სალომე სამადაშვილი - პასუხისმგებელია "ქართული ოცნება" და თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა, ვალდებულების თვალსაზრისით, შეთანხმებასთან მიმართებით არაფერს ცვლის

პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე, "ქართული ოცნება" და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით, - ასე პასუხობს სალომე სამადაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ მიანიშნებს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შეთანხმების შესრულების საფრთხეზე.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმების ჩაშლას საერთაშორისო პარტნიორებისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

"მე ვარ ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, ყველა დონეზე, ფორმალურში და არაფორმალურში. მე ვიცი ზუსტად, რა არის შეთანხმების საგანი, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აშშ- ის და ევროკავშირის ელჩებმა და ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ნებისმიერი მცდელობა, რომ აი, ახლა, როცა ფაქტიურად არ დაგვიწყია შეთანხმების შესრულებაში წინ მოძრაობა, ეცადოს შეთანხმების ჩაშლა, იქნება ძალიან ადეკვატურად აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და სენატი, რომელიც მუშაობს რეზოლუციაზე , რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებენ, ვფიქრობ, რომ ადეკვატურად ასახავს საკუთარ რეზოლუციაში "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მათ შორის, შეთანხმების პუნქტების შესრულების პროცესში. ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამოჩნდება, რეალურად "ქართულ ოცნებას" აქვს თუ არა სურვილი, რომ შეთანხმდეს შეთანხმება და მათი მხრიდან მცდელობას, რომ დაირღვეს შეთანხმება, ცხადია, ექნება უმძიმესი შედეგი. პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე - "ქართული ოცნება" და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ შორის შეთანხმებაზე, ცხადია, რჩება "ქართული ოცნების" ხელში მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენდა მათ მოლაპარაკების პროცესში", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება გულისხმობს, რომ კანონპროექტში უნდა შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი და უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ბრალი უკვე აქვთ წარდგენილი, ამასთან შეზღუდული უნდა იყოს ევროპული კონვენციით.

"შეთანხმება არის, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც არის უკვე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და დადგენილი პირთა წრე, ეს არის 16 მანიფესტანტი და 3 პოლიციელი. აქ დამატებით ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი და ეს ამნისტიის კანონპროექტი იყოს შეზღუდული არა მხოლოდ კონვენციის პირობებით, არამედ ასევე, შეზღუდული იყოს დროში და სივრცეში მომხდარი ფაქტებით და უკვე წაყენებული ბრალით, შესაბამისი მუხლებითაც იყოს ჩაკეტილი. ეს არის ჩემი პოზიცია, შეთანხმება შეეხება, რაზეც ვისაუბრეთ მოლაპარაკებებზე, მხოლოდ იმ საქმეებს, რომელიც უკვე არის აღძრული და სხვას ვერაფერს გაითვალისწინებს. აქ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით არის დასამუშავებელი ეს შეთანხმება და მე სწორედ ამიტომ ვიღებ მონაწილეობას ამ შეხვედრებში, რომ გავარკვიოთ, როგორ შეიძლება იურიდიული ტექნიკით, რომ ეს საკითხი ყველაზე სწორად იყოს", - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა