ქართული პრესის მიმოხილვა 03.05.2021

ზაზა ფირალიშვილი - “ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას”

გია ხუხაშვილი “ოპოზიციის პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა”

ლევან ბოძაშვილი - ციფრული ლარი - რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

* * *

ზაზა ფირალიშვილი - “ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას”

“მთავარი, ალბათ, მოხდა - ოპოზიციის ნაწილმა დასძლია რადიკალური დაპირისპირების ინერცია და სცადა პოლიტიკური ბრძოლა “ცივი სამოქალაქო ომის” რეჟიმიდან გამოეყვანა. ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის თვალი უდევნებია, მრავლად ეხსომება შემთხვევა, ოპოზიციის ცუდად გათვლილი და თვითმიზნად ქცეული რადიკალიზმი თუ როგორ ქცეულა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად. ასეთი ოპოზიცია კარგავს მოქალაქეებთან კონტაქტს და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ეს უკანასკნელი უცხოვდება მისგან. სხვაგვარად რომ ვთქვა, ოპოზიცია, რომელიც ძალაუფლებისათვის ბრძოლის აზარტში ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა ხდება საზოგადოებაში, უნებურად ხელისუფლებას უწყობს ხელს”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას” / “როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში მრავლად არიან ისეთები, ვისთვისაც “ცეცხლის შეწყვეტა” პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია”.

“უსასრულოდ გაჭიანურებული ექსტრემალური დაძაბულობა, მით უმეტეს, თუ ის საზოგადოებაში გამოძახილს ვერ პოვებს, თავად პროტესტის იდეას აუფასურებს. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამაც. ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ბევრი მიხვდებოდა, რომ მან შეიძლება სწორედ ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მათ მიატოვეს. თვეების განმავლობაში ოპოზიცია ჩაიკეტა იმ პრობლემების წრეში, რომლებიც ერთი მხრივ ეკონომიკური სიდუხჭირით და პანდემიით შეწუხებული მოქალაქისა და მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიულობის ზრდითა და რეგიონის გეოპოლიტიკური სურათის შეცვლით შეწუხებული დასავლეთისთვის არ წარმოადგენდა უპირველეს პრიორიტეტებს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ “ოცნების” ლიდერებმა ერთგვარად მიაგნეს დათმობების იმ ხარისხს, რომელიც მათ დასავლელი პარტნიორებისა და ჩვენი მოქალაქეების თვალში მაინც გაამართლებდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც ისეთივე დაპირისპირებაა ქორებსა და არაქორებს შორის, როგორც ოპოზიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, ერთი მხრივ, სერიოზულ დათმობებზე მიდიოდე და ამავე დროს ადმინისტრაციულ კოდექსში ისეთი ცვლილებები შეგქონდეს, კიდევ უფრო რომ აძლიერებს შენზე ეჭვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“ჩვენში რადიკალიზმს ჯერ კიდევ ჰიპნოზური ძალა აქვს. პოლიტიკური აქტორები ცდილობენ ერთმანეთს რადიკალიზმში აჯობონ. ამჯერად, როგორც ჩანს, დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ამ ჰიპნოზისგან გათავისუფლებას ცდილობს. ნაწილი კვლავ ბრძოლის სამიტინგო-რევოლუციურ რეჟიმშია. შეიძლება ვინმეს არ ესიამოვნოს, მაგრამ გავიმეორებ ერთ ბანალურობამდე ცხად აზრს - პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრიორიტეტებს ვერ განსაზღვრავს და სასურველს სინამდვილედ მიიჩნევს, მარგინალიზაცია ელის. იმედია, საქმე აქამდე არ მივა, რადგან მაშინ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე აღმოვჩნდებით და ვაკუუმი შეიძლება შემთხვევითმა და ჩრდილოურად მომართულმა ძალებმა შეავსონ. ჩვენში ჯერაც ცოცხალია ბოლშევიკური მრწამსი, რომ ჭეშმარიტებას მხოლოდ ერთი მონოპოლიურად მფლობელი შეიძლება ჰყავდეს და ყველა სხვა ბოროტებას ემსახურება. ნებისმიერ ავტორიტარიზმს ეს შობს. არადა, ვართ სამყაროში, სადაც ქვეყანასაც და საზოგადოებასაც სწორედ განსხვავებულთა დიალოგი ქმნის. პოლიტიკური მეტოქეობის “ცივ სამოქალაქო ომად” გადაქცევა პოლიტიკური ინფანტილიზმის ნიშანია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისტორიულად მწიფე საზოგადოებებში მეტოქეობა სახელმწიფო ინტერესების სიმაღლეზე დიალოგსა და თანამშრომლობასაც გულისხმობს, რადგან ყველა მხარის უმთავრესი მიზანი სახელმწიფო და ადამიანების სასიცოცხლო გარემო უნდა იყოს. ბევრჯერ თქმულა, რომ რუსულ პოლიტიკას სწორედ ასეთები ვჭირდებით: ისტორიული სიმწიფის უქონელნი, ბოროტად ინფანტილურები, პრიორიტეტების განსაზღვრის უუნაროები, პროდასავლური იდეოლოგიური სნობიზმით დაავადებულები (ხშირად რომ საერთო არაფერი აქვს დასავლეთთან) ან ყანწითა და მწვადით აღჭურვილები. რუსი ველიკოდერჟავნიკისათვის საუკეთესო ქართველი სწორედ ასეთია: ღვინისა და ხაჭაპურის მწარმოებელი, უმიზეზოდ ბედნიერი ეგზოტიკური არსება და რა დასამალია, რომ ჩვენი ბევრი თანამემამულე სწორედ ასეთად სთავაზობს თავს. თუ მართლა ასეთები ვიქნებით, გვსურს თუ არა, ამ ველიკოდერჟავნიკის სახით პატრონი დაგვჭირდება”, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

“ევროატლანტიკური სივრცე ჩვენგან სწორედ საზოგადოებრივ სრულწლოვანებას მოითხოვს. შორს ვარ ილუზიისაგან, რომ იქ ყველაფერი იდეალურადაა. პირიქით, ყოველდღიურად ბევრ ისეთ რამეს ვხედავთ - ეს ჩემთვის განსაკუთრებით ე.წ. პოლიტკორექტულობას ეხება - გაუგებარიც რომ არის და მიუღებელიც. ყველა დიდ იდეას აქვს თავისი მახინჯი ორეული და მათ შორის თავისუფლებასაც, მაგრამ იქ უკვე კარგად გაარკვიეს, თუ რისკენ უნდა მიდიოდნენ და თანაცხოვრების რა წესები უნდა დაიცვან, რათა ადამიანის საარსებოდ ნორმალური საზოგადოებრივი გარემო შექმნან. როდესაც ვამბობთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ამ დიდ ძალისხმევას გვსურს შევუერთდეთ. მოკლედ, თითქოს ჩიხიდან გამოსვლა დავიწყეთ და ამაში დამსახურება მხოლოდ დასავლეთის წარმომადგენლებს არ მიუძღვით. ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას. ესეც არაერთხელ თქმულა, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარებაში რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ჩვენს პოლიტიკურ კლასს”, - განმარტავს ზაზა ფირალიშვილი.

“ცხადია, ასე იოლად ვერ დავლაგდებით და ჩვენ მხოლოდ ცივილიზებული მეტოქეობის მომსწრენი არ ვიქნებით. როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში მრავლად არიან ისეთები, ვისთვისაც “ცეცხლის შეწყვეტა” პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. ჯერაც სუსტია პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ტრადიცია. ის ახლა იქმნება და ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის მომავლისათვის. ცხადია, საპარლამენტო რუტინა ბევრისთვის მოსაწყენია. სამიტინგო ქცევაში იოლად ექმნებათ ქვეყნიერების ფართო მონასმებით შენების ილუზია. იოლად იქმნება პოლიტიკური ფერადი ბუშტები, სინამდვილესთან რომ არაფერი აქვს საერთო, თანაც, პერმანენტულ მიტინგში ბევრი ისეთი მავანი ახერხებს საზოგადოების თვალში მოხვედრას, მშვიდ გარემოებებში ბევრს ვერაფერს რომ ვერ მიაღწევდა, ან უკვე დიდი ხნის მივიწყებულია. ყველაფრიდან ჩანს, რომ “ქართულ ოცნებაშიც” და ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომელთაც ამ ვითარების გადალახვის აუცილებლობა ესმის. მე თუ მკითხავთ, ძალიან ცუდი იქნება, თუ, ვთქვათ, “ლელოს” ან “სტრატეგია აღმაშენებლის” საპროგრამო ხედვები უაზროდ ჩაიკარგება უნაყოფო პოლიტიკურ დაპირისპირებაში”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“დასავლეთის წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჩიხიდან გამოეყვანათ. ბევრ ისეთ განცხადებასაც არ მორიდებიან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის შესახებ, ნორმალურ სიტუაციაში თავს რომ აარიდებდნენ. ადრე მათი განცხადებების დიპლომატიურობა ჩვენს პოლიტიკოსებს მათთვის სასურველი ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევდა. როდესაც მათ ეს აღმოაჩინეს, პირდაპირ ალაპარაკდნენ პოლიტიკური სიმწიფის უქონლობაზე, მავანთა მიერ პირადი და კორპორატიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებაზე, რუსული ნეოიმპერიალისტური სტრატეგიისთვის უნებურად ხელშეწყობაზე და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები აუცილებელი გახდა. დასავლეთს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და იქ უთუოდ მიხვდნენ, რომ პროცესის გაგრძელება საქართველოში მთელ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს გააღატაკებდა. შორს რომ არ წავიდეთ, ამაზე მათი დავარდნილი რეიტინგები მეტყველებს. მეორე მხრივ, იმედია, ჩვენმა პარტნიორებმა ამჯერად მაინც დაინახეს, თუ მათ პასიურ და მომლოდინე დამოკიდებულებას რა შეიძლება მოჰყვეს. მესმის, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გულწრფელად მონაწილეობდა და მონაწილეობს რადიკალურ დაპირისპირებაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმაში, რაც თვეების განმავლობაში თამაშდებოდა, რუსული ჰიბრიდული ომის აჩრდილიც ამოიცნობა. ამ ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკური ქაოსის გაღვივებით ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს დააშოროს”, - თვლის ფილოსოფოსი.

“ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საქმე უუნარო საზოგადოებასთან აქვთ, რომელსაც რუსეთის მსგავსი პატრონი სჭირდება. საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას მიხვდა და რაც მთავარია, გაბედა შესაბამისად მოქცევა... იმედია, დასავლეთი ახლა მაინც არ გააჭიანურებს ინტეგრაციულ პროცესებს. ამერიკისა და ზოგი სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევით და უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირებით რუსეთმა დასავლეთის მტრად წარმოადგინა თავი. ამ ვითარებაში ჩვენ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო დიდი ფასი გვედება და ეს ჩვენი პოლიტიკური ქცევითაც უნდა გავამართლოთ”, - დასძენს ზაზა ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “რუსეთი და უკრაინა კიდევ ერთი ომის ზღვარზე არიან, არსებობს ალბათობა, რომ საფრთხე საქართველოზეც გავრცელდეს?”- პასუხობს:

“ამ ეტაპზე ევროპელები და ამერიკელები მკაცრ პოზიციას ინარჩუნებენ. ის გარემოება, რომ რუსებმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ნაწილები გაიყვანეს, სიმპტომატურია. როგორც ჩანს, სამხედრო დაპირისპირების საფრთხე მართლაც არსებობდა. მიუხედავად რიხიანი განცხადებებისა, რუსეთის ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რეალურად რა რესურსების მობილიზება შეუძლია. ეს რესურსები რომ არ არის ძალზე დიდი, 2008 წელსაც გამოჩნდა ჩვენისთანა პატარა ქვეყანასთან ომში, როდესაც ყველა ქმედუნარიანი სამხედრო ნაწილის მობილიზებამ მოუწია. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს, ახლა, როდესაც დასავლეთის ყურადღება ჩვენზეა კონცენტრირებული, რუსები, ალბათ, აშკარად არაფერს გააკეთებენ. თუმცა ჰიბრიდული ომის ფარული არსენალი აქვთ. პუტინს არ უყვარს წაგება. სადმე მაინც შეეცდება ფსიქოლოგიური კომპენსაციის მიღებას და ეს “სადმე” ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ ყურადღებაა საჭირო”.

გია ხუხაშვილი “ოპოზიციის პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა”

“კარგია, რომ შეთანხმების დოკუმენტს მხარეებმა ხელი მოაწერეს და პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. ექვსთვიანი ბოიკოტით ხელისუფლებამაც წააგო და ოპოზიციამაც. ამ პოლიტიკური ელიტის შემყურე ამომრჩეველი სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებს პროცესს, კიდევ მეტად რწმუნდება, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ აკმაყოფილებს, უფრო სწორად, არც კი ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე და დაკავებულია ერთმანეთთან კინკლაობით”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ოპოზიციის პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა” / “გირჩი” პოლიტიკური გაუგებრობაა, რაც შეეხება “მოქალაქეებს”, არა მგონია მათთან “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” შეთანხმება შეძლონ. ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიებს სინერგია არა აქვთ”.

“პოლიტიკურ პროცესში, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში, ამნისტიის აქტის მიღება უდავოდ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება იყოს განხილული. თუმცა ჩვენს შემთხვევაში წარდგენილ პროექტზე არათუ საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს, არამედ მას არც პარლამენტში შესული და არც გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, არც დაზარალებულები, არც ფიგურანტები, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები არ ეთანხმებიან. ჩნდება კითხვა: რატომ ცდილობს ხელისუფლება ასე ჯიუტად ამნისტიის მიღებას? გასაგებია, რომ თავად ამას ნიკა მელიას გათავისუფლებით და ამით პოლიტიკური ვითარების განმუხტვის ინტერესით ხსნის, თუმცა სიმართლე ის არის, რომ საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს. გამოდის, ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით ცდილობს საკუთარ თავს “აპატიოს” სავარაუდო დანაშაული, რაც სახიფათო პრეცედენტი იქნება. ვფიქრობ, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ჩამკეტი ნორმა, რომელიც ხელისუფლებას მოუსპობს იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური მიზნით ჯერ ჩაიდინოს დანაშაული და მერე ინდულგენცია გამოიწეროს. ასეთი აქტის გამოცემა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პირდაპირი დემოკრატიული პროცესის საფუძველზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“როდესაც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას გასვრის და გადააგდებს, ნიკა მელიას აყვანის ოპერაციას ვგულისხმობდი. ესე იგი, ეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა გახარიას, იქ უნდა მომხდარიყო შეხლა-შემოხლა და გახარია, უკვე ბოლომდე დისკრედიტირებული, არა მარტო 20 ივნისის საქმით, არამედ ამ სპეცოპერაციით დამძიმებული, უნდა გადამდგარიყო. ამ შემთხვევაში ამოცანა შესრულებული იქნებოდა. სავარაუდოდ, გახარია ჩანაფიქრს მიუხვდა და დასწრებაზე ითამაშა, გადადგა. რაც შეეხება 20 ივნისის კომპრომატის გახარიას წინააღმდეგ გამოყენებას, როგორც ჩანს, ეს ადვილი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ გახარიას აქვს თავისი პასუხი, რასაც ჯერ არ ამბობს, მაგრამ თუ დასჭირდება, იტყვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გახარიას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი. მისი გუნდის წევრების რიტორიკა კი დიდად არ განსხვავდება “ოცნების” წევრების რიტორიკისგან... ეს მოცემულობა ჯერ არ ვიცი, თუმცა მალე გამოჩნდება, მაშინვე, როგორც კი გახარია გამოვა ასპარეზზე. შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი შეიძლება იყოს გახარიას პოზიციონირება - ის ფორმალურ ხელისუფლებას, ანუ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მაქსიმალურად გააკრიტიკებს, მაგრამ მოერიდება ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას. ესე იგი, დაუპირისპირდება ძმებს, მაგრამ არ დაუპირისპირდება მამას და იბრძოლებს საყვარელი შვილის პოზიციისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, თუმცა შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მმართველი გუნდის ეს პოზიცია მოკლებულია ლოგიკას - არ მესმის, ისეთ ვითარებაში, როდესაც გამუდმებით საუბარია ხელისუფლების მიერ ძალის ბოროტად გამოყენებაზე, რა საჭირო იყო წესების გამკაცრება და პროტესტის ინსტრუმენტების გამოყენება. გამოდის, თავისუფალი აზრის გამოხატვისა და პროტესტისთვის. ეს დინების საწინააღმდეგოდ მიმართული უცნაური ქმედებაა. შესაბამისი რეაქცია ჰქონდა ამერიკის საელჩოსაც. რა ახსნა აქვს `ქართული ოცნების~ ამ ქმედებას? მგონი, მმართველი გუნდის ყველა ქმედების მოტივატორი შიშია. ეს ადამიანები პოლიტიკაში ხომ არ გამობრძმედილან, ეს არის სტერილური პოლიტიკური ელიტა, რომელიც საიდანღაც მოიყვანეს და დასვეს კაბინეტებში. მიშას დროსაც ბუჩქებში ისხდნენ. ერთი დღეც კი არ უბრძოლიათ ხელისუფლების მიღმა და არასდროს ყოფილან პოლიტიკურ პროცესში. ბუნებრივია, ასეთი ადამიანებისთვის პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება. ხელისუფლების გარეშე თავი ვერ წარმოუდგენიათ, ეშინიათ, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი არ დაკარგონ”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“მელიამ თავისი ცნობილი განცხადებით მორალური დილემა სწორად გადაწყვიტა, არ დააყენა თავისი ბედი 20 ივნისის დაზარალებულების ბედის საპირწონედ. ჩაშალა ხელისუფლების გეგმა. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთი დანაშაულის დაფარვა სურდათ ისე, რომ ყველაფერი მელიას დაბრალებოდა. მელიამ ეს გეგმა ჩაშალა და ამის შემდეგ მისი გაჯიუტების რაციონალურ მოტივს ვეღარ ვხედავ. მორალურად გამართულია და დღესვე რომ გამოვიდეს გირაოთი, ვერავინ ვეღარაფერს იტყვის. ის ახლა პოლიტიკურ პროცესში საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეულწილად ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურაა. ოპოზიცია კი ბოლო დროს ძალიან წაეკიდა ერთმანეთს. სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს დაძაბულობა განიმუხტოს და იმ თემატური მუშაობის პროცესს დაუბრუნდეს, რაც საჭიროა ადგილობრივი, თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგის მისაღებად, რაც საბოლოოდ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. რიგგარეშე არჩევნები საზოგადოებას სჭირდება, იმისთვის კი არა, რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში ან პირიქით. ჩვენ პერმანენტულ კრიზისში ვიქნებით, სანამ ჯანსაღ და სამართლიან არჩევნებს არ ჩავატარებთ. პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მე ვიზიარებ გიორგი ვაშაძის პოზიციას - თუ არჩევნები ისევ ორპოლუსიანი იქნება, ეს ხელისუფლებისთვის ნამდვილად იქნება კიდევ ერთი შანსი. ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში (ჩემი აზრით, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება) თბილისში ფრონტის ხაზი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაიშალოს. ნიკა მელია როგორც “ნაციონალი” აუცილებლად იქნება ხელისუფლებისთვის კომფორტული ხმების დაქსაქსვისთვის. პირველ ტურში ყველა პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა დააყენოს, მეორეში კი მხარი დაუჭირონ ოპოზიციის საერთო კანდიდატს”, - ამბობს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გიორგი ვაშაძე მძლავრი მესამე ძალის ჩამოყალიბებასა და მათ საერთო კანდიდატზეც საუბრობდა?” - პასუხობს:

“საიდან უნდა ჩამოაყალიბონ მძლავრი პოლიტიკური პარტია? სულ ორი პარტიაა, ”ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, 3 და 4%-ით როგორ უნდა შექმნან მძლავრი გუნდი? აჰა, 10% ვთქვათ, მაინც ვერაფერს გახდებიან. “გირჩი” პოლიტიკური გაუგებრობაა, რაც შეეხება “მოქალაქეებს”, არა მგონია მათთან “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” შეთანხმება შეძლონ. ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიებს სინერგია არა აქვთ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვაშაძის პოლიტიკური განაცხადი თეორიულად კარგია. მეც ვისურვებდი, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, მაგრამ არარეალურია. დღეს პოლიტიკურ ველზე ჯერ არშემოსული გახარიას მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიების ერთად”.

ლევან ბოძაშვილი - ციფრული ლარი - რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

“საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა... ბოლო ორი-ორწლინახევრის განმავლობაში ბევრი ქვეყნის ეროვნული ბანკი და ასევე საერთაშორისო ბანკები უკვე აქტიურად მუშაობენ ციფრული ვალუტების საკითხებზე: ჩაატარეს კვლევები, დატესტეს ტექნიკური შესაძლებლობები და ციფრული ვალუტები გამოუშვეს. საქართველო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი ეროვნული ბანკის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვება. შესაბამისად, სებ-ის ერთ-ერთი მოტივაცია ციფრული ვალუტის გამოშვების თაობაზე შესაძლოა სწორედ ის იყო, რომ არ აღმოჩენილიყო ამ თვალსაზრისით მაჩანჩალა პოზიციაზე”, - აცხადებს ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველი და მკვლევარი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ციფრული ლარი - რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა / “მთელი გლობალური საგადასახადო სისტემები კრიპტოვალუტაზე გადადის, შესაბამისად, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება” / “მომდევნო წლებში ლარი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი იქნება, რასაც სწორედ ეს ციფრული და კრიპტოვალუტები უზრუნველყოფს”.

“ციფრული ვალუტის გამოშვების კიდევ ერთი მოტივატორი ის არის, რომ თუ მას სწორად გამოუშვებენ, ეკონომიკის ბევრი სექტორისთვის ეს ფასების სტაბილურობას მოიტანს. სამომხმარებლო ფასები კატასტროფულად იზრდება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია გრძელდება, ქვეყანა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმპორტზე, ხოლო რეალური ეკონომიკური საფუძველი ამ პროცესების შესაჩერებლად არ არსებობს. ამიტომ სტაბილური ციფრული ვალუტა ჩვენთვის შესაძლოა იყოს ამ რთული ვითარებიდან ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი. ბოლო ერთი წელიწადია, რაც კრიპტოვალუტამ შეძლო სახელმწიფოების ხელში კონცენტრირებული ფინანსური რესურსის დეცენტრალიზაცია. მაგალითად, თუ დღეს სახელმწიფოს ფინანსური ძალაუფლება კონცენტრირებულია მის ეროვნულ ბანკში და ის ადგენს თამაშის წესებს, კრიპტოვალუტის სწრაფმა განვითარებამ ის მოიტანა, რომ სახელმწიფო კარგავს გავლენას ამ სფეროზე. შესაბამისად, ეს პროცესი რაღაცნაირად რომ შეაჩეროს და ფინანსური მართვის სადავეები დაიბრუნოს, ბევრი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს ციფრული ვალუტის გამოშვება. სხვათა შორის, პატარა ქვეყნებმა ეს უფრო ადრეც, ხუთი-ექვსი წლის წინ დაიწყეს, რადგან ნაციონალურ კრიპტოვალუტებში დიდი საინვესტიციო პოტენციალი დაინახეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.

“ქვეყნებს, რომლებსაც კონკურენტული უპირატესობები და დამატებითი ეკონომიკური სიძლიერე არ ჰქონდათ, საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნამ საინვესტიციო მიმზიდველობა შესძინა. ამის მაგალითია მალტა, რომელმაც ნაციონალური ციფრული ვალუტის კანონმდებლობის მიღებიდან ექვს თვეში 1,8 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. შესაბამისად, საქართველომ ხელიდან გაუშვა მომენტი, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის საინვესტიციო მიმზიდველობა და უპირატესობა ჰქონოდა. ახლა ჩვენ ერთ-ერთი ბოლო ვიქნებით, ვინც შექმნის შესაბამის საკანონმდებლო სივრცეს, ციფრულ ეროვნულ ვალუტას, მაგრამ ამას არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორც, მაგალითად ორი-სამი წლის წინ, როგორიც მიიღეს მალტამ, ლუქსემბურგმა, ლიხტენშტაინმა და სამხრეთ კორეამ. ამიტომ ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დაგვიანებული და აუცილებელია ახლა ეს პროცესი სწორად წარიმართოს, რათა ამან მაინც მოიტანოს ეკონომიკური ეფექტი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ელექტრონული გადახდების სისტემა. ნებისმიერი გადახდა, რომელსაც დღეს მომხმარებლები ვახორციელებთ, მიბმულია საკომისიო მომსახურებასთან. ყველაფერი, რასაც ვიხდით, იქნება კომუნალური გადასახადები, ჯარიმები, სხვადასხვა სერვისის საფასური და სხვა, დაკავშირებულია საკომისიოსთან, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში 0,50-დან 1,50 ლარამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 600-700 მილიონი ლარი ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის და მიდის ბანკებში. ციფრული ვალუტა საშუალებას იძლევა პირდაპირ გადაიხადო შუამავლის, ანუ ბანკის გარეშე. მაგალითად, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიას გადაუხადოთ გადასახადი ციფრული ლარით, ბანკის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ეს გამოათავისუფლებს 600-700 მილიონს, მოსახლეობაში დატოვებს, რაც სამომხმარებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტია. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნაღდო ანგარიშსწორება და ციფრული, კრიპტოვალუტა სხვადასხვა რამეა”, - განმარტავს ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველი.

“უნაღდო ანგარიშსწორებას ჩვენ ახლაც ვიყენებთ, როცა, მაგალითად, ონლაინგადახდებით ვსარგებლობთ. ის, რაც განაცხადა ეროვნულმა ბანკმა, არის კრიპტოლარი. ის დამყარებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე, სმარტკონტრაქტებსა და შესაბამის პარამეტრებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. სებ-ის პრობლემა ის არის, რომ მას არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია, არავინ იცის, რას და როგორ აპირებს, მან მხოლოდ განაცხადა, რომ გეგმავს ციფრული ლარის გამოშვებას. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ეს განცხადება მოულოდნელი იყო. ტექნოლოგიურად ამ ვალუტის შექმნა პრობლემა არ არის. მაგალითად, ჩემმა კომპანიამ ერთი თვის წინ შექმნა კრიპტოვალუტა და ამ ერთ თვეში 3 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის რთული პროცესი, მთავარია, მისი ლიკვიდურობა როგორი იქნება და მოსახლეობისთვის რამდენად კომფორტული იქნება. თუ ციფრული ლარი არ იქნება გადახდის საშუალება ყველგან, მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული ელექტრონულ გადახდებში მაინც. საინტერესოა ასევე, რით იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს ციფრული ვალუტა? შესაძლოა მისი უზრუნველყოფა მოხდეს სახელმწიფო აქტივებით, მაგალითად, სახელმწიფოს ხელში არსებული მიწებით. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, მისი ვალუტა აღარ იყოს მიბმული დოლარზე ან ევროზე, საქართველოს სახელმწიფო აქტივით იყოს უზრუნველყოფილი, ან სხვა აქტივით, რომელსაც სახელმწიფო მოიფიქრებს. სწორედ ასე უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვინდა ჩვენი ციფრული ვალუტა სადმე, რომელიმე კომპიუტერულ ფაილში დაილექოს და ვერაფერში გამოვიყენოთ”, - მიიჩნევს ლევან ბოძაშვილი.

“ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები ე.წ. სტაბილური კოინებია, ხოლო, მაგალითად, ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა, არ არიან სტაბილური ვალუტები, რადგან არ არიან რამე აქტივით გამყარებული და მათი ლიკვიდურობა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. ციფრული ვალუტები კი, რომელსაც ეროვნული ბანკები უშვებენ, სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ მიბმულია კონკრეტულ უზრუნველყოფის ერთეულზე. ასეთი კრიპტოვალუტის უპირატესობა რეალურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით ის არის, რომ არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ეკონომიკურ ეფექტებზე. თუ ლარი უფასურდება, კრიპტოვალუტა ვერ უფასურდება იმაზე ნაკლებად, ვიდრე მისი პირველადი ფასია, მაშინ როცა ლარი, მაგალითად, შესაძლოა კუპონს დაემსგავსოს და მის პირველად ნომინაციას ჩამოსცდეს. ამიტომ ეს უპირატესობა არსებობს და ახლა მთავარია, უფრო მეტი რამ აგვიხსნას ეროვნულმა ბანკმა და გვითხრას, რით იქნება კრიპტოლარი უზრუნველყოფილი. მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებაც რომ იყოს, ესეც კარგია, რადგან, სულ ცოტა, იმ თანხებს დავზოგავთ, რისი გადახდაც საკომისიოს შემთხვევაში გვიწევს და რომელიც დღეს ბანკის საფულეში მიდის”, - ამბობს რესპონდენტი.

“დღევანდელ ფინანსურ მსოფლიო ეკონომიკას სხვა პარადიგმიდან უნდა შევხედოთ. ტრადიციული პარადიგმა, ფაქტობრივად, შეცვლილია. ათობით და ასობით ადამიანი იყენებს დღეს კრიპტოვალუტას ნებისმიერ სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ლარის უზრუნველყოფას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ხომ ბაზრისთვის, ფინანსური გადახდებისთვის არის ის, რომ შენი გადახდის ერთეული გამყიდველმა მიიღოს. მომდევნო წლებში ლარი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი იქნება, რასაც სწორედ ეს ციფრული და კრიპტოვალუტები უზრუნველყოფს... მერწმუნეთ, კრიპტოვალუტას წლის ბოლომდე ყველა ქვეყანა შემოიღებს. “ვიზა” და “მასტერქარდი” გადავიდნენ უკვე კრიპტოვალუტაზე. რევოლუცია მიმდინარეობს, ფაქტობრივად, მსოფლიო ეკონომიკაში და იმისათვის, რომ ჩვენი კრიპტოლარიც არ დარჩეს ისეთ არამოთხოვნად ვალუტად საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დღეს ლარია, ამას მუშაობა სჭირდება. გეგმა მაინც უნდა არსებობდეს, რის გაკეთებას აპირებს ჩვენი ეროვნული ბანკი, რადგან ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეგიძლია მხოლოდ ტექნიკურად გადაწყვიტო, რომელიღაც კომპანია დაიქირავო და კრიპტოვალუტა შეგიქმნას - მერე რა ხდება, ეს არის მთავარი”, - დასძენს ლევან ბოძაშვილი.

“თუ კრიპტოლარი ბევრ სექტორში იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით სტაბილურ სექტორებში, როგორიცაა, მაგალითად, მონოპოლიური სექტორები, ენერგეტიკა, სახელმწიფო სერვისები და ა.შ., მას ლიკვიდურობა აუცილებლად ექნება და მერწმუნეთ, ორ-სამ წელიწადში ხალხი კრიპტოლარს უფრო გამოიყენებს, ვიდრე ჩვეულებრივ ლარს. რამდენიმე წელიწადში ქაღალდის ფული უსარგებლო გახდება. უპირველესად კი სუსტი ვალუტები, როგორიც, მაგალითად, ჩვენი ეროვნული ლარია. მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის კრიპტოლარის გამოშვებას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამას დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება დასჭირდება. ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა იმითაც არის განსხვავებული სხვა კრიპტოებისგან, რომ ეროვნული ბანკის ხელშია, რამდენს გამოუშვებს. მაგალითად, ჩინეთმა 2 მილიარდი ერთეული კრიპტოვალუტა გამოუშვა და თავიდან 100-100 ათასი ცალი დაურიგა შანხაის მოსახლეობას, რათა ლიკვიდურობა გაჩენილიყო. ჩვენმა ეროვნულმა ბანკმაც მსგავსი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შექმნას ბაზა, რათა ამ ვალუტამ მოძრაობა დაიწყოს, მოსახლეობას გაუჩინოს შესაძლებლობა და ინტერესი, რომ კრიპტოვალუტით აწარმოონ გადახდები. ამ პროცესში ეროვნული ბანკი ყველა შემთხვევაში მარეგულირებლად დარჩება. მთელი გლობალური საგადასახადო სისტემები კრიპტოვალუტაზე გადადის, შესაბამისად, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება”, - დაასკვნის ბოძაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა