სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბრალდების მხარე ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს გამოკითხავს.

სასამართლო პროცესს სამივე ბრალდებული უფლებადამცველებთან ერთად ესწრება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია უკანონობის პროგნოზირება, თუმცა შეუძლია დაეყრდნოს მოვლენების ლოგიკას, რომ „ყველა პოლიტიკური პროცესი ადამიანების პატიმრობით სრულდებოდა“.

„მთავარი მოწმეები ბრალდების წინ არის და ჩვენი მოწმეები ჯერ არ დაკითხულან. ჩემი პროცესიც არ შეწყვეტილა, ყოველ ოთხშაბათს პროცესები იმართება. ზუკა გუმბარიძესთან დაკავშირებით მცდელობები მანამდეც იყო, არ შეიძლება ადამიანს შეუთხზა ბრალი. ეს დაუსრულებელი სერიაა. შეუძლებელია უკანონობის პროგნოზირება, შემიძლია დავეყრდნო მოვლენების ლოგიკას, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი ადამიანების პატიმრობით სრულდებოდა. მოლოდინი ეს შეიძლება მქონდეს”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა