რომელიმე კონკრეტულ რეგიონში სწრაფად დაიწყო, მისი ლოკალური ჩაკეტვა უნდა მოხდეს, რათა ნოემბრის მსგავსი ზრდა თავიდან ავიცილოთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე ტალღა და წერტილოვანი შეზღუდვები - განმეორდება თუ არა საქართველოში შარშანდელი ნოემბერი.

“ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული სიტუაცია ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ფიქსირდება. რთული სიტუაციაა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდემიის მესამე ტალღას ექნება თუ არა ცუნამისებური სახე, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული - თუ როგორ დავიცავთ არსებულ რეგულაციებს და წესებს. ასევე, მათი აზრით, თუ მესამე ტალღა თბილ ამინდებს დაემთხვა, ეს ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს. კოვიდინფექციის მასობრივი დადასტურების გამო, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამთავისსა და ქვემო ჭალაში მეორე დღეა თერმოსკრინინგის მიზნით მობილური პუნქტები მოეწყო. ამ დროის მონაცემებით სოფლის ჩაკეტვა არ განიხილება. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და აქტიური ტესტირება. გამოვლენილი შემთხვევების გამო ადგილზე დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში პარასკევს ჩატარებულმა მოსახლეობის მასობრივმა ტესტირებამ კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევა გამოავლინა. მათ შორის არის ორი მცირეწლოვანი, 2 და 3 წლის გოგონები, რომლებსაც ვირუსის კლინიკური გამოვლინებები აღენიშნებოდათ და სპეციალისტებმა მათი ბათუმში, კოვიდკლინიკებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოფელ შრომაში გამოვლენილი ექვსივე შემთხვევა კვლავ 8 მარტის აღსანიშნავი სუფრის კლასტერს უკავშირდება. შრომაში უკვე საერთო ჯამში ვირუსის 31 შემთხვევაა. სოფელში ეპიდკვლევა დღესაც გრძელდება და მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას თერმოსკრინინგიც დაემატება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ფართო “ლოკდაუნი” არ იგეგმება. “ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივად შემთხვევების მატების ლოკალიზება სხვადასხვა ადგილებზე, რადგან ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყნის ბიზნესი და სოციალური აქტივობები ძალიან მძიმედ გადაიტანს. მნიშვნელოვანია მცირე, წერტილოვანი რეაგირება სწრაფად და სწორედ ეს კეთდება ახლა. ჯერჯერობით, ვმუშაობთ ინტენსიურ ტესტირებაზე. მთავარი არის იმ წესების აღსრულება, რომელიც დაწესებულია. სამწუხაროდ, აღსრულება არ ხდება. ძირითადად, სოციალური თავშეყრის გამო არის შემთხვევების ლოკალური მატება, სადღაც ქორწილი ჩატარდა ან ხალხმრავლობა იყო სხვა მიზეზით. ამ ტიპის სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია და თუ რეგულაციებს მკაცრად არ დავიცავთ, შესაძლოა ქვეყანაში მოვლენები ნოემბრის სცენარით განვითარდეს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა და ქვეყანაში ლოკდაუნი გამოცხადდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში “მესამე ტალღა” დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი - მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში “მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო. ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფხაკაძე.

“დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში. ხელები დაიბანეთ ხშირად. კონდიციონერი არ შეიძლება. არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში”, - ამბობს გიორგი ფხაკაძე. ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე კი ამბობს, რომ მესამე ტალღა იქნება თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ფაქტობრივად ჯერ ერთი ტალღა გვქონდა, რომელიც შემოდგომაზე, ნოემბერში ყველაზე მძიმედ გადავიტანეთ. ამიტომაც რთული სათქმელია რეალურად ეს იქნება მეორე თუ მესამე ტალღა. ზოიძეს იმედი აქვს, რომ რეგულაციების მკაცრი კონტროლით ეს ტალღა აცილებული იქნება. თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა, მისი გაკონტროლება გაცილებით რთული გახდება. ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომაც ბევრი რამე საზოგადოების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული, ხოლოლოკალური ჩაკეტვები აუცილებელია, რათა ზუსტად იგივე სიტუაცია არ მივიღოთ, რომელიც ნოემბერში გვქონდა”, - დასძენს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევები სტაბილურად მატულობს. მათ შორის გავრცელების ლოკალური კერებიც გაჩნდა. ჩვენზეა დამოკიდებული ქვეყანა რამდენად წავა ისევ სრულ ლოქდაუნზე. იმედია ეს არ მოხდება, რადგანაც ამას კიდევ როგორ გადავიტანთ, არ ვიცი. ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ისევ ჩაკეტილ რეჟიმში ცხოვრება. ჯერჯერობით არ ველი, რომ რომელიმე დიდი ქალაქების ჩაკეტვა მოხდება. არ ვიცი თბილისის დაკეტვაზე რატომ საუბრობენ, რადგანაც ამ ეტაპზე ისეთი მძიმე ეპიდსიტუაცია არ გვაქვს. რაც შეეხება ლოკალურ და ადგილობრივ შეზღუდვებს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგ მთელი ქვეყნის ჩაკეტვა არ მოხდეს. კარგია ამის გაკონტროლება რომ ხდება. კონტაქტების მიდევნება უნდა გააქტიურდეს და მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური კონტროლი მესამე ტალღის მძიმედ დარტყმას თავიდან აგვაცილებს. თუ შევძლებთ და თავიდან ავიცილებთ, იდეალური იქნება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“მასობრივ ვაქცინაციამდე რომ წესები დავიცვათ და კონტროლის მექანიზმი კიდევ უფრო გაძლიერდეს, არ მგონია ზაფხულისთვის სავალალო მდგოამრეობა გვქონდეს”, - მიიჩნევს ზოიძე. მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაცია წლის ბოლომდე არ გვექნება, ამიტომაც მესამე ტალღასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი პირბადის მაქსიმალურად გამოყენება და დისტანციის დაცვაა. ასევე, სადაც ეპიდემიოლოგიურად მძიმე სიტუაცია იქნება, იმ რეგიონების ლოკალურად ჩაკეტვა. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა ჯერ არ არის დაწყებული და მისი გავრცელება ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ ვიმოქმედებთ და წესებს რამდენად სწორად დავიცავთ. ასევე თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს, ვაქცინაციის გაკეთების იქით მეტი არჩევანი არა გვაქვს. მესამე ტალღას ყველა მხრივ მომზადებულები უნდა დავხვდეთ, რათა ციფრების მატება დიდი არ იყოს და ქვეყანა ისევ მორიგ ლოკდაუნზე არ წავიდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მესამე ტალღა და გარკვეული ციფრების მომატება იქნება. სამწუხაროდ, კორონავირუსს მაღალი გავრცელების პოტენციალი გააჩნია. მას მობილობის შეზღუდვა და პირბადის ტარება აკავებს. მესამე ფაქტორი, რაც ვირუსის რეპროდუქციულ გავლენაზე ზემოქმედებას ახდენს, ვაქცინაციაა. ჩვენ ეს დროის მოკლე მონაკვეთში ვერ მოგვეხმარება. მაშინ ქვეყანაში დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი. ამიტომ რეალურად შემოდგომამდე რეგულაციების მართვის იმედად ვართ. ამიტომაც აღსრულების ნაწილში სიმკაცრე უნდა იყოს, რადგანაც მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება არ მივცეთ. მესამე ტალღა დაწყებული არაა, ეს იქნება გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ეს არის ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტორი, რადგანაც სიცხეში მოქალაქეების გადაადგილება ასეთი ინტესიური აღარ იქნება. ასევე ურთიერთობა ადამიანებს შორის მჭიდრო არ იქნება და შემოდგომისგან განსხვავებით კორონას გავრცელების ტემპი სწრაფი არ იქნება. ეს იქნება შედარებით დაბალი მოცულობის ტალღა და მას ის ცუნამისებური ეფექტი არ ექნება, რომელიც ჩვენ ნოემბერში უკვე გადავიტანეთ”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

კახა გოგოლაშვილი - “ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან”

“კრისტიან დანიელსონის კიდევ ერთი უშედეგო ვიზიტი ბევრ რამეზე მიანიშნებს. უპირველესად იმას, რომ პოლიტიკური პარტიები წაუგებელი თამაშის წარმოჩენასა და თავიანთი პოზიციის ბოლომდე გატანას ცდილობენ - ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს ნაკლებად ითვალისწინებენ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით აფასებენ ვითარებას. მოლაპარაკების ჩაშლა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ამხელა ძალისხმევის წყალში ჩაყრა ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ევროკავშირი შეურაცხყოფილია”, - აცხადებს “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან” / “მგონია, ქუჩაში დაუღვინებელი ბიჭების ძიძგილაობას ვუყურებ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დათმობა უკანდახევად ჩაეთვლებათ და ქუჩის ბიჭებში ავტორიტეტს დაკარგავენ” / “რურუას პოლიტიკურ წარსულსა და “მხედრიონის” წევრობაზე არ ვლაპარაკობ, ახლა იარაღის უკანონო ტარებისთვის არის დაკავებული და მისი შეწყალება რა გახდა?”.

“გადამეტებულ შეფასებად მიმაჩნია ევროპარლამენტარებისგან დახმარების შეწყვეტაზე მსჯელობა, თუმცა შესაძლოა ფინანსური დახმარების საკითხს გადახედონ. მათ მიერ მიერ მხარდაჭერილი ქვეყნებიდან საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტს იღებს. შესაძლებელია გადახედონ უპირობო დახმარების მექანიზმსაც, კერძოდ, მაკროფინანსურ დახმარებას 60 მილიონ ევროზე, რომელიც ოქტომბერში უნდა მივიღოთ. შეიძლება გვითხრან, სანაცვლოდ ესა და ეს ვალდებულება შეასრულეთო, მათ შორის პოლიტიკური, საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხიც იქნება... ორივე მხარის გაჯიუტების გამო იქამდე მივედით, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვის წერილს ხელს აწერს 7 ევროპარლამენტარი, რომელთა უმრავლესობა ჩვენი მხარდამჭერია და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობები უჭირავთ. თუ ისინი ასეთ კრიტიკულ წერილს აქვეყნებენ, ნაკლებად მხარდამჭერი პირები სიამოვნებით მოაწერენ მას ხელს. დრამატიზება არ მინდა, მაგრამ შესაძლოა რეზოლუციაც მოამზადონ, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“პოლიტიკურ ნარცისიზმში არიან გადავარდნილი. ჰგონიათ, თუ მხარდამჭერებს დაუმტკიცებენ, როგორი მაგრები და პრინციპულები არიან, მოგებული დარჩებიან. პრიმიტიულად უყურებენ ვითარებას - ვნახოთ, ვისი აჯობებსო... არც საერთაშორისო კონტექსტი აინტერესებთ, აღარც ის, საით მიდის ქვეყანა, როგორ იქნება ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების საქმე. არადა, რომ არა მხარდამჭერები, უაღრესად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა უარეს დღეში ჩავარდებოდა. ეს პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. “ოცნებას” შეეძლო ეთქვა, არჩევნებს 2024 წელს კი არა, 2023-ში ჩავატარებო. თან გააპიარებდა - საერთაშორისო საზოგადოებრიობაც აღიარებს არჩევნების შედეგებს, ოპოზიცია ტყუილად გვაბრალებს გაყალბებას, მაგრამ ამ უსამართლობაზე იმიტომ მივდივართ, ოპოზიციისგან განსხვავებით ქვეყნის ბედი გვაღელვებსო. ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლის დიდი ნაწილი მის მხარეს გადავიდოდა, უფრო კონსტრუქციულიაო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ოპოზიციამ გაართულა ვითარება, როდესაც გირაოზე უარი განაცხადა. ეთქვათ, ეს უსამართლობაა, მაგრამ მაინც გადავიხდით, ქვეყანა კრიზისიდან რომ გამოვიყვანოთო. ეს ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა. მთავრობამაც თქვა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში მელიას გაათავისუფლებდა. რურუას საქმე უფრო მარტივია - ბოლოს და ბოლოს, პოლიციელის მკვლელი და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა. რურუას პოლიტიკურ წარსულსა და “მხედრიონის” წევრობაზე არ ვლაპარაკობ, ახლა იარაღის უკანონო ტარებისთვის არის დაკავებული და მისი შეწყალება რა გახდა? მგონია, ქუჩაში დაუღვინებელი ბიჭების ძიძგილაობას ვუყურებ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დათმობა უკანდახევად ჩაეთვლებათ და ქუჩის ბიჭებში ავტორიტეტს დაკარგავენ...”, - მიიჩნევს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

“თუ კრიზისი გაგრძელდება ორივე მხარის რეიტინგი დაეცემა და სტაბილურ ამომრჩეველსაც დაკარგავენ. არის სხვა ვერსიაც - შესაძლოა პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდეს ექსტრემალური პოპულისტური ძალა პოპულისტური საარჩევნო პროგრამებით, რომელიც სიტუაციით ისარგებლებს და ამომრჩეველსაც შემოიკრებს. არაერთ ქვეყანაში მომხდარა ასე და კარგად არასდროს დასრულებულა... ასეთ ვითარებაში კონსტრუქციული ოპოზიციის გამოჩენა ნიშნავს, რომ იღბალი გვქონია. თეორიული მსჯელობა ამა თუ იმ ფიგურაზე არაფერს ცვლის, თუმცა ასეთი ძალა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თორემ პოლიტიკურ კინკლაობას ქვეყანა გადაჰყვება. ინფლაციაა, ინვესტიციებმა იკლო, ტურიზმი კოვიდპანდემიის გამო გაჩერებულია, გადმორიცხვებმაც იკლო, არც უცხოეთშია სტაბილური ვითარება. ევროპასაც შეიძლება დახმარების რესურსი ამოეწუროს, რადგან პანდემიის მესამე ტალღის გამო ლოკდაუნები დაიწყო. ამერიკაც შორსაა “კოვიდის” დამარცხებისგან. ამ დროს კი საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება, ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ არც ერთ პარტიას აღარ მოუნდეს ქვეყნის მართვა”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

“ამერიკა ამ პროცესებში ჯერ არ ჩაერევა, რადგან ევროპელი დიპლომატები ცდილობენ საქართველოში ვითარების მოგვარებას და შავ კატასავით წინ არ გადაურბენენ. პრესტიჟის ამბავია - ევროკავშირმა ვერ მოაგვარა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის მოადგილე ჩამოვიდა და უცებ ყველაფერი გადაწყდაო. ეს ევროკავშირის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმა იქნება მსოფლიოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მტკივნეული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, თან ამერიკას საქართველოსთვის ჯერ არ სცალია, ევროპასთან ურთიერთობის აღდგენით არის დაკავებული, თან ცდილობს ტრამპის დროიდან ჩინეთთან გაფუჭებული კავშირი აღადგინოს. ახლო აღმოსავლეთის საკითხებსაც ახლებურად უდგებიან, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზეც არის საუბარი. საქართველოს დიდი პრობლემების მოგვარების შემდეგ მიაქცევენ ყურადღებას. იმედია, მანამდე ისეთს არაფერს გავაფუჭებთ, რომ რამდენიმე წლით უკან დავბრუნდეთ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მიკვირს იმ პოლიტიკური ძალების, ვინც მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მეგონა, მათ მსოფლიოში არსებული ვითარების ადეკვატურად შეფასების უნარი არ აღმოაჩნდათ - თუნდაც რუსეთ-უკრაინას შორის ვითარების თავიდან დაძაბვას ვგულისხმობ. თუ რუსეთს უკრაინასთან ომის განახლება სურს, ახლა კარგი დროა, ევროპაც და ამერიკაც, მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, “კოვიდის” გამო დასუსტებული არიან, რუსეთი კი ასეთ მომენტს ეძებს - აქტიურდება მაშინ, როდესაც იქ შიდა დაპირისპირებაა, ან მისი მხარდამჭერი ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით არიან დაკავებული. შესაძლოა ეს მხოლოდ კუნთების თამაში იყოს, ზეწოლა უკრაინაზე, ზელენსკიზე, დონბასისა და ლუგანსკის საკითხზე, რათა მათ სტატუსი მიანიჭოს. რუსეთმა კიდევაც რომ მოახდინოს იმ ტერიტორიების ანექსია, პრობლემებს დაიმატებს, ახალი სანქციები დაეკისრება, ვერც ნავთობსა და გაზს გაყიდის, მთელი ევროპა ამერიკულ გაზსა და შიდა რესურსებზე გადავა, ნავთობი |- სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. არადა, უკრაინის საზღვართან შეკრებილი სამხედროების რაოდენობით რუსეთს შეუძლია კიევზეც კი მიიტანოს იერიში”, - მიიჩნევს “რონდელის ფონდის” ექსპერტი.

“რუსეთმა თავისი ჯარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩააყენა, უფრო გაიძლიერა გავლენა სომხეთში, აკონტროლებს სომხეთ-აზერბაიჯანს, თურქეთ-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლას და თუ ხელს შევუწყობთ, სიამოვნებით გააკონტროლებს საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო მაგისტრალსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც. ამას მოიცავს ერდოღანის ექვსეულის ფორმატი, რაც რეგიონიდან დასავლეთის განდევნას ემსახურება. თურქეთი დომინანტობაზე ფიქრობს, მაგრამ რუსეთს გეგმა გათვლილი აქვს - ირანი ამ ფორმატში თამაშის წესებს ვერ დააწესებს, რუსეთ-თურქეთის პაექრობა კი მის სასარგებლოდ დასრულდება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკის განმსაზღვრელი თავად იქნება და შუა აზიასაც ჩაკეტავს ევროპისგან. შედეგად, კასპიისა და შავის ზღვის რეგიონების განვითარება, ასევე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების გაყვანა, რომელიც საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე გასვლით ვითარდება, ჩაიშლება. თუ არ ჩაიშლება, რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. ამიტომაც არის ასე მოწადინებული ევროკავშირი საქართველოში კრიზისის დასრულებით, ძალისხმევას არ იშურებს, როგორმე დაგვანახოს საფრთხეები”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი და შეკითხვაზე - “რა შეიძლება იყოს ევროპელი მედიატორების შემდეგი ნაბიჯი?” - პასუხობს:

“საჭიროა მეტი ზეწოლა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ ქვეყნის არჩევანია ევროპული ინტეგრაცია. რაც შეეხება ევროპელ მედიატორებს, მათი ყველა წინადადება მისაღები იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე მთავრობისთვის, მიუღებელ საკითხებზე კი ონლაინკონსულტაციები იქნება, რათა როგორმე გამოსავალი იპოვონ. თუმცა ცხადია, სანამ მხარეები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში აღარ ჩამოვა, რადგან ის, რაც გავაკეთეთ, ევროკავშირისთვის დიდი დარტყმაა. დანიელსონს, როგორც გამოცდილ დიპლომატს, ბევრი რამ აქვს გამოვლილი, როგორც მარცხი, ასევე წარმატება, ქართველი პოლიტიკოსების საქმე მისთვის პირადი პრობლემა არ არის, მაგრამ ევროკავშირის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია და კიდევ უფრო დამაზიანებელი საქართველოსთვის”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო