ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021

“მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ” - რატომ ვერ ახერხებს აცრას ყველა მსურველი

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა - როგორი პასუხი ექნება აშშ-ს საწვავის უდიდეს მილსადენზე შეტევის გამო

მთავრობამ ფსონი ეკონომიკაზე დადო - შეზღუდვების გაუქმებით ვითარება მკვეთრად იცვლება

* * *

“მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ” - რატომ ვერ ახერხებს აცრას ყველა მსურველი

“სპეციალისტები თვლიან, რომ კორონავირუსით გარდაცვალებულთა მკვეთრი მატება 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია - იმ დროისთვის ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა ხუთასის ფარგლებში მერყეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის დღიური მაჩვენებელი, რომელიც მესამე ტალღის პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ, რასაც ამავე გათვლით არასასურველ სცენარამდე მივყავართ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გარდაცვალების დღევანდელი შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ” - რატომ ვერ ახერხებს აცრას ყველა მსურველი.

“გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების”, - თქვა მან. მისივე შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს”, - აცხადებს გაბუნია. იგივე მოსაზრებისაა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებულთა რაოდენობის მატება რაოდენობა ყოველდღიური შემთხვევების მატების პროპორციულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ, სიკვდილიანობა დაავადებულთა რაოდენობის მატებას მიჰყვება, შესაბამისად 2-3 კვირის მერე ამ დაავადებას ეს ტრაგიკული კანონზომიერება გააჩნია, რომ ინფიცირებულთა რიცხვის მატება მოასწავებს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ესაა რეალური მიზეზი. ყოველი 100 დაავადებულიდან, სიკვდილობის რისკი 1-დან 2%-მდეა, ეს რა თქმა უნდა, მაღალია, ამ ერთი წლის განმავლობაში, ასეთი ტრაგიკული კანონზომიერება იყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამას მივეჩვიეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ოჯახის წევრები თუ სხვა, ამ ვერაგმა ვირუსმა 4 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე შეიწირა. აცრისა და რეგულაციები დაცვის გარეშე, სამწუხაროდ, ეს ვირუსი არსად არ მიდის” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე “ასტრაზენეკაზე” ასაკის დაწევასა და “სინოვაკით” ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაზე მოთხოვნილება მიწოდებას სჭარბობს, რაც უნდა დაბალანსდეს. “დღეს სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება, სადაც განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის “ასტრაზენეკაზე” ასაკის დაწევის და “სინოვაკის” ადმინისტრირების დაწყების საკითხი. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ. დღეს განიხილება 100 ათასი დოზა “სინოვაკის” უკვე ამუშავება”, - თქვა გამყრელიძემ. ამასთან, ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში “სინოვაკით” ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს. “არ გამოვრიცხავ, არგუმენტი ამისთვის არსებობს. პირველი, როგორც ჯანმრთელობის ორგანიზაციის შესაბამის პორტალზე ქვეყნდება, მალე იქნება განხილვა. მეორე, ის უკვე ადმინისტრირდება 32 ქვეყანაში და დაახლოებით 160-170 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული, ასევე ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას დაწყების ან დალოდების შესახებ”, - აღნიშნა გამყრელიძემ. აკაკი ზოიძეს კი მიაჩნია, რომ “ასტრაზენაკაზე” ასაკობრივი ზღვარი უნდა დაიწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს ასაკი ბრიტანეთმა თუ არ ვცდები 30 წლამდე ჩამოიწია და გერმანიამ 18-მდე, მე არ მიმაჩნია, რომ საერთოდ ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს, მათ შორის “ასტრაზენეკაზე”, იმიტომ, რომ ის რისკი, რაც თრომბოემბოლიებთანაა დაკავშირებიული რამდენიმე ასეულჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ის თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც შეიძლება თვითონ კოვიდს მოჰყვეს. ის ტრაგიკული შემთხვევა, რაც ჩვენთან მოხდა, დაემთხვა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” აცრის წარუმატებელ კამპანიას და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება ასაკობრივ შეზღუდვაზე, რომ ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა გაგვეზარდა, თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასაკობრივი შეზღუდვა სწორია. აქ მთავარი და აუცილებელია, რომ მასობრივი ვაქცინაციის ლოჯისტიკური გამოწვევების დაძლევა და რეალურად ამ ცენტრების მომზადება დავიწყოთ, მათ შორის საინფორმაციო კამპანია, რომელიც დღემდე აქტიური და ადეკვატური არაა, რა გამოწვევაც ჩვენ გვაქვს ვაქცინაციასთან მიმართებაში”, - მიიჩნევს ზოიძე.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძესაც ასევე მიაჩნია, რომ რადგან გერმანიამ “ასტრაზენეკაზე” ასაკობრივი ცენზი დასწია, ეს ცუდი არაა, თუმცა, ამაზე სამსჯელოა, რადგან გადაწყვეტილება ადამიანების შეხედულებასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. “გერმანიამ დაწია, მე ჩემი აზრი კი მაქვს, მაგრამ მოსახლეობასთან ეს აზრი არგუმენტირებული უნდა იყოს, მაგრამ, რახან მაინც ადამიანების შეხედულება, გარკვეული შიში არსებობს, ხომ იცით ადამიანში სიტყვა უფრო მეტად რჩება, თუ რაღაცა სიტყვას ირწმუნებს, მისი გაბათილებაა ძნელი... აცრის საკითხი ფრონტალურად უნდა გაიშალოს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ დღეში 6-7 ათასზე უნდა ავიდეთ, თუმცა ათი ათასიც რომ იყოს, უკეთესია, ანუ აქ უკვე ადამიანებმა თავის თავში შიშის ფენომენი გადალახეს და ამ ენერგიას ჩვენ მხარი უნდა ავუბათ და თუ ეს აქტიურობა კიდევ გაზრდილი იქნება, წლის ბოლომდე მართლაც სასურველ ნიშნულამდე ავალთ და პროექტი წარმატებული იქნება... თქვა კახაძე. ამირან გამყრელიძის მოსაზრებით, საჭიროა ვაქცინაციის მეტად გააქტიურება, საკოორდინაციო საბჭოზე დააყენეს საკითხი, რომ ამცრელი ბრიგადები შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ და ივნისის ბოლოსთვის ამცრელი ბრიგადების რაოდენობა სამასამდე გაიზრდება”, - დასძენს გამოცემა.

“მეტ ხალხს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ. საჭიროა, მეტად გავაინტენსიუროთ პროცესი. დღეისთვის ასამდე სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადა ცრის, მაგრამ, ზოგიერთი ბრიგადა, განსაკუთრებით რაიონებში, არ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, არის კვირაში სამი-ოთხი დღე. დღეს საბჭოზე დავაყენეთ საკითხი, რომ შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეთ და შესაბამისად წახალისდნენ სპეციალისტები, ვინც მუშაობენ შაბათ-კვირას და ასე შემდეგ. გვინდა, რომ ამ თვის ბოლოსთვის 161-დან 200 ბრიგადამდე გადავიდეთ. თითო ბრიგადა აკეთებს დღეში 42-დან 50-მდე აცრას. ივნისის ბოლოსთვის ბრიგადის რაოდენობა 300-მდე მაინც უნდა იყოს”, - დაასკვნის გამყრელიძე, რომლის თქმით, “რა თქმა უნდა, ამ გეგმას ვაქცინის შესაბამისი მარაგი უნდა მოჰყვებოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა - როგორი პასუხი ექნება აშშ-ს საწვავის უდიდეს მილსადენზე შეტევის გამო

“აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო სამართალდამცავები კიბერშეტევაში მონაწილე პირებს ეძებენ. საუბარი მიმდინარეობს აღნიშნულ შეტევაში რუსეთის როლზეც, თუმცა ზუსტი დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. მილსადენი Colonial Pipeline-ი 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side-ი დგას, რომელმაც Colonial Pipeline-ის ქსელში შეაღწია და თითქმის 100 გბ მონაცემები “მძევლად აიყვანა”. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა - როგორი პასუხი ექნება აშშ-ს საწვავის უდიდეს მილსადენზე შეტევის გამო.

“მიტაცების შემდეგ ჰაკერებმა ზოგიერთ კომპიუტერსა და სერვისზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჰაკერები მონაცემების ინტერნეტში გაჟონვით იმუქრებიან. Colonial Pipeline-ში აცხადებენ, რომ მომსახურების აღსადგენად სამართალდამცავებთან, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებსა და ენერგეტიკის დეპარტამენტთან აქტიურად მუშაობენ. საკითხზე, თუ რა მასშტაბის შეტევა განხორციელდა და როგორია ზარალი აშშ-თვის, “რეზონანსს” კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერებმა აშშ-ის უმსხვილესი საწვავის მილსადენს შეუტიეს, ზარალის სიმძიმე იმდენად დიდი არ იქნება, რამდენადაც სურვილი, რომ უმოკლეს დროში დამნაშავეები დააკავონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა მიუხედავად ამისა არა მგონია ზარალი კატასტროფული იყოს. უფრო მეტად მოხდა შეფერხება, რაც 1-2 კვირიან პრობლემებს გამოიწვევს აშშ-ის ბაზარზე ნავთობპროდუქტების მიწოდების კუთხით. მოგვარებადი კრიზისია და ამ შემთხვევაში კრიზისი არ არის იმდენად პრობლემური, რამდენადაც თვითონ ის ფაქტი, რომ ჰაკერებმა ასეთი სერიოზული კომპანიის დაზარალება მოახერხეს - რადგან, როგორც წესი, ჰაკერები მსგავს კომპანიებზე შეტევებს თავს არიდებენ ხოლმე. აშშ შეშფოთებულია იმიტომ, რომ შესაძლოა მოხდეს განმეორებითი შეტევა, ამიტომ ახლა შეერთებული შტატების საგამოიძიებო ჯგუფი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს ის ადამიანები, რომლებიც დაჯგუფება Dark Side-ს წარმოადგენენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ შეტევაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან დამნაშავეები, თუმცა, როგორც ვხედავთ, ვარაუდის დონეზე რუსეთის როლიც არსებობს ამ კიბერშეტევაში, თუმცა, მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ იქნებიან ცნობილი, რუსეთი ყოველთვის თავს გაიმართლებს. ზოგადად, საკმაოდ მაღალია ალბათობა, ამ პროცესებში რუსები იყვნენ ჩართულნი, რადგან თვითონ ეს დაჯგუფება “დარქ საიდი” როდესაც თავის თავს ავლენს, ხშირად იკვეთება მისი რუსეთთან კავშირები. ვაშინგტონის პასუხი ძალიან მკაცრი იქნება. არა მხოლოდ არსებული შეტევის გამო, არამედ სამომავლო შესაძლო თავდასხმის გამო, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ, ვფიქრობ აშშ-ის საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოავლინონ დამნაშავეები და რაც შეიძლება მკაცრად დასაჯონ”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

“როგორც ირკვევა, აშშ-ში საწვავის მილსადენზე თავდასხმაში რუსეთი თავის მონაწილეობას არ ადასტურებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “რუსეთს ამასთან საერთო არაფერი აქვს”, - ამბობს პესკოვი. კიბერშეტევაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმის კუთხით ამის მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა “არსებობს მტკიცებულება, რომ აქტორების გამოსასყიდი პროგრამა რუსეთშია”. გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კი დაჯგუფება Dark Side-ი დგას, გუშინ მათ თავიანთ ვებ-გვერდზე დაწერეს, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან, ხოლო მათი მიზანი ფულის გაკეთებაა და არა საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება”, - წერს სტატიის ავტორი.

მთავრობამ ფსონი ეკონომიკაზე დადო - შეზღუდვების გაუქმებით ვითარება მკვეთრად იცვლება

საქართველოს ეკონომიკა გამოცოცხლების გზას ადგას. მშპ-ის მონაცემების გაუმჯობესება ახლა ყოველთვიურად მოსალოდნელია. არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. ახლა მთავრობაში ელოდებიან, რომ წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება და ამას ხელს შეუწყობს ის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ჩანს, ქვეყანაში შეზღუდვების ხანგრძლივი პერიოდი სრულდება. მძიმე იანვარ-თებერვლის შემდეგ, ეკონომიკაში უკვე დადებითი ძვრებია. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დიდი ალბათობით, უკვე აპრილის თვიდან დაიწყება და მაისშიც იგივე შედეგი დაფიქსირდება. რადგანაც შედარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ხდება, სწორედ ამიტომ შესაძლებელია, აღნიშნულ თვეებში ქვეყანა ნახტომისებურ ზრდაზე გავიდეს, რადგან შარშან ამავე პერიოდში საკმაოდ მძიმე ვითარება იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობამ ფსონი ეკონომიკაზე დადო - შეზღუდვების გაუქმებით ვითარება მკვეთრად იცვლება / თუ მომდევნო თვეებში რაიმე კატასტროფა არ მოხდა, 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

“საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს პროგნოზირებული 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდება. “ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ზრდის დაგეგმილი მაჩვენებელი შესრულდება“, - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან. “ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე, თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი, - თქვა ფინანსთა მინისტრმა. ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში დაწესებული უქმე დღეების მოხსნა, რომელიც ხვალიდან ძალაში აღარ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდა ამისა, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან საგრძნობლად შემსუბუქდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, ბიზნესს სამუშაოდ მეტი დრო ექნება, რაც უდავოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. “გვესმის სირთულეები და არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, შეიძლება გადავხედოთ გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე იმ შემთხვევებზე საუბრობს, რა დროსაც პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალური გახდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ სიტუაცია არ გაგვიუარესდა და დღის წესრიგში არ დადგა დამატებითი შეზღუდვები, განსაკუთრებთ _ გრძელვადიანი, შესაძლებელია, რეალური გახდეს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ასე მოხდება თუ - არა. არ ვიცით, ვაქცინაციის პროცესი როგორ გაგრძელდება, როდის შემოვა დამატებითი დოზები, როგორი იქნება მოსახლეობის განწყობა, გაუარესდება თუ არა ეპიდმდგომარეობა და ა.შ. ტურისტული ინდუსტრიის გააქტიურება, ეკონომიკისა და ბიზნესის საქმიანობის შეუზღუდავად გაგრძელება მოგვცემს საშუალებას, რომ 4%-იან მაჩვენებელს მივაღწიოთ. სხვა შემთხვევაში, თუ გვექნა „ლოქდაუნი“ და ა.შ. ძალიან რთული იქნება ამ შედეგზე გასვლა. ჯერჯერობით გვაქვს იმის შანსი, რომ მეორე კვარტალი უკეთესი იყოს, ვიდრე - პირველი. ეკონომიკური ზრდის მიღწევა მარტის თვეში მოვახერხეთ. ბუნებრივია, დასვენების დღეები იმოქმედებს, მაგრამ თუ ვითარება ასე გაგრძელდა, აპრილსა და მაისში უფრო მეტი მატება გვექნება, მაგრამ გასათვალიწინებელია, რატომ გვაქვს მაჩვენებელი. შარშან ამ დროს დაიწყო „ლოქდაუნი“, გაჩერდა ეკონომიკა და ახლა ჩვენ ვადარებთ იმ პერიოდს, როდესაც იყო უმკაცრესი შეზღუდვები და არა ჩვეულებრივ მდგომარეობას“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

“ახლა მთავარია, ხელის შემშლელი ფაქტორი არ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და ქვეყანას განვითარების მეტი შანსი მიეცემა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე და მომდევნო წლები მძიმე იქნება. “პროგნოზირებულ შედეგამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, გამომდინარე პირველი კვარტალის მონაცემებიდან. ამასთან, წელს მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი, ამიტომ ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად ცვლიან მაკროეკონომიკურ მონაცემებს. ჩვენი ეკონომიკა ისეთი სტრუქტურისაა, რომ კრიზისი ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ დაგვარტყამს ხოლმე. თუნდაც ტურიზმი, ყველაზე გვიან ჩვენთან აღდგება”, - მიიჩნევს ჯანიაშვილი, რომლის განმარტებით, “ასეთ კრიზისულ ვითარებას ისეთი ქვყენები, რომელთაც ადგილობრივი წარმოება ძლიერი აქვთ, ბევრად მარტივად გადალახავენ”, - დასძენს გამოცემა.

“აგერ ჩინეთი, სასწაულ შედეგს აჩვენებს და პირველ კვარტალში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ლარი არასტაბილურია, ინფლაცია პროგნოზირებადზე ორჯერ მეტია, შესაბამისად, ეკონომიკას კრიზისიდან მარტივად გამოსვლა გაუჭირდება. ეს წელი და, სავარაუდოდ, მომდევნოც მძიმე იქნება... კომენდანტის საათი სერიოზულ პრობლემას უქმნის ბიზნესს და ძალიან კარგი იქნება, თუ შემსუბუქდება. კარგია, რომ თანდათან ტურიზმის კუთხით იხსნება ქვეყანა, რადგან ჩვენი ეკონომიკის შემოსავლები დიდწილად ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული. ამასთან, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები უნდა აამუშაოს სახელმწიფომ”, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა