გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე - ვისაც გჯერათ რომ ჩამოვა, დაელოდეთ

ვისაც გჯერათ რომ ჩამოვა, დაელოდეთ, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნება.

ვაშაძის შეფასებით, მას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლა არ ეხება.

„მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები უკვე რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის მოხსენიებული. ამიტომ ვამბობ, რომ გაიმარჯვა მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ და მიხარია, რომ ამაში პარტნიორებთან ერთად დიდი წვლილი მაქვს. დანარჩენი, ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, მოდით, ხალხმა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი გზა არის მესამე გზა, რომელმაც გაიმარჯვა გუშინ, დღეს და გუშინწინ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, დოკუმენტი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად იქცა.

„მიხარია, რომ შეთანხმება, რომელშიც მართლა გული და სული ჩავდე პარტნიორებთან, იქცა საერთო ეროვნულ და ევროპულ შეთანხმებად საქართველოში. კვირას იყო „ქართული ოცნების“ დესტრუქცია, ორშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“, გაიმარჯვა მესამე, ხალხის გზამ. იმ გზამ, რომელიც არის წარმატების გზა. ამ გზით უნდა ვიაროთ დღეის იქით“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები მოპარულად მიაჩნია, პარლამენტში უნდა შევიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო