ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2021

"რიონის ხეობის მცველები“ კვირას რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან - ამბობენ, რომ თბილისის აქციაზე ახალ მოთხოვნებს გააჟღერებენ

"იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი“ - რატომ ამბობს უარს ოპოზიცია არჩევნების გამოძიებაზე

***

"რიონის ხეობის მცველები“ კვირას რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან - ამბობენ, რომ თბილისის აქციაზე ახალ მოთხოვნებს გააჟღერებენ

“ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ. გოლეთიანი ამბობს, რომ გრძელვადიანი ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ, რადგანაც ბრძოლა ახლა იწყება. მისი აზრით, 23 მაისს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იქნება და ამისთვის ეს პერიოდი ემზადებოდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რიონის ხეობის მცველები“ კვირას რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან - ამბობენ, რომ თბილისის აქციაზე ახალ მოთხოვნებს გააჟღერებენ

“ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემაა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამ პროექტმა დიდი საპროტესტო ტალღა უკვე ააგორა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია „ენკასთვის“ დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა. პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განამვლობაში ნამახვანჰესზე მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს არ აჩერებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი კი აცხადებს, რომ მათ საკმაოდ დიდი შუალედი ჰქონდათ აღებული იმისთვის, რათა 23 მაისის აქცია მოემზადებინათ. ამბობს, რომ ბევრი პუნქტისგან შედგება ყველა ის დეტალი, რაც მათ უნდა დაელაგებინათ, ამისთვის კი დრო სჭირდებოდა. მას აქვს მოლოდინი, რომ თბილისში გამართული აქცია მასშტაბური იქნება. ყველა ის ადამიანი, ვინც ხედავს რიონის ხეობაში რა პროტესტიც მიდის, ალბათ ყველა 23 მაისის აქციაზე უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის მოთხოვნები დაემატება, მაგრამ გვინდა, რომ ეს უშუალოდ აქციაზე გავაჟღეროთ. ეს იქნება უფრო დამძიმებული შინაარსის სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები. ჩვენ პროცესებს დინამიურად მივყვებით - არც ხელოვნურად ვაჩქარებთ და არც ვანელებთ. მთავარი აქ ის არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და ორიენტირებული ამაზე ვიყოთ. ჩვენი მიზანი არაა, რომ პროცესი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადავიდეს. თუმცაღა არგათვალისწინების შემთხევაში ეს ხელისუფლებამ უნდა გათვალოს, ამით საკუთარ თავს რა სახის ზიანს მიაყენებს. არ გვინდა ამ პროტესტმა რაიმე სახის რყევები გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ იმას ვერ ვიზამთ, რომ ბრძოლას თავი დავანებოთ და სახლებში წავიდეთ. ეს არის ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლა. ბუნებრივია, იმიტომ რომ ვიღაცას პრობლემა არ შეექმნას სკამზე, პროტესტს თავს ვერ დავანებებთ. ხელისუფლებას ადრეც ვაფრთხილებდით და ახლაც ვაფრთხილებთ, რომ ამ სიტუაციას ჩიხში ნუ შეიყვანს. საბოლოო ჯამში ეს ყველასთვის რთული იქნება, ამიტომაც საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. უბრალოდ ხალხის ნების აღსრულება მოახდინონ. ეს დინამიკა უკვე არსებობს და ეს ხალხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. დიალოგს მუდმივად გაურბიან და მათი ვიწრო ინტერესები 5 წუთში ვლინდება“, - ამბობს გოლეთიანი”, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ხელსიუფლებას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციის მცდელობა აქვს, მაგრამ პირობების შესრულება არ უნდათ. როცა საუბარი დიალოგზე მიდის, ამის პარალელურად სამუშაოები უნდა შეწყდეს, ეს კი არ ხდება. ამიტომ გოლეთიანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ჰესზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს და დიალოგი მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს. ხელისუფლებას მხოლოდ დიალოგი დიალოგისთვის სურს, სადაც ლოზუნგების და ფლაერებით საუბრის მეტს არაფერს აკეთებენ. საქმე და შინაარსობრივი საუბარი არ უნდათ. ისე, რომ ჩვენ შევხვდეთ და მათ მენტორულ ტონს ვუსმინოთ, ნამდვილად აღარ გვინდა. გვიხსნიან, რომ თურმე რუსულ კილოვატ საათებს ვლობირებთ და განვითარება არ გვინდა. ეს ლოზუნგები ჩვენთვის მიუღებელია. დანარჩენზე, თუკი აქ მუშა პროცესი შეწყდება, პოლიცია გავა და ჩვენ სრულფასოვან მხარედ ჩაგვთვლიან, კი ბატონო, ვისაუბროთ. სხვაგვარად რაიმე დიალოგი გამორიცხულია“, - ამბობს გოლეთიანი”, - წერს სტატიის ავტორი.

"იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი“ - რატომ ამბობს უარს ოპოზიცია არჩევნების გამოძიებაზე

"საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის თქმით, არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური არ არის და მას ოპოზიციის ჩართულობაც სჭირდება, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა დროის ფუჭი კარგვაა, რაზედაც უმრავლესობა ამბობს, რომ ამით პროცესს ემალებიან. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ოპოზიცია ამ კომისიის მუშაობაში იმიტომაც არ ერთვება, რომ თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, შინ და გარეთ პოლიტიკური რეპუტაცი ძალიან შეელახება, ხოლო რაც შეეხება მმართველ გუნდს, ამით „ოცნებას" სურს, რომ ის პრობლემა მოიხსნას, „რომლის აკიდებასაც ოპოზიცია ცდილობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი“ - რატომ ამბობს უარს ოპოზიცია არჩევნების გამოძიებაზე

“ოცნებამ" ადრე გამოაცხადა, რომ ოპოზიცია 1%-იან ცდომილებას თუ იპოვიდა, ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა. როგორც ჩანს, მმართველი პარტია თვლის, რომ ამ კომისიის დასკვნა კიდევ ერთი ბეჭედი იქნება იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მას ეს პრობლემა, რომლის აკიდებასაც ოპოზიცია ცდილობს, საბოლოოდ მოეხსნება. მე ასე მგონია, რომ საგამოძიებო კომისია ამიტომ იქმნება და ამის არ დანახვა მემგონი გულუბრყვილობაა. ჩემი აზრით, ოპოზიცია იმიტომ არ ერთვება, რომ თუკი დადასტურდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ ოპოზიცია რეპუტაციულად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს ქვესი თვე აქციებით და გამოსვლებით ქვეყანას ტყუილად ანჯღრევდნენ. როგორც ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ეს არგუმენტი მოიშველიონ, რაც სამადაშვილმა თქვა, თუმცა მხოლოდ ის არა, სხვა ოპოზიციონერებიც დაახლოებით იგივე შინაარსით ამბობენ, ხანდაზმულობის არგუმენტი მოიშველიეს, რომ ექვსი თვე გავიდა და რაღა საჭიროაო, ამ შემთხვევაში კითხვა ისმის, მაშინ მანამდე, ანუ არჩევნებიდან ერთ-ორი თვის მერე მოწვევა ხომ მიიღეს კომისიაში ჩართვაზე და მაშინ რატომ თქვეს უარი? ესაა ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, მეტი არაფერი," - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არ არის ფორმალური საგამოძიებო კომისია, რადგან ამისთვის ასევე საჭიროა ოპოზიციის ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. ეს ინიციატივა ცალსახად უკავშირდება ხანგრძლივ დისკუსიას, რომელიც გვქონდა 19 აპრილამდე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა იქნება ამ კომისიის მუშაობის გავლენა, ის თუ რის გამოვლენას შეძლებს ეს კომისია და რამდენად რელევანტური იქნება ეს აღმოჩენები სამომავლო პროცესებისთვის," - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა დროის ფუჭი კარგვაა. ამბობს, რომ თუ საარჩევნო რეფორმა წარმატებით განხორციელდება, „ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს წააგებს. ჩემი აზრით, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა. ჩვენ ვიცით და დადგენილია, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რა დარღვევები იყო არჩევნების პროცესში. ამიტომ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნებზე და შარლ მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები მივიღოთ თვისობრივად, ხარისხობრივად სხვანაირი და არა ის, რომ დრო ვკარგოთ გამოძიებაზე, სადაც რაიმეს დადგენა ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ არ ვმონაწილებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“მმართველ გუნდს აშშ-ის სენატმა უთხრა, რომ არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უთხრეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ ქვეყანაში ჩატარებულა გასული წლების მანძილზე და დაუდეს რეკომენდაციების სია, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო სია რეალურად დაემსგავსოს დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო სიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დროის კარგვას არავინ აპირებს იმაზე, რაც უკვე დადგენილია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დროის და ენერგვის დახარჯვა იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეცვალოს ის, რაც არის შესაცვლელი საარჩევნო სისტემაში. რისი შედეგიც ცხადია იქნება ის, რომ „ქართული ონება" ადგილობრივ არჩევნებს წააგებს და ამის შემდეგ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მომავალ წელს", - განაცხადა სამადაშვილმა. მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან", - ამის შესახებ კი „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. უკვე სხვა რეალობაა. თითქმის მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა, მათაც ერთი სული აქვთ, შემოვიდნენ. ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების მასშტაბის საჩვენებლად საჭიროა, რომ კომისიაში მონაწილეობას იღებდეს ის პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ”, - დასძენს გამოცემა.

“ქართულ ოცნებას" ისედაც გამუქებული ხაზების უფრო გამუქება სურს, რაც არის დროში გაცდენილი ძალისხმევა. უკვე სხვა რეალობაა. თითქმის, მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა, მათაც ერთი სული აქვთ, შემოვიდნენ. ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა. კარლ ჰარცელის მოწოდებას ვერ მივიღებთ, რადგან იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ვაჩვენოთ, ის სამი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს, ვისაც დამკვირვებლები ჰყავდათ. ეს პარტიებია „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „პატრიოტთა ალიანსი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო. მაგალითად, პირადად მე, როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საგამოძიებო კომისიის წევრი, რომელსაც შეუძლია, გამოიტანოს ისეთი დასკვნები, რაც შესაძლოა, სარეკომენდაციო და მნიშვნელოვანი იყოს კონსიტუციური ინსტიტუტების მიმართ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, პარლამენტის და ამან გავლენა იქონიოს მომავალ კანონებზე, რომელსაც მიიღებს პარლამენტი", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. ფრიდონ ინჯიამ საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ცხადი გახდება, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტობრივი მასალა არ აქვთ. რაც შეეხება უმრავლესობის აზრს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე ოპოზიციის უართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი სწორედ იმ ფაქტს ემალებიან, რომ საგამოძიებო კომისია ყველა დანაშაულსა და გადაცდომას გამოიძიებს”, - წერს გამოცემა.

“ამ სრული ფიასკოდან გამოსავალი არ აქვთ და იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი. კომისია, რომელმაც თამარ ჟვანიადან დაწყებული ნებისმიერი მოხელის დანაშაული და ნებისმიერი გადაცდომა უნდა გამოიძიოს, ამას ემალებიან და ზოგადი განცხადებები აქვთ თამარ ჟვანიასა და სხვა პირებზე. აქედან გამომდინარე, სათქმელი მათ არც არაფერი აქვთ," - განაცხადა ქადაგიშვილმა. უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისისიის კომპეტენტური დასკვნა არა „ქართულ ოცნებას" , არამედ საზოგადოებას სჭირდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას" კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. კომისია თუ დაადგენს გადახრებს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე. როცა ოპოზიცია თამარ ჟვანიაზე საუბრობს, კიდევ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, კომისიაში მუშაობა უნდათ თუ არა. ზღაპარი არავის აღარ სჯერა, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო", - განაცხადა ვოლსკიმ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს