აფგან მუხთარლი - მივცემ ჩვენებას, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება - ეს ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, ამის შესახებ იცოდა კვირიკაშვილმა და ალბათ ივანიშვილმაც

განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, ალბათ, ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მუხთარლიმ აღნიშნა, მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე არ აძლევდა მასთან შეხვედრის უფლებას, თუმცა მუხთარლის თქმით, ის უკვე წელიწადია რაც თავისუფალია და მისით არ დაინტერესებულან.

ამასთანავე, მუხთარლის განცხადებით, მან იცის ვინ იყო მისი გატაცების საქმის ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან, ასევე იცის, რომ ამაში მონაწილეობდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო სამსახური და ლაგოდეხში მდებარე საბაჟო- გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი.

„მე დღეს მივცემ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება და იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ჩემს გატაცებამდე, ვინ იღებდა მონაწილეობას და ვინ დააორგანიზა გატაცება აზერბაიჯანულ მხარეს, მე ეს ვიცი. ასევე, ვიცი, რომ საქართველოს მხარეს ეს დააორგანიზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სასაზღვრო სამსახურმა და ასევე, საბაჟო პუნქტის ხელმძღვანელმა, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხში.

მე გამოძიებას ვაჩვენებ გატაცების ადგილს და რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში, იმიტომ, რომ გავლილი გზის ნახევარი მე საკუთარი თვალით ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ თავზე მქონდა ტომარა, მას ჰქონდა ადგილები, საიდანაც გზის დანახვა შევძელი. განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, ამის შესეხებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, ალბათ, ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა, სწორედ ამიტომ, არაფერს განსაკუთრებულს არ ველი საქართველოს პროკურატურისგან, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე, უნდა მივცეთ ჩვენება. როდესაც მე ვიყავი ციხეში საქართველოს პროკურატურამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩემთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდა, ახლა ხომ თავისუფალი ვარ ერთ წელზე მეტია?! ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მინდოდა თბილისში ჩამოსვლა და არ შემომიშვეს. ეს საქმე ჩემმა ადვოკატებმა უკვე წაიღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“- განაცხადა მუხთარლიმ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით