თსუ-ს ბიბლიოთეკაში აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან უნიკალური საარქივო მასალები გამოიფინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით უნიკალური საარქივო მასალა აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან: საარქივო დოკუმენტები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ხელნაწერები, უნიკალური ფოტო მასალა გამოფინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საარქივო დოკუმენტებში ასევე ნაჩვენებია კიტა ჩხენკელის ფუნდამენტურ ნაშრომებზე მუშაობის პროცესი, გამომცემლობა ,,ამირანის’’ საქმიანობა, ასევე მიმოწერები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ვიქტორ ნოზაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან და სხვა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კომიტეტის წევრი, თამარ ტალიაშვილი, სტუდენტები და მკვლევრები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს ბიბლიოთეკაში გამოფენილ ექსპონატებს დამთვალიერებელი პირველად იხილავს.

„დღეს პირველად გამოიფინა ცნობილი ქართველი მეცნიერის კიტა ჩხენკელის პირადი არქივი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან მასალებთან ერთად 2018 წელს გადმოეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ შორის წარმოდგენილია მეცნიერის ნაშრომები, დიპლომი, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მიენიჭა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მომზადდა კატალოგი, სადაც წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში გამოფენილი ფოტო-დოკუმენტაციის სრული ნუსხა“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი არქივი ეკუთვნით ძმებს ჩხენკელებს, აკაკის და კიტას.

„ ერთი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, მეორე კი მეცნიერებას ემსახურებოდა. ორივე საქართველოს კეთილდღეობისთვის იღვწოდა. კიტამ შვეიცარიაში, ციურიხში ქართველოლოგიური ცენტრი შექმნა, რითიც უდიდესი საქმე გააკეთა ქართული კულტურის პოპულარიზაციის, შესწავლისა და მეცნიერული დამუშავების საქმეში,“- განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა კიტა ჩხენკელის მიერ ციურიხში ქართული გამომცემლობის ,,ამირანი’’ დაარსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ აქ გამოიცა 1958 წელს გერმანულ ენაზე 1500 გვერდიანი ორტომიანი ნაშრომი ,,ქართული ენის შესავალი“.

„ ამ ნაშრომისთვის ციურიხის უნივერსიტეტმა კიტა ჩხენკელს ფილოსოფიის საპატიო დოქტორის - ჰონორის კაუზას წოდება მიანიჭა.

ამასთან, კიტა ჩხენკელმა ციურიხში გერმანულ ენაზე გამოსცა ,,ვისრამიანი’’, სადაც ქართული ლიტერატურის განვითარების გზები და საქართველოს ისტორიაც შეიტანა. 1960 წლიდან მან დაიწყო მეორე დიდ ნაშრომზე ,,ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე’’ მუშაობა, პირველი ექვსი წიგნი ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, ხოლო მეშვიდეზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი 69 წლის ასაკში ციურიხში გარდაიცვალა. ლექსიკონი საბოლოოდ 1974 წელს გამოიცა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული ქართველოლოგიის ისტორიაში.

დედა ენის დღესთან დაკავშირებით თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ვიქტორინის „ქართული ენის თავგადასავალი“ გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ. თსუ-ს სტუდენტებს მარიამ სულიკაშვილს, ნანა შოშიაშვილს და ლალი ჭეშმარიტაშვილს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცათ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას