საგარეო უწყების განცხადებით, ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს წარმოადგენს და ნათლად აჩვენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.

საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება.

საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:საგარეო უწყების განცხადებით, ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა