დავით მათიკაშვილი - სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა, მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას - დღეს გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს

მიშა სააკაშვილის "პოხონდრიების" აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას - დღეს ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ მელია მზად არის ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მათ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ გადადგეს.

"ფაქტია, რომ საკუთარი თავი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას, რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაციული გზით ვერ შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელიც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადახდილი თანხა იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი ციცილიზებული სამყაროს მხრიდან, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად ევროკავშირის გირაო არის "გაკაპასებული და ზღვარგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის ევროკავშირის მიერ მოძებნილი გამოსავალი", რომელიც პოლიტიკურ პროცესებს დაასტაბილურებს.

"ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად. ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზება, რაც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა