პროკურორის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლები ჯარისკაცებს, რომლებსაც 11 კგ-იანი ჯავშანჟილეტი ეცვათ, მუხლებზე დაჩოქილებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით ყაზარმის ტერიტორია ეხეხათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის პროკურორის ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო და ტელეფონში კომპრომატის სახით ინახავდა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს საპირფარეშოს იატაკი მოახეხინა. ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, 2-დან 4-საათამდე მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორია გაახეხინა.

ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი „ჩოთქით“ ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, მან ერთ-ერთ დაზარალებულს - სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო. დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი, კარი.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ჩხეიძის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები საკუთარი ინიციატივით იღებდნენ დისციპლინური დასჯის მეთოდებს, ისინი ჯარისკაცებს უფლებამოსილების გადამეტებით სჯიდნენ და ყოველ ჯერზე დასჯის მეთოდებს ამკაცრებდნენ. ისინი დაზარალებულებს 11კგ-იანი ჯავშანჟილეტებით აღჭურვილებს აძლევდნენ მოკლეტარიან „ჩოთქებს“, რათა მუხლებზე დაჩოქილებს გაეხეხათ ტერიტორია, რასაც სხვა ჯარისკაცებს აყურებინებდნენ. ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებული დიმიტრი დევდარიანი დაზარალებულ თამაზ სეხნიაშვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც რამდენიმე კილოგრამიანი ჯავშანჟილეტით აღჭურვილს უშვებდა.

პროკურორის თქმითვე, დაზარალებულმა თვითმკვლელობაზეც იფიქრა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა