გიორგი სიორიძე - ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კვლავ მტკივნეული იქნება „ქართული ოცნებისთვის“

როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კვლავ მტკივნეული იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მართალია, რეფორმის პროექტი ნაწილობრივ ეყრდნობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თვეების განმავლობაში, რამდენიმე რაუნდის მოლაპარაკებათა ნაყოფს და ეს პოზიტიური ცვლილებები ასახულია კანონპროექტში, თუმცა ერთპარტიულ პარლამენტში დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვეულებისამებრ სათავისოდ გამოიყენა რეფორმის პროექტი და მასში ოპონენტების სადამსჯელო ელემენტებიც ჩააქსოვა.

„ეს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა და საკმაოდ მწვავედაც იქნა შეფასებული. „ლელომ“ თავისი ხედვები გაუზიარა ევროპელ ექსპერტებს და ეს აისახა კიდეც მათ დასკვნაში. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, ევროპელი ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ ცესკოს თავმჯდომარის ე.წ. „პროფესიული წევრების“ ლეგიტიმაციისთვის სტაბილურად კვალიფიციური უმრავლესობის და/ან „ორმაგი უმრავლესობის“ მექანიზმის შემოღებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში კანდიდატის არჩევისთვის როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერაა აუცილებელი. ამასთან, ნეგატიურადაა შეფასებული არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში პარტიული მდგენელის გაუქმებაც. სადამსჯელო მექანიზმადაა შეფასებული ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის კომისიის წევრთა დანიშვნის უფლების ჩამორთმევა ( გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი მაშინაა შემუშავებული, როდესაც პრაქტიკულად სრული ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი აღიარებს ქართული არჩევნების მთავარ პრობლემებს, მათ შორის ე.წ. „საარჩევნო კარუსელებს“ და ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევს თანამედროვე ტექნოლოგიების არჩევნების პროცესში სასწრაფო დანერგვას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ რისკებს. ბოლოს კი, უნდა ითქვას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, რომლის განხორციელების ვალდებულებაც იკისრეს ხელმომწერმა მხარეებმა და ახლა, როდესაც ოპოზიცია უკვე გაჩნდა პარლამენტში, მიმდინარე საარჩევნო რეფორმა უფრო მეტად გახდება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი“, - აცხადებს სიორიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა