გრიგოლ გეგელია - დავინახეთ, რომ კობახიძეს ვაშინგტონში გაუნათდა მაინც და მაინც გონება, რომელიც ვერაფრით გავუნათეთ თბილისში

ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ნახევარი წლის განმავლობაში უცვლელი პოლიტიკური რიტორიკა, უცებ ვაშინგტონში შეიცვალა. დავინახეთ, რომ კობახიძეს ვაშინგტონში გაუნათდა მაინც და მაინც გონება, რომელიც ვერ გავუნათეთ ვერაფრით თბილისში, - ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ გაკეთებული განცხადება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, ეს შეცვლილი რიტორიკა არაფერს ამბობს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები არ გადადგა. მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე, რთული შესაფასებები იქნება, რა სახის ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი.

„ვფიქრობ, აშკარაა, რომ კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში, პირდაპირ უკავშირდება იმ გზავნილს, რომელიც იქიდანვე ჩვენ მოვისმინეთ.

ჩვენ ძალიან ხშირად ვერაფერს ახალს ვერ ვისმენთ და მე 8 წელია ახალი არაფერი გამიგია ამ ხელისუფლებისგან. დაახლოებით ცხადია ხოლმე მათი რიტორიკა, ყოველთვის ყველაფერი უნდა გადააბრალონ სხვას, დესტრუქციულ ოპოზიციას, რაღაც მითებში გადაეშვან, აქ საქმის დონეზე ჯერ არაფერი დაგვინახავს. ამიტომ, სანამ „ქრათული ოცნება“ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებით არ დაგვანახებს, რა სურს, იქამდე ძალიან რთული იქნება შეფასება იმისა, თუ რა დონის ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი,“- განაცხადა გეგელიამ.

ამასთანავე, ჟურნალისტის კითხვაზე, რას უნდა ელოდოს საქართველო 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვისას და შეიძლება თუ არა, რომ განცხადებები კიდევ უფრო მკაცრი იყოს, გეგელიას თქმით, ევროკავშირის პირველი დიპლომატები ძალიან მკაცრ მესიჯებს გააჟღერებენ, თუმცა ის, რაც აქამდეც გაჟღერდა საქართველოსთან დაკავშირებით, იყო ძალიან მძიმე, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობა.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ ძალიან მკაცრს მესიჯებს, არ ვიცი, ეს იქნება კიდევ უფრო მკაცრი თუ არა, ვიდრე აქამდე მოგვისმენია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ რაც უკვე მოვისმინეთ, ის არის ძალიან მკაცრი, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, არნახული ლექსიკა მოვისმინეთ, მაგალითად, ფრაზა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშაა. შემოვიდა ისეთი ტიპის პირობითობა ლექსიკასა და აზროვნებაში, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობის თაობაზე, რომელიც არ ყოფილა ბოლო ათწლეულებში არც ერთხელ, რაც არის ჩვენთვის ცნობილი. ამიტომ, ეს გზავნილები იყო უმნიშვნელოვანესი და უმკაცრესი, ცალსახად. ამაზე უფრო მკაცრი იქნება პირდაპირი სანქციები ქვეყანაზე, რისი ალბათობაც, სამწუხაროდ, იქნება.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არც ბორელი, არც მიშელი და არც დანიელსონი, არც სხვები არ არიან არც ქართული ხელისუფლებისა და არც ქართული ოპოზიციის მხარეს, ისინი არიან საქართველოს მხარეს და საქართველო შედგება ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, ბევრი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისგან და, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოებისგან. ამიტომ, თუკი ისინი ვინმეს მხარეს არიან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო. ისინი არასდროს არ არიან და არც იქნებიან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ პრიზმაში უნდა შევხედოთ ყველაფერს, თუ საქართველოზე რას ამბობენ და საქართველოზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კრიტიკული გზავნილები არის სრულიად ქართული პოლიტიკური კლასის მიმართ, რომელშიც ყველანი შევდივართ ერთნაირად, თუმცა ყველგან ყოველთვის ხაზი ესმევა იმ გარემოებას, რომ უპირველესი და უპირატესი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა