ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021

ვინ შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და მოახერხებს თუ არა ხალხის გამოყვანას “უცნობი” თავის აქციაზე.

რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” არ არის - ედიშერ გვენეტაძე

თვის ბოლოს შეიძლება უკრაინა-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს - როგორია თბილისიდან დანახული კონფლიქტის პერსპექტივა

ზეთის გაძვირება შემოდგომამდე გაგრძელდება - ადგილობრივი პროდუქტი კახეთშიც კი აღარ აქვთ

* * *

ვინ შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და მოახერხებს თუ არა ხალხის გამოყვანას “უცნობი” თავის აქციაზე

საზოგადოებაში არსებული ის მუხტი, რომელიც “ნაცმოძრაობისა” და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული, საკმაოდ დიდია და არაა გამორიცხული, რომ 9 აპრილს მრავალათასიანი შეკრება ვიხილოთ - ასე აფასებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია აბაშიძე მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას. აბაშიძე მიიჩნევს, რომ აქციაზე ის ხალხი მივა, ვისაც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ხუთთვიანი დავა მობეზრდა და ასევე ისინიც, ვინც “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ქმედებებს ეწინააღმდეგება. აქცია 9 აპრილს “ევროპის მოედანზე” ნაშუადღევსაა დაგეგმილი სახელწოდებით “ქართველის ხალხის მარადისობის დღე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და მოახერხებს თუ არა ხალხის გამოყვანას “უცნობი თავის აქციაზე.

“როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, 9 აპრილს “ევროპის მოედანზე” “ქართველი ხალხის მარადისობის დღე” დაფუძნდება. “თუ ხალხს უნდა ასეთ პირობებში და ასეთ მარაზმში ცხოვრება, ხალხი არ გამოვა, სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დავემორჩილოთ. თუ უმრავლესობაში იქნებიან ადამიანები, ვისაც უნდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, მათი გადასაწყვეტია, ყოველ შემთხვევაში, მე გავჩუმდები და არაფერი სალაპარაკო არ მექნება. ჩავიგდებ ხმას და ენას”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში. “9 აპრილი ქართველთა მეხსიერებაში ტრაგიკულიც და აგრეთვე თავისუფლებისათვის ბრძოლის დღეც, რომელმაც საქართველო ერთ მუშტად შეკრა, შესაბამისად ამ დღეს დაღუპული გმირებისათვის პატივის მიგება და გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებში შეკრება მდუმარე აქცია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის არჩევანია”, - ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, “ვისაც სად უნდა იქ შეიკრიბება და თავის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოზიციას გამოხატავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არსებული ის მუხტი, რომელიც “ნაცმოძრაობისა” და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი რაღაცა პარტიების წინააღმდეგაა მიმართული, საკმაოდ დიდია და არაა გამორიცხული, რომ 9 აპრილს მრავალათასიანი შეკრება ვიხილოთ, სადაც განსხვავებული პოლკიტიკური შეხედულებების ადამიანები შეიკრიბებიან, რომელთაც აერთიანებთ სამშობლოს სიყვარული, 9 აპრილის გმირებისათვის პატივის მიგება და ამავდროულად “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა. შესაძლოა იქ იყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლოა თავიანთი პოლიტიკური გემოვნების გამო ერთმანეთი არ მოსწონდეთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი - სამშობლოს სიყვარული და სააკაშვილის პარტიისადმი მტკიცე და შეურყეველი ოპონირება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“მე ვთხოვ ნებისმიერს, ვინც იქ მივა, რომ შესაძლოა იქ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ერთგვარი პროვოკაციები იყოს - დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ამ პროვოკაციებს არ აჰყვნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ მშვიდობიანად, ნორმალურად შეიკრიბებიან და გიორგი გაჩეჩილაძის ორგანიზატორობით მდუმარე აქციაზე თუ არ ვცდები რაღაც პეტიციაზე ხელმოწერასაც აპირებენ. ნებისმიერი ასეთი მშვიდობიანი შეკრება ნებისმიერ კანონმდებლობაში ჯდება და ორგანიზატორებმა თავადაც განაცხადეს, რომ ისინი მსვლელობას არსად არ აპირებენ, რუსთაველი იქნება თუ “ნაცმოძრაობის” შტაბბინა, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოების განსაკუთრებულად დიდ ნაწილს ეს ხუთთვიანი უაზრო დავა და დაპირისპირება მობეზრდა, პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა, მობეზრდა ხელახალ არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი, ეს საზოგადოების დღის წესრიგში ნამდვილად არაა, გარდა ერთი-ორი ურეიტინგო პარტიის დღის წესრიგისა. საზოგადოებას სხვა უმწვავესი პრობლემები აქვს, რომლებიც მოსაგვარებელია და რაღაცა ადგილებზე და ხელახალ არჩევნებზე უსაგნო კამათი, ეს საზოგადოების განწყობებსა და მოთხოვნებს ნამდვილად აცდენილია”, - დასძენს გია აბაშიძე.

რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” არ არის - ედიშერ გვენეტაძე

"პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ 9 აპრილს რადიკალური ოპოზიციის გამო ქართულ საზოგადოებას საშაულება არ ეძლევა პატივი მიაგოს 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს. მისი თქმით, ის უმსგავსობა, რაც რუსთაველზე ხდება, უნდა დასრულდეს, რადგან რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” პროსპექტი არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” არ არის - ედიშერ გვენეტაძე.

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელმაც კარვები დასცა რუსთაველზე და თავის ამომრჩეველს ატყუებს, რომ მწვავე პროტესტს გამოთქვამენ არსებული ხელისუფლების მიმართ, ყველა ვხედავთ რა სახის პროტეტსია ეს? რას დაამსგავსეს იქუარობა, სრული ანტისანიტარიაა, რუსთაველი ყარს. ამდენი ხანია თბილისის მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები ამას უძლებენ, მაგრამ 9 აპრილი ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რამდენიმე რადიკალის გამო, რომელიც კარავში წამოწოლილა, ღომს ხარშავს და ყველიც ამოჰყავს, მათ გამო საზოგადოებას საშუალება არ აქვს მივიდეს და ერთი ყვავილი მაინც დადოს ამ წმინდა ადგილზე. როდემდე შეიძლება ეს მოითმინოს მოსახლეობამ?! ეს უნდა დასრულდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“მე მივდივარ ამ დღის აღსანიშნავ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი მოვა, ვისაც სამშობლო უყვარს და არ უნდა, რომ შეეგუოს ამ რადიკალების უმსგავსო საქციელს, იმ ანტიქართულ ძალას, რომელსაც ქვეყანა დუღუპვის გზაზე მიჰყავს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც ამ დამნაშავე ძალასთან კოჰაბიტაცია გააფორმა. სათანადოდ რომ დასჯილიყო თავისი მეთაურებით, ეს სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მიშა სააკაშვილი ვერ ისვენებს, აკი გამოკეტა ციხეში მელია. მიშას, ამ პოლიტიკურ ლეშს, სურს მისი ადგილმონაცვლე მელია დიდხანს იჯდეს ციხეში, რადგან თვითონ ეშინია ციხეში ჩაჯდომა, ამით კი ქულებს იწერს. საფანჩატურეთში დიდი არეულობაა, მაგრამ ჯერ ერთად არიან, რაღაცას კიდევ ელოდებიან, ალბათ მიშას და კეზერაშვილის ფულებს, მათ ხომ მხოლოდ ფული აერთიანებთ და არა იდეოლოგია. მაგრამ ძალიან მალე ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევენ. დროა ქართველმა ხალხმა ასეთ ძალას უთხრას, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, საკმარისია, რაც უმტრეს ქვეყანას. ნიადაგი, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, უკვე მომზადებულია და ეს მალე გამოჩნდება”, - დასძენს ედიშერ გვენეტაძე.

თვის ბოლოს შეიძლება უკრაინა-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს - როგორია თბილისიდან დანახული კონფლიქტის პერსპექტივა

“უკრაინაში ვითარება დღითი დღე უფრო კრიტიკული ხდება, გასული 24 საათის განმავლობაში პრორუსულმა ფორმირებებმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რასაც უკრაინელი კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7 აპრილის ეუთოს მოხსენებაში კი აღნიუშნულია, რომ ორგანიზაციის მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დააფიქსირა. აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს, რომ პენტაგონის წარმომადგენელმა ნატოელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, ასევე კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პენტაგონი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ქვეყნები არიან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თვის ბოლოს შეიძლება უკრაინა-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს - როგორია თბილისიდან დანახული კონფლიქტის პერსპექტივა.

“აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა. მოლაპარაკებების მონაწილეთა აზრით კი რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში. “ბლუმბერგი” ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზადაა, რუსეთის მტრულ ქმედებებზე პასუხი გასცეს. წერს, რომ აშშ-ში უკვე შეაგროვეს რუსეთის მტრული ქმედებების შესახებ მტკიცებულებები და საპასუხოდ რუსი დიპლომატების გაძევება და პრეზიდენტ პუტინის გარემოცვის წევრებისთვის სანქციების დაწესება განიხილება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის მობილიზაცია 2008 წლის საქართველოს 8 აგვისტოს ომამდელ ოკუპანტის მობილიზაციას ძალიან ჰგავს, რაც მისი პროგნოზით შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის საომარმა მოქმედებებმა გარკვეულ მასშტაბებს მიაღწიოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი პროგნოზით, შესაძლოა აპრილის ბოლოს საომარმა მოქმედებებმა უკვე სრულ მასშატაბებს მიაღწიოს. ეს ეყრდნობა იმას, რომ როგორც ჩანს რუსეთი თავისი ძალების კონცენტრაციას ახორციელებს, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გადმოსროლა ხდება, ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსებმა ულიანოვსკიდან 76-ე სადესანტო დივიზია გადმოისროლეს. ეს დივიზია თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციაში პირდაპირ ჩაერთო, სხვათა შორის ამ დივიზიის ნაწილები 8 აგვისტოდან დაახლოებით სამი კვირით ადრე, ვლადიკავკაზში 58-ე არმიის შემადგენლობაში გადმოისროლეს. 76-ე სადესანტო დივიზია ყველაზე მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიულ რეზერვში ითვლება და რომლის ბრძოლისუნარიანობის მთლიანი შემადგენლობის 95% ამ დივიზიაზე მოდის. ამ მედესანტეებს დიდი გამოცდილება აქვთ სამხედრო მოქმედებებში, ბრძოლებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“დივიზია ოკუპირებული ყირიმშია გადმოსროლილი. ამას გარდა, აღმოსავლეთიდან მძიმე სატანკო ნაწილების გადმოსროლა ხდება. რამდენადაც ვიცი საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი 49-ე არმიაც, რომელიც ჩრდილო კავკასიაში, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ეს კი უკვე მოწმობს, რომ სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევარში ან ბოლოს სამხედრო მოქმედებები შეიძლება სრულმასშტაბიანი გახდეს. არ ვიცი დასავლეთი რამდენად მზადაა, რომ ამ ქცევებზე რუსეთს ადეკვატურად უპასუხოს, ამაზე პასუხი მიჭირს. ზელენსკი იმიტომაც ჩავიდა დონბასის არაოკუპირებულ ტერიორიაზე და იქ გააკეთა ეს განცხადება, რომ ნატოში მიღება დაჩქარდესო. ზელენსკის მესმის, რადგან სიტუაცია ძალიან საშიში და ურთულესია, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენ რა თქმა უნდა განზე ვერ ვიქნებით. როგორც ჩანს კრემლი უკვე სერიოზულად ემზადება - ზელენსკის “რეჟიმ ჩეინჯის” ვარიანტში კრემლს შერჩეული ჰყავს პოლიტიკური ძალა. ეს არის მედვედჩუკის პრორუსული ე.წ. ოპოზიციური პარტია, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ სერიოზულ რეიტინგებს იღებს. უკრაინასთან მიმართებაში ალბათ ამერიკელების დახმარების უფრო რეალური შანსი არსებობს, ვიდრე ევროკავშირის და ნატოს ევროპელი წევრების, ევროპას თავისი პრობლემები აქვს, კოვიდის მესამე ტალღაა, ერთი რჩება აშშ. ვფიქრობ, რომ უკრაინას ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ამერიკა აქტიურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ”, - დაასკვნის ექსპერტი.

ზეთის გაძვირება შემოდგომამდე გაგრძელდება - ადგილობრივი პროდუქტი კახეთშიც კი აღარ აქვთ

“საჭმელი ზეთი, განსაკუთრებით ქართული ბრენდით წარმოებული პროდუქცია, ბოლო პერიოდში არნახულად ძვირდება და ეს ტენდენცია არც მომავალი თვეებში შეიცვლება. შინ თუ გარეთ, ზეთის გაძვირებას ყველა ნედლეულის დეფიციტს უკავშირებს. ეს მთავარი მიზეზია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადგილობრივი წარმოება პირდაპირი გაგებით, არ გაგვაჩნია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში, სათაურით ზეთის გაძვირება შემოდგომამდე გაგრძელდება - ადგილობრივი პროდუქტი კახეთშიც კი აღარ აქვთ / “2-3 წლის წინ 1 კგ მზესუმზირის ყიდვა 70-80 თეთრად შეგვეძლო, ახლა 3 ლარამდეა გაძვირებული”.

“მეწარმეების ინფორმაციით, პანდემიას დაემატა მზესუმზირის მოსავლის სიმცირე საქართველოში თუ უცხოურ ბაზრებზე, რამაც საბოლოოდ ზეთის მაღალი ფასი განსაზღვრა. ამ ეტაპზე 1 კგ მზესუმზირის ღირებულება 2,5-3 ლარია, ხოლო 1 ლ კახური ზეთი 10 ლარი ღირს. ამდენივეა ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებული “ბარაქას” ფასიც. იმპორტიორი კომპანია “ალფას” დამფუძნებელი და ზეთის კომპანია “ბარაქას” დირექტორი გურამ ბროძელი პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნის. თუმცა, იმპორტირებულზე მეტად საქართველოში წარმოებულმა ზეთმა მოიმატა. ფასი კიდევ გაიზრდება და ტენდენცია ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ ბაზრებზე ახალი მოსავალი გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზეთის დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას ნამდვილად აქვს ადგილი. ამიტომ ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა. შესაბამისად, ყველა დასახელება გაძვირდა. ჩვენს შემთხვევაში, ლარის დიდი გაუფასურებაა, რამაც გააძვირა ლოგისტიკა, საწვავის ფასიც უკვე უმაღლეს ნიშნულზეა, რაც იმპორტს აძვირებს. სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. მაღაზიებს ვერაფერს დავაბრალებ. მეტიც, ისინი 1 თვით აგვიანებენ ხოლმე გაძვირებას. არასასურველი ტენდენცია როდის შეიცვლება არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე მზესუმზირის ღირებულება. ცხადია, გაძვირება ძალიან მტკივნეულია, რადგან ხალხს შემოსავალი არ აქვს და იძულებულია მოხმარებაც შეამციროს. ეს დასტურდება კიდეც რეალიზაციიდან გამომდინარე, ზეთისა და მარცვლეულის გაყიდვა თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად არის დაკლებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ ბროძელი.

“ნატურალური კახური ზეთი სახელწოდებით - “თი ემ თი” წინა წლებში ექსპორტისთვის იწარმოებოდა, მაგრამ მისი წარმოებაც შეჩერდა. მიზეზად საწარმოს ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ნედლეულის დეფიციტს მიიჩნევს. ქართულ მოსავალზე დამზადებული ზეთი, საოჯახო მეურნეობებს თუ არ ჩავთვლით, ბაზარზე თითქმის აღარ არის. ბიზნესმენის განცხადებით, უმეტესად ნედლეული შემოაქვთ და აფასოებენ ადგილზე ან ყველაფერი მზადდება უცხოური ნედლეულისგან. ამიტომ ხშირადაა, როცა ჰგონიათ, რომ ქართული პროდუქციაა და სინამრდვილეში წარწერის გარდა, არაფერია ქართული”, - დასძენს გამოცემა.

“2020 წელს დაახლოებით 7-8 ტონა ზეთი ბრენდით “მიხო პაპა” აშშ-ში გავაგზავნეთ, ხოლო “კახური ზეთი” ავსტრიაში გავიტანეთ. სამწუხაროდ, საწარმოო ციკლი ვერ განვაახლეთ, რადგან ჩვენი პროდუქტი წმინდა ქართული იყო, ხოლო ნედლეულის დეფიციტმა წარმოების შესაძლებლობა ვერ მოგვცა, ამიტომ გავჩერდით. ახლა ფასი მაღალია, მოთხოვნა კი შემცირდა როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. რაც შეეხება ნედლეულს, 2-3 წლის წინ 1 კგ მზესუმზირის ყიდვა 70-80 თეთრად შეგვეძლო, ახლა 3 ლარამდეა გაძვირებული და ისიც აღარ არის. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა, წარმოების დიდი პოტენციალია, როგორც ხორბლის შემთხვევაშია და უნდა ავითვისოთ. არ მგონია, რამეს გაუჭირდეს საქართველოში, ისეთი ჰავა და კლიმატია, თუმცა განვითარების დონით ჩამორჩნენ ფერმერებიც, ტექნიკის სიმცირესაც განიცდიან. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, წარმოებას განვავითარებთ ისე, რომ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

“ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - ძირითადი მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. დარგი, ფაქტობრივად, იმპორტის იმედადაა. კახელი მეწარმეების განცხადებით, მოსავლის სიმცირის გამო, შარშან ნაკლები ზეთი აწარმოეს, რაც ფასზეც აისახა. სიღნაღელმა მეწარმე გივი შაქარაშვილი პრობლემებს ადასტურებს. “მარაგი თითქმის აღარ არის. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მცირე მოსავალი 2020 წელს მოვიწიეთ, ფასიც მეტი იყო, 1 კგ მზესუმზირა 2,5 ლარზე ნაკლებად არ გაყიდულა, რამაც ზეთის ფასზეც იმოქმედა. სეზონის დასაწყისში 1 ლ პროდუქტი 7-7,50 ლარად გავყიდეთ, მოთხოვნა მაინც და მაინც მაღალი არ ყოფილა, ახლა ქართულ პროდუქტს მეტი ადამიანი ითხოვს, მაგრამ მარაგი უკვე გვეწურება. წლევანდელი მოსავალი თუ გაამართლებს, ფასიც თანდათან დაიკლებს, ჯერჯერობით კი დეფიციტის მომენტი მუშაობს, რაც ზეთის გაძვირებას იწვევს და ეს ყველა დასახელების პროდუქტს ეხება”, - აღნიშნა მეწარმემ “რეზონანსთან” საუბრისას, - წერს სტატიის ავტორი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა