რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით მეზობელ აზერბაიჯანში იმყოფებოდა. მას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის შედეგებზე კომენტარები პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთეს.

თუ გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის ვიზიტს ბაქოში?

- ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა ტრადიციულ მეგობრული ვითარებაში ჩაიარა. ყველა დონეზე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის პერსპექტივებზე მსჯელობდნენ, მსჯელობდნენ თანამშრომლობაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკულ და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების განვითარებაში.

იხსენებდნენ შევარდნაძის და ჰეიდარ ალიევის პარტნიორობას ბაქო-ჯეიჰანის პროექტში. გარდა დიდი პროექტებისა ილჰამ ალიევმა ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში მუშაობით, რასაც ჩვენც ვატყობთ.

- პრემიერ ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა გააჩინა მოლოდინი, რომ დავით გარეჯის საკითხში ქართული მხარისთვის საინტერესო შედეგები შეიძლება ყოფილიყო მიღებული.

ამ თემაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა -ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად".

გარეჯის თემაზე გაკეთებულმა ღარიბაშვილის განცხადებამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- აზერბაიჯანის მხრიდან თანამშრომლობაზე ზემოხსენებული აქცენტი და ღარიბაშვილის თქვენს მიერ ციტირებული განცხადება დავით გარეჯის თაობაზე იძლევა იმედს, რომ მხარეები გაგებით მოეკიდებიან ერთმანეთის ინტერესებს.

განცხადება დავით გარეჯის თაობაზე იძლევა იმედს, რომ მხარეები გაგებით მოეკიდებიან ერთმანეთის ინტერესს

ადრე სააკაშვილი ამბობდა აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესები ითხოვს გარეჯის ნაწილის დათმობასო. თუ ეს რეალური მოტივი იყო, დღეს ისიც შეცვლილი იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. იმავე ღარიბაშვილის ძალისხმევით შეცვლილია ადრინდელი გადაწყვეტილების დოკუმენტური საფუძველიც.

კეთილგანწყობის კლიმატი, სტრატეგიულ და დოკუმენტურ საფუძვლებში არსებული ახალი გარემოებები იძლევა იმედს, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის ორივე მხარე იზრუნებს.

- ჯერ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური „სინოფარმისვაქცინით საჯაროდ აიცრა. შემდეგ მინისტრები და დეპუტატებიც ჩაებნენ ვაქცინაციის პროპაგანდის პროცესში.

ხელისუფლებას ეს პროცესი გაცილებით ადრე რომ დაიწყო, ალბათ უკეთესი იქნებოდა.

ფაქტია, რომ ვაქცინაციის თვალსაზრისით საქართველოში ვითარება სახარბიელო აშკარად არაა. როგორც ამირან გამყრელიძემ ბრძანა, თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით. ასეთ ვითარებამდე რომ მივიდეთ ქვეყანაში ყოველ დღე 6 ათასი ადამიანი მაინც უნდა იცრებოდეს. არადა ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

ვიცით, რომ დღეისათვის საქართველოში ყველაზე მეტი სწორედ ჩინური ვაქცინებია შემოტანილი. რამდენად შეუწყობს ხელს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ბატონ გამყრელიძის, მინისტრებისა და დეპუტატების მიერ ჩინური სინოფარმით“ აცრა? რამდენად გაქვთ იმედი, რომ ამ სფეროში აშკარა ჩამორჩენას ქვეყანა მალე დაძლევს?

- ყველას გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში საჯაროდ როგორ იცრებიან ისინი, ვისაც საზოგადოება ენდობა. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ვაქცინაციას გაუწიონ რეკლამა, რადგან მას ყველგან არიდებენ თავს. ამირან გამყრელიძე თავისი ცხოვრებით, პროფესიონალიზმით და, განსაკუთრებით, კოვიდთან ბრძოლით ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობას. ამდენად, გამყრელიძის მხრიდან სოციალურ რეკლამად მართლაც ჩაითვლება საჯარო აცრა.

არც ჩინურ ვაქცინაზე აქცენტია გასაკვირი - ჩვენთვის ახალი ვაქცინაა და მისადმი ნდობაა დასანერგი. სხვათაშორის, ჩემი ზოგიერთი წინდახედული მეგობარი ჩინურს უფრო ენდობა ვიდრე დასავლურს - უფრო ახლოსაა ტრადიციულ ტექნოლოგიასთანო. ვარიანტი ბევრია, მთავარია აცრილების რაოდენობა გაიზარდოს და ამით შეიზღუდოს ეპიდემიის გავრცელება.

იმედი მაქვს, რომ რეგიონების მაცხოვრებლების აცრისადმი ცალმხრივი განწყობა შეიცვლება, ისინი მიბაძავენ თბილისელებს, მიბაძვას დიდი ძალა აქვს. დიდი ძალა აქვს იმის გაცნობიერებასაც, რომ აცრა საჭიროა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მისი ეკონომიკური მდგომარეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის

გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინისგან თავის არიდებას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. სიფრთხილის ობიექტური მიზეზია ის, რომ ბევრი რამ დაუდგენელია როგორც ვირუსში, ასევე ვაქცინებში. სუბიექტური, ფსიქოლოგიური მიზეზებია სტრესი, პანიკური შიში, სტერეოტიპულობა და სხვა ფსიქიკური ფენომენები, რომლის გავლენით ადამიანი ვეღარ ახერხებს იყოს რაციონალური და მოვლენა განიხილოს სხვადასხვა მხრიდან. რაციონალური მიდგომით კი ცხადია, რომ ექიმები ვაქცინაციის გართულებას უფრო ადვილად მოუვლიან, ვიდრე კოვიდისას.

ხშირად ვაქცინაზე უარის თქმა გამოწვეულია დაუდევრობით ან ინფორმაციის ნაკლებობით, რაც ხშირია რეგიონებში. თბილისში უკვე აცრის შესაძლებლობა აღარ არის და მსურველები რაიონში მიდიან.

იმედი მაქვს, რომ რეგიონების მაცხოვრებლების აცრისადმი ცალმხრივი განწყობა შეიცვლება, ისინი მიბაძავენ თბილისელებს, მიბაძვას დიდი ძალა აქვს. დიდი ძალა აქვს იმის გაცნობიერებასაც, რომ აცრა საჭიროა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მისი ეკონომიკური მდგომარეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის.

- მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, საშინაო პოლიტიკის ერთერთი ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემებია 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის კანონის პროექტი და ის, თუ როგორ გამოვა ციხიდან პარტია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

ამნისტიის კანონის პროექტით დავიწყოთ. პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი პროექტი, ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის. ამ თემაზე უამრავი მოსაზრება და კომენტარი გვესმის. თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამ თემაზე მოსმენილი მსჯელობები?

- ალბერტ აინშტეინმა ბრძანა „ყველაფერი შეფარდებითიაო“. მით უფრო შეფარდებითია შეფასებები. 19 აპრილის შეთანხმების ავტორის, დასავლეთის პოლიტიკური ელიტის (შარლ მიშელის სახით) პოზიციიდან რომ შევაფასოთ ამნისტიის კანონზე მსჯელობა, დასავლეთის პოზიცია უნდა გაცნობიერებული გვქონდეს.

დასავლეთმა რიტორიკულად თქვა, რომ პოლარიზაციის მოსახსნელად გეხმარებითო, მაგრამ 30 წელია პოლარიზებული ვართ და მხოლოდ ახლა რატომ მოისურვეს დახმარება?

შიგადაშიგ ისიც თქვეს - ქუჩაში გადატანილი დაპირისპირება, ანუ ქვეყნის დესტაბილიზაცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო. ვთვლი, რომ ესაა დასავლეთის ინიციატივების რეალური მიზეზი - მან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის წარმოების შესაძლებლობა ჩააქრო.

კავკასიაში მხოლოდ საქართველო დარჩა იმ ადგილად, სადაც დასავლეთს მეტი გავლენა აქვს ვიდრე რუსეთს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რუსეთს სჭირდება დასავლეთს ხელი ააღებინოს საქართველოზე აქ დესტაბილიზაციის გაფართოებით. მან ეს ხერხი 90-იანებში უკვე გამოიყენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ხოლო დასავლეთს სჭირდება საქართველოს შენარჩუნება პარტნიორად და ამდენად - მისი სტაბილურობა.

ამდენად, თუ დასავლეთის პოზიციიდან შევაფასებთ ამნისტიის კანონის ვარიანტებს, მეტ-ნაკლებად რთული სიტუაციაა - დესტაბილიზაციის საფრთხეს ორივე შეიცავს. თუ უმრავლესობის ვარიანტს მიიღებს პარლამენტი და ოპოზიციისას დაიწუნებს, ამ საბაბით ოპოზიციამ შეიძლება ისევ საპროტესტო აქციები დაიწყოს. თუ ოპოზიციიის ვარიანტს მიიღებენ, მასში კონფრონტაციის მუხტია ჩადებული ცალმხრივი ამნისტიის შემოტანით, რაც უგულვებელჰყოფს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

თუ უმრავლესობის ვარიანტს მიიღებს პარლამენტი და ოპოზიციისას დაიწუნებს, ამ საბაბით ოპოზიციამ შეიძლება ისევ საპროტესტო აქციები დაიწყოს. თუ ოპოზიციიის ვარიანტს მიიღებენ, მასში კონფრონტაციის მუხტია ჩადებული ცალმხრივი ამნისტიის შემოტანით, რაც უგულვებელჰყოფს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

ანალოგიურია მელიას თემა. თუ მელია ციხეში დარჩა, რასაც ცდილობდა ის და მისი პარტია, ისევ გაჩნდება საბაბი ქუჩის პროტესტისთვის. თუ გარეთ გამოვიდა მელია, გაკეთებს იმას რაც იცის - მოაწყობს აქციებს რაიმე საბაბით.

ამდენად, დესტაბილიზაციის საფრთხეს ეს თემაც შეიცავს. თუ ხსენებულ დისკუსიებს შევაფასებთ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან, ალბათ ძალიან დაბალი შეფასება გამოვა - არათუ მოსახლეობას, ანალიტიკოსებსაც აღარ აქვთ სერიოზული დამოკიდებულება ჭიქაში ატეხილი ამ ქარიშხლის მიმართ.

- ოპოზიციის მტკიცებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონით ხელისუფლებას სურს ამნისტიის კანონში მოაქციოს ის პირები, ვისაც შესაძლოა ბრალი მიუძღვოდეს მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე, ასევე ის პირები, ვინაც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ზალის გამოყენებაზე.

პარლამენტში შესული „ლელოს“ წარმომადგენლები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. ვიდრე ეს კომისია მუშაობას არ დაასრულებს, რამდენად მართებული იქნებოდა ამნისტიის იმგვარი ვარიანტის მიღება, რომელიც თანამდებობის პირებს პასუხიმგებლობას აარიდებდა?

- „ლელოს” ინიციატივა, მე მგონი, საღი აზრით ნაკარნახევი იდეაა. ლოგიკურად გამართულია, რომ ამნისტიის კანონზე მსჯელობა არ ჩაიძიროს იმის გარკვევაში, ვინ რა დააშავა და ეს დაადგინოს საპარლამენტო კომისიამ. მით უფრო, რომ ამჟამად სასჯელს მხოლოდ შემსრულებლები იხდიან.

ამნისტიამ ზოგიერთ რომც მოუხსნას პასუხისმგებლობა, კომისიას შეუძლია ახალი გარემოებების საფუძველზე ხელახლა დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

ვთვლი, რომ ამნისტიის და საპარლამენტო კომისიის პროცესები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ამასთანავე, კომისიის მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, ხოლო ამნისტიის სასწრაფოდ მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებული ვალდებულებაა.

- „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება რომ მზადაა ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი გამოვიდეს ციხიდან. ფაქტია, იგი თავიდანვე რომ ამ პოზიციაზე ყოფილიყო, უკვე გარეთ იქნებოდა და ჩართულიც იქნებოდა პოლიტიკურ პროცესში.

მელიას პოლიტიკური მიტივით დაკავებისა და გათავისუფლების თემები ყველა დონეზე აქტიურად კი განიხილებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალებისთვის“ თავიდანვე მიუღებელი იყო. ამ პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია რამდენიმეჯერ შეიცვალა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ პოზიციებში ცვლილებებს, ასევე გათავისუფლების ფორმებზე იგივე ნიკა მელიას პოზიციაში ცვლილებებს?

- „ნაციონალური მოძრაობის“ და ციხეში თუ უკრაინაში მყოფი მისი ლიდერების პოზიციათა ცვლილებები სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან ჩანს, რომ მათ გრძელვადიანი გათვლილი სტრატეგია არ გააჩნიათ და პოზიციებს სიტუაციის მიხედვით იცვლიან.

ნაცმოძრაობის“ ციხეში თუ უკრაინაში მყოფი მისი ლიდერების პოზიციათა ცვლილებები სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან ჩანს, რომ მათ გრძელვადიანი გათვლილი სტრატეგია არ გააჩნიათ და პოზიციებს სიტუაციის მიხედვით იცვლიან

ახლა შეიძლება გადაწყვიტეს რევოლუციის მოწყობა პარლამენტიდან, რაც ისევ ცუდადაა გათვლილი. ეს თამაშს წააგავს და სერიოზულ დამოკიდებულებას არ აჩენს. სანამ მათი პოზიციების თამაში დესტაბილიზაციამდე არ მიგვიყვანს, ითამაშონ. სერიოზულ დამოკიდებულებას აჩენს მხოლოდ დესტაბილიზაციის საფრთხე.

- ახლა ოპოზიცია ამნისტიის პროექტში კობახიძის ინიციატივით გაჩენილ ჩანაწერს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც თუ შეწყალებულ პირს არ სურს იყოს შეწყალებული, მას შეუძლია ამნისტიით არ ისარგებლოს.

ეს ჩანაწერი მას შემდეგაა გაჩენილი ამნისტიის პროექტში, რაც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი მზადაა ევროკავშირის გირაოთი გამოვიდეს და ამნისტიის კანონით არ ისარგებლებს.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ამნისტიის კანონში ამგვარი ჩანაწერის გაჩენა იმაზე არის გათვლილი, რომ ამნისტიით მელია არ იხელმძღვანელებს. ამის პარალელურად კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმყოფებოდა, და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები აგრძელებენ მუშაობას მელიას ევროკავშირის გირაოთი გამოშვების თემაზე.

რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის მტკიცება, რომ ამნისტიის პროექტში ჩანაწერის გაჩენა გაუგებარია და თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა ფორმით გათავისუფლდება ნიკა მელია?

- ცნობილია, რომ მელიას აქამდეც შეეძლო გამოსულიყო გარეთ. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაცმოძრაობას“ იგი ციხეში სჭირდებოდა, რამაც გამოიღო შედეგი - დასავლეთის ბევრმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ხელისუფლება პარტიის თავმჯდომარის დაკავების გამო.

მეორე მხრივ, არც ეს კრიტიკა აღარ გაფართოვდა და არც აღშფოთებულმა ხალხმა არ გაავსო ქუჩები მელიას დასაცავად. მელიას ციხეში ყოფნამ ამოწურა პოლიტიკური რესურსი. ამიტომ მისმა პარტიამ მელია შეიძლება გამოუშვას ციხიდან, მაგრამ გარეთ რა უნდა ქნას? მას გარეთ მხოლოდ დესტაბილიზაცია ეხერხება.

თუ მელია გამოვიდა ციხიდან, ვფიქრობ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისევ ძალაშია დესტაბილიზაციის სცენარი. დეპუტატების საპროტესტო აქცია უფრო შთამბეჭდავიც კი იქნება.

რაც შეეხება ახალი ჩანაწერის გარშემო ატეხილ დაპირისპირებას, მგონია, რომ ეს მხოლოდ დაპირისპირებისთვის ხდება. ხომ ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საბაბი მოიპოვოს პროტესტისათვის.

კმაყოფილი უნდა ვიყოთ, თუ მომავალი საარჩევნო კანონი დღევანდელზე უკეთესი იქნა

- სავარაუდოდ, რა ფორმით გამოვა ციხიდან მელია და მისი გამოსვლის შემდეგ შევა თუ არა „ნაციონალების“ დეპუტაცია პარლამენტში?

- მსოფლიოს აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით რომ გახედავ პოლიტიკურ პროცესებს და ძალებს, მერე რომ გადმოიხედავ საქართველოში და ნახავ რომ აქ აქტუალურია, თუ როგორ გამოვა მელია ციხიდან... ან სიცილი მოგინდება, ან ტირილი.

მე სიცილს ვირჩევ, მაგრამ ბევრს ეტირება. ნება მომეცით, თავი ავარიდო ამ კითხვაზე პასუხს, არ მაინტერესებს.

- 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იგი უნდა შესრულდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე და სრულად.

თითქოს ყველა თანხმდება, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან გამკლავება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ასევე ძალთა გადანაწილება პარლამენტში.

გასაგებია, რომ შეთანხემბის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან მოხლოებული არჩევნების წინ ამბიციური საარჩევნო რეფორმა მნიშვნელოვანია, ამ საკითხით დავიწყოთ. იმ მსჯელობის ფონზე, რასაც ამ თემაზე ვადევნებთ თვალს, თქვენ თუ გაქვთ იმის განცდა, რომ ბოლოსდაბოლოს კარგი საარჩევნო კანონები და ადმინისტრაცია ეყოლება ქვეყანას?

- დასავლეთის დემოკრატია რამოდენიმე საუკუნეს ითვლის, მრავალი ვარიანტი მოსინჯეს იქამდე, სანამ დღევანდელ დონეს მიაღწევდნენ. ეს გამოცდილება გვკარნახობს, რომ გაუმჯობესება თანდათანობით ხორციელდება. კმაყოფილი უნდა ვიყოთ, თუ მომავალი საარჩევნო კანონი დღევანდელზე უკეთესი იქნა.

თუ დასავლეთი ენერგიულად შეანჯღევს ოცნებაში წასულ პოლიტიკოსებს, ხელისუფლება დაიწყებს ცვლილებებს

- მართლმსაჯულების სისტემა გახდათ ის საკითხი, რის გამოც წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ გუნდი ბევრმა დატოვა. გვახსოვს, თუ როგორ ადანაშაულებდა ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეების ლობირებაში.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემას კლანი მართავს, იურისტთა ის ჯგუფი, რომელიც წინა ხელისუფლების დავალებების შესრულება ბრალდება. საუბრობენ იმაზეც, რომ ეს სისტემა ისეთი მკაცრი და ხშირ შემთხვევაში უსამართლო აღარაა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ საქმე პოლიტიკას არ ეხება.

ამ სფეროში ვითარების კარდინალურად შეცვლას რადიკალური ცვლილებები სჭირდება. ძნელი წარმოსადგენია ხელისუფლებამ თავად დაიწყოს იმის დემონტაჯი, რასაც თავად აქამდე რუდუნებით აშენებდა.

ამ თემებზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ასრულებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ხოლო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება იმ გზას დაადგება, რასაც ჩვენგან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოითხოვენ?

- მე მგონია, რომ თქვენს კითხვაზე პასუხს სჭირდება სხვა კითხვებზე პასუხი, კერძოდ - რატომ შეინარჩუნა „ოცნებამ“ კლანი? არის ვერსია, რომ მას მორჩილი მართლმსაჯულება სჭირდებოდა. ჩემთვის ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია.

ხელისუფლებას თუ დასჭირდებოდა, მოსამართლეთა ნებისმერი შემადგენლობა შეეძლო გადაექცია მორჩილად, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმმა გააკეთა. მე მგონია, რომ ახლადმოსულმა „ოცნებამ“ თავი აარიდა ძლიერ კლანთან დაპირისპირებას, რომ მას არ ამოეტრიალებინა სასამართლო სისტემა. ეს მოტივი ლოგიკურად გასაგებია.

გაუგებარია, მერე რატომ არ იზრუნა ხელისუფლებამ პოზიტიურ ცვლილებებზე და ამდენი კრიტიკის სამიზნედ რატომ გაიხადა თავი. მგონია, მარტივი სიზარმაცეა მიზეზი, რაც ბევრ სხვა რამეშიც ვლინდება. თუ დასავლეთი ენერგიულად შეანჯღევს ოცნებაში წასულ პოლიტიკოსებს, ხელისუფლება დაიწყებს ცვლილებებს.

სააკაშვილი თავისი რევოლუციური სცენარით ბევრ სირთულეს უქმნის მთელ ოპოზიციას. ამიტომ, შეიძლება ბევრმა სცადოს მისგან გამიჯვნა და ახალი ლიდერის როლის აღება, მაგრამ მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს. ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება

ასეთი შენჯღრევით მას კლანთანაც მიზეზიც ექნება - მე არ მინდა თქვენი შევიწროვება, მაგრამ დასავლეთი მთხოვსო. ამიტომ მგონია, რომ მოხდება რეფორმები, ოღონდ ისევ მცირე ნაბიჯებით.

- ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები ოპოზიციის მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოებები სხვა, უფრო მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის დღის წესრიგის წარმართველი ვინაა, არაა გამორიცხული ოპოზიციაში ახლა ბრძოლა იმაზე უფროა, ოპოზიციური ფლანგის ლიდერი იქნება თუ არა „ნაცმოძრაობა“- სააკაშვილი - მელია?

ახალ რეალობაში ვისი ლიდერობითა და დღის წესრიგით იმოქმედებს ოპოზიცია მომავალში, პარლამენტში, ან თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე? თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან რთულ პოლიტიკურ ლაბირინთში გზა გაიგნო, გამარჯვება მოიპოვა, ცხრა წელი მართავდა ქვეყანას და შექმნა მისი ქარიზმით მოხიბლული თაყვანისმცემლების დიდი გუნდი, რომელიც დღემდე მის გარდა ვერავის ხედავს.

ვადამდელი არჩევნები ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების მარცხს - პირიქით

არცერთ ოპოზიციურ ლიდერს არა აქვს არც ლაბირინთებში გავლის, არც გამარჯვების და არც ქვეყნის მართვის ეს გამოცდილება და არც ქარიზმა. ამიტომ, მათ ფონზე სააკაშვილის ლიდერობა გარდაუვალია, მით უფრო, თაყვანისმცემლების გუნდის არსებობამდე.

მეორე მხრივ, სააკაშვილი თავისი რევოლუციური სცენარით ბევრ სირთულეს უქმნის მთელ ოპოზიციას. ამიტომ, შეიძლება ბევრმა სცადოს მისგან გამიჯვნა და ახალი ლიდერის როლის მორგება, მაგრამ მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს. ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება.

- გასულ კვირას პარლამენტმა დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალმღვევთა კოდექსში ცვლილებები მიიღო და ისინი გაამკაცრა, რასაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.მომხდარს აშშს საელჩო გამოეხმაურა და გამოხატა თავისი იმედგაცრუება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ მოლოდინი არ გაამართლა და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები ნაჩქარევად მიიღო.

იურისტთა ნაწილი თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით საფრთხე არ ემუქრება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, არც აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას. ეს უფლებები კონსტიტუციით არის გარანტირებული.თქვენ როგორ აღიქვით მომხდარი - დაანონსებული აქციების წინ ხელისუფლების შიშებად, აუცილებლობად, თუ სულაც თვლით, რომ მათი მიღების აუცილებლობა არ იყო?

- დაანონსებული აქციების შიში, წესით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონოდა, არცერთი ბოლო აქცია არ აღმოჩნდა საშიში. მეორე მხრივ, რა საჭირო იყო ამ კანონის ახლა ინიცირებით ახალი საპროტესტო საბაბის მიცემა ოპოზიციისთვის, არ ვიცი.შეიძლება, არც ამ ნაბიჯს არა აქვს სერიოზული მიზეზები და განპირობებულია იმით, რომ „ოცნება“ ვერ ხვდება - სიწყნარე შეიძლება დროებითი იყოს, ჩრდილოეთით ისევ იგივე მეზობელი გვყავს.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - „ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლება წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს“.

წელს შემოდგომაზე დაგეგმილმა არჩევნებმა უნდა განსაზღვროს მომავალ წელს გაიმართება თუ არა ვადამდელი არჩევნები. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აშკარად მძიმეა. პანდემიის გამო ვერც ეკონომიკას ეშველა და ვერც ლარის კურსს. მე კითხვას ასე დავსვამ - რა შანსები აქვს ხელისუფლებას, რომ ამომრჩეველმა უარი თქვას ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე?

- ვადამდელი არჩევნები ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების მარცხს - პირიქით. რეიტინგები ყველამ ვიცით და ვიცით, რომ დღეს ოპოზიცია იმაზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, ვიდრე 2020-ში. ამიტომ ისიც არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ თავად მოისურვოს ვადამდელი არჩევნები და პარლამენტში ოპოზიციის რიცხვის შემცირება.

აი, ოპოზიციას რაში აწყობს ვადამდელი არჩევნები მისი რეიტინგების პატრონს, გაუგებარია. შეიძლება, ეს მოთხოვნაც არაა სერიოზული - არის მოთხოვნა მოთხოვნისთვის და თუ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მერე დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რა ქნან.

ამიტომ, სხვანაირადაც ისმის საკითხი - რა შანსები აქვს ოპოზიციას, რომ არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ოპოზიცია გადარჩეს უფრო მეტ მარცხს?

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა