საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში ლიეტუვას საელჩოს ეგიდით, გაიხსნა ფოტოგამოფენა, თემაზე: „ჩვენ ერთად ვქმნიდით ლიეტუვას რესპუბლიკას“.

გამოფენის გახსნაზე ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრია“, ესწრებოდნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არტურ ლიუდკოვსკი, ლიეტუვას ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი ვიდა მონტივიდაიტე, ლიეტუვას თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვილნიუსის კოლეგიის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ფოტოგამოფენა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში მომზადდა.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულს. გავხსენით გამოფენა ლიეტუვაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, მათ შორის ქართველებზე და იმ წვლილზე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მათ შეაქვთ. მომავალი კვირიდან შედგება ფილმის ჩვენება და კულტურის ფესტივალი. ეს იქნება კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ლიეტუვა მუდამ ქართველი ხალხის გვერდითაა, მასთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოსა და ლიეტუვას ერთმანეთთან ხანგრძლივი, განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე არაერთი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვას უნივერსიტეტებთან, რისი დასტურიც ჩვენს უნივერსიტეტში „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ წარმატებული ფუნქციონირებაა. რექტორის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფოტოექსპოზიცია, რომლის თემატიკა ლიეტუვას მრავალეთნიკური რესპუბლიკის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და სახელმწიფოებრივ მოწყობას ეხმიანება, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა.

„ჩვენმა ქვეყნებმა, ერთნაირად მძიმედ განვლეს საბჭოთა ავტორიტარიზმის დრამატული ათწლეულები და გაუძლეს ამ ურთულეს პერიოდს. ქართველებსა და ლიეტუველებს თავისუფლებისკენ სწრაფვა და მომავალის საერთო ხედვა აერთიანებთ. ამის ნათელი მაგალითი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას მთავრობის მხარდაჭერითა და ლიეტუვას საელჩოს მონაწილეობით გახსნილი ეს გამოფენაა, რომელიც ასახავს ლიეტუველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მის ყოფა-ცხოვრებას უახლესი ისტორიის მძიმე წლებსა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში, ასევე, ლეტუველთა მეგობრობას ქართველ ხალხთან. რაც შეეხება „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს“, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს, ის ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ლიეტუვურ ენას, გაეცნოს ამ ქვეყნის კულტურასა და ცივილიზაციას, მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“ ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა.

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა