სოზარ სუბარი - ოპოზიციის აქციაზე 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო - ბევრჯერ გვინახავს ქადილი, მაგრამ შედეგი არაფერი

უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ციფრები, რაც „ქართულ ოცნებას“ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის შედეგებში აქვს, საკმაოდ მაღალია, „ოპოზიცია კი სავალალო დღეშია“.

როგორც სუბარმა IRI-ის კვლევის შეფასებისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ახლა ამბობს, რომ მხარდაჭერას არცერთ პარტიას უცხადებს, არჩევნების წინ შემცირდება და გაიზრდება მათი რაოდენობა, ვინც გარკვეულ პარტიას მისცემს ხმას.

„ფაქტები მეტყველებს შემდეგზე: ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება კვლევები, დაიდება რაღაც ციფრები. 2-3 კვირის შემდეგ კი, როდესაც არჩევნები ჩატარდება, ციფრები არის 15-20-25%-ით განსხვავებული. ამიტომ რამდენად სანდოა ეს კვლევები, ძნელია თქმა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენციებს გამოხატავს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაღალია იმ ადამიანების ციფრი, ვინც ჯერ პასუხს არ ამბობს, ყოველთვის ასეა, როცა არჩევნები შორსაა. რაც უფრო ახლოს მოდის არჩევნები, მცირდება ეს რიცხვი და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც გარკვეულ პარტიას აძლევენ ხმას. აქედან თუ ამოვალთ, ციფრები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, საკმაოდ მაღალია და ოპოზიცია სავალალო დღეშია“,- განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, სადაც გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდა, სუბარი ამბობს, რომ 48%, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან მაღალი და ლეგიტიმაციისთვის საკმარისია.

„არა მხოლოდ 27%-მა, არამედ 52%-მა ხმა მისცა სხვა პარტიებს, ანუ ეს ის ადამიანები არიან, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცა. ჩვენ ავიღეთ 48%, რაც არის ძალიან მაღალი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ლეგიტიმაციისთვის აბსოლუტურად საკმარისი, ყოველგვარი კოალიციის გარეშე. რაც შეეხება მუშაობას, ამომრჩეველთან მუშაობას არ ვწყვეტთ. ახლა წყვეტა იყო ველზე გასვლის, რაიონებში, პანდემიის გამო, თუმცა არჩევნების პერიოდში ესეც აღარ იყო იმიტომ, რომ ჩვეულებრივად იმართებოდა შეხვედრები. ვიწყებთ გასვლებს რეგიონში. ოპოზიციამ ერთი თვის წინ გამოაცხადა, რომ რეგიონებში გასვლებს იწყებს და ჯერ ერთი კაცი არ მინახავს გასული. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ დაგვხვდება პრობლემა, რომელიც არ ვიცით, რადგან ყოველ დღე გავქვს ასეთი შეხვედრები. გასული ორი კვირის განმავლობაში სამი ასეთი შეხვედრა იყო. თუ რა პრობლემები დახვდებათ და რას ეტყვის ხალხი, ამაზე ოპოზიციამ იფიქროს, რომელმაც ერთი თვის წინ გამოაცხადა, რომ გადიან და დღემდე არცერთი მათგანი არ მინახავს გასული ქალაქიდან და ფანჩატურიდან “, - განაცხადა სუბარმა.

IRI-ის კვლევის იმ ნაწილზე კი, რომლის მიხედვითაც გამოკითხული მოსახლეობის 45% ხელახალი არჩევნების მომხრეა, სუბარი ამბობს, რომ „ნებისმიერ კონფიგურაციაში, წაგებული პარტიის მხარდამჭერები ყოველთვის იტყვიან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან, რადგან სურთ, მათმა პარტიამ გაიმარჯვოს“.

„ნებისმიერ ქვეყანაში რომ მსგავსი გამოკითხვა ჩავატაროთ, წაგებული პარტიის თანამშრომლები ყოველთვის იტყვიან, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ეს არჩევნები ჩატარდება ყოველთვიურად, სანამ ისინი არ მოიგებენ, ვინც წაგებულები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოკითხვის შედეგები იქნება იგივე იმიტომ, რომ გუშინდელი მოგებული და იმ დღეს წაგებული პარტიის მხარდამჭერები იტყვიან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან, ამიტომ არჩევნებს წყვეტს კონსტიტუცია და არა ის, გამოკითხულთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ხელახალ არჩევნებს“,- განაცხადა სუბარმა.

გარდა ამისა, სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებს.

„ერთი თვე დარჩა 15 მაისამდე და იქ დავინახავთ საზოგადოების განწყობას. 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო. შემდეგ კი რამდენიმე საათში დაგვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით თავებს, რა მნიშვნელობა აქვს, 500 ვიყავით თუ 50 000, მთავარია აქცია ხომ შედგაო. ძალიან კარგად ვიცით, ხალხი რომ მართლა უკმაყოფილო იყოს, ხელისუფლების საქმიანობით, 5 ათასი კი არა, 50 ათასი ადამიანიც გამოვა და 500 ათასიც. ბევრჯერ გვინახავს ქადილი, მაგრამ შედეგი არაფერი“,- განაცხადა სუბარმა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე