რუსთავში ჭალის ტყის აღდგენის პროექტი ხორციელდება

რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე გამწვანების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის „ჭალა ტყის აღდგენის“ პროექტის ფარგლებში, დღეს 1000 ძირი აკაციის, კაკლის, ნუშის, მუხის, ფიჭვისა და თელას ნერგები დაირგა.

გამწვანების აქციაში, მონაწილეობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა და ეკომოხალისეებმა მიიღეს.

რუსთავის „ჭალის ტყის აღდგენის“ პროექტის ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრს ალექსანდრე დალაქიშვილს ეკუთვნის.

„რუსთავის წინაშე არსებული ეკოლოგიური გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ქალაქის ჭალის ტყის აღდგენა და განაშენიანება. ეს ტერიტორია, 90-იან წლებში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად განადგურდა და გაიჩეხა. ჩვენ ჩავთავალეთ, რომ მისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ქალაქისთვის ჟანგბადის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. რუსთავისთვის ეს არ იქნება ერთადერთი ფართომასშტაბიანი პროექტი, ჩვენ კიდევ გვაქვს გამოწვევა, კერძოდ, გარდაბანსა და რუსთავს შორის არსებული ტყის განახლება-აღდგენა და კიდევ ერთი მთავარი გამოწვევაა - იაღლუჯის ფერდობზე რეკრეაციული ზონის შექმნა. ეს ერთი წლის საქმე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა უპრეცედენტო პროექტია.

„ძალიან კარგი დღეა ჩვენი ქალაქისთვის, გავერთიანდით ყველა, ვისაც გვიყვარს რუსთავი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა თანამდებობას ვიკავებთ, რა პოზიციაზე ვართ. სამთავრობო და არასამთავრობო გუნდის წარმომადგენლები, დღეს ყველანი ვართ ერთად იმისთვის, რომ ქალაქში გაუმჯობესდეს ეკოსისტემა. ჩემს ბავშვობაში, აქ იყო გაუვალი ტყე, ძალიან უნიკალური ადგილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი შვილები მოესწრებიან იმას, რომ ისევ აღდგეს ტყის ფონდი და რუსთავის ჭალის ტყე იქცეს ერთ-ერთ კარგ რეკრეაციულ სივრცედ მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა, ეკოლოგიური პროექტები, 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინა და აქცია - ,,რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა" ახალი ეკოპროექტების დასაწყისი იქნება.

„დღევანდელ ღონისძიებაში ჩართულია სამოქალაქო სექტორი და ფაქტობრივად ყველა სამთავრობო სტრუქტურა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი და საპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ხდება რუსთავის ისტორიული ტყე-ჭალის აღდგენა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. რუსთავს გააჩნია ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა და ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება, ნიშნავს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

2020 წელს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა დაამტკიცა", მიმდინარე წლის მარტში კი საქართველოს პარლამენტმა, ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონში რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო