თენგიზ ცერცვაძე - ადამიანებო, იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად

ადამიანებო, იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად, - ამ სათაურით ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის ექიმების მონაწილეობით დიდი ზარზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში სრული კრახი განიცადეს, ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა?! ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზით კაცი გარდაიცვალა?! და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობენ ჰებელსის პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. თუმცა ის, რომ აღნიშნული ტელევიზიები და ექსპერტები ასე ურცხვად ტყუიან, იმდენად ამაზრზენი არ არის, როგორც ის, თუ რა უდიდესი კმაყოფილებით აკეთებენ ისინი ამას. ალბათ, ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა, ან მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი? ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ ყველაფრის გამართლება იმით, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება კრიტიკული ტელევიზია. სრული სიმართლეა, მაგრამ კრიტიკული ტელევიზია უნდა აკრიტიკებდეს ნაკლოვანებებს და არა მიღწევებს და მითუმეტეს არ უნდა იგონებდეს ისეთ ფაქტებს, რაც მოსახლეობას თრგუნავს და სტრესში ამყოფებს. COVID-19 საუკუნის გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მას ვერ უმკლავდებიან ან ძნელად უმკლავდებიან ყველაზე ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი. და როცა საქართველოს მსგავი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა ახერხებს, რომ COVID პანდემიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარამეტრით (ვაქცინაციის გარდა) ჰქონდეს ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვფიქრობთ, ეს მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და არა ლანძღვა-გინებას. საქართველომ შეძლო შეექმნა ეფექტიანი COVID-ის საწინააღმდეგო სამსახური, რასაც უდიდესი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი და მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება დასჭირდა და ამის გაკეთება სულაც არ იყო ისე იოლი, როგორც ამას ანგაჟირებული ვაი ექსპერტები დილეტანტურად გვიყიჟინებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე იმის თაობაზე, რომ ამ ვაი ექსპერტების და ვაი ექიმების აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ არაფერი, აბსულუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ საქმის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ არ გაუტარებიათ და არ გადაურჩენიათ არცერთი მძიმე COVID ავადმყოფი, არ გაუთენებიათ ღამეები COVID კლინიკებსა და რეანიმაციებში, არ მიუღიათ მონაწილეობა მძიმე საველე სამუშაოებში და ეპიდკონტროლში. მათ ერთ წუთითაც არ უთქვამთ უარი თავიანთ კომფორტზე, მსუყე ჰონორარებსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. მათგან წლინახევრის მანძილზე ერთი ღირებული საქმიანი წინადადებაც კი არ შემოსულა. მხოლოდ ტელევიზიებში პოზიორობა, უსაგნო კრიტიკა და ქილიკი. ეს იმას ჰგავს, რომ ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პირებმა თოფის დაჭერა ასწავლონ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მეომრებს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ქვეყანა ამათ ხელში. საქართველომ შეძლო ადეკვატური და არაიშვიათად წინმსწრები ზომები გაეტარებინა პანდემიის ყველა ეტაპზე. მოკლე დროში პრაქტიკაში დანერგა მანამდე უცნობი დაავადების მკურნალობა და მოვლა უმაღლესი სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, განავითარა ინფრასტრუქტურა, გადაამზადა ექიმები. შეიქმნა 64 რეგიონული ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ და ერთი ცენტრალური „ონლაინ კლინიკა“ 300 ექიმით, რომელიც აზღვევს სხვა „ონლაინ კლინიკების“ მუშაობას. შედეგად საქართველომ ლამის ერთადერთმა ევროპასა და ამერიკაში შეძლო თავიდან აეცილებინა პანდემიის ე.წ. პირველი ტალღა (2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში), მართალია მძიმედ, შეფერხებებით და ხარვეზებით, მაგრამ მაინც უკეთესად და ნაკლები დანაკარგით, ვიდრე ევროპის და ამერიკის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაართვა თავი უმძიმეს ე.წ. მეორე ტალღას (2020 წლის შემოდგომა-ზამთარი), მიაღწია სტაბილიზაციას მეორე ტალღის შემდეგ, ხოლო ამჟამად წარმატებით უმკლავდება ე.წ. მესამე ტალღას და ეს მიუხედავად იმისა, რომ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაგვიანდა მასობრივი ვაქცინაცია, შეზღუდვები მინიმალურია და პირბადეების მოხმარება, სამწუხაროდ, დაბალია.

საქართველოში ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოახერხა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის COVID საწოლების (7 ათასამდე) მობიზილება, შექმნა ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, რაც ინოვაციური მიდგომაა და მთელი მსოფლიო იწონებს, მსუბუქი ავადმყოფების ბინაზე მართვა ე.წ. „ონლაინ კლინიკების“ საშუალებით, პაციენტთა დიდი ნაკადების გამართული მართვა, განსაკუთრებით ე.წ. მესამე ტალღის დროს, როცა ყოველდღიურად 15-16 ათასი აქტიური COVID ავადმყოფი გვყავს და სისტემა მაინც შეუფერხებლად მუშაობს, რისი ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებსა და კოვიდ სასტუმროებში) მხოლოდ 42 ავადმყოფი გარდაიცვალა - გაცილებით შეუდარებლად ნაკლები ვიდრე ევროპის და ამერიკის ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველოში პრაქტიკულად არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის (სამედიცინო მომსახურების) გარეშე, არ დაზარალებულა საწოლების, მათ შორის სარენიმაციო საწოლების და სუნთქვის აპარატების ნაკლებობის, ან მედიკამენტების არქონის (დეფიციტის) გამო. ქვეყანაში ყოველდღიურად ხორციელდება დაახლოებით 30 ათასი COVID ტესტირება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი თავისით გაკეთდა, თუ ციდან ჩამოვარდა?

რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგში ყრიან გვამებს.

საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება, შექმნილია ვაქცინაციის პუნქტების გამართული ქსელი შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. უკვე ხდება დღეში 3-4 ათასი ადამინის აცრა, მალე ეს რიცხვი გაორმაგდება და გვაქვს ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინირებული იქნება მოსახლეობის სულ ცოტა 65%.

ჩვენი ოპონენტების საყვარელი ნარატივია, რომ ჩვენთან COVID-ს მართვაში ყველა წარმატება მხოლოდ ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების ხარჯზე მიიღწევა. მოიყვანენ ერთ მაგალითს ერთ რომელიმე ქვეყანაში ერთი კონკრეტული შეზღუდვის გაუქმებაზე და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ იგივე ქვეყანაში ან სხვა ქვეყნებში სხვა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში რა თქმა უნდა, ლოქდაუნები და შეზღუდვები იყო, მაგრამ გაცილებით უფრო რბილი ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

ახლა რაც შეეხება სიკვდილობას. არცერთ ქვეყანაში COVID -თან ბრძოლას არ აფასებენ მხოლოდ ერთი დღის ან ერთ კვირის მაჩვენებლებით.

საქართველო COVID გარდაცვლილთა 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ევროპაში არა პირველ, არამედ 29-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე ევროპის 28 ქვეყანაზე (აგრეთვე ამერიკაზე) ნაკლები გარდაცვლილი გვყავს. ვისაც არ სჯერა, მარტივად შეუძლია შეამოწმოს.

და ბოლოს, COVID ავადმყოფების მკურნალობის და მოვლის ხარისხის ყველაზე უტყუარი და ზუსტი მაჩვენებელია ყველა დადასტურებული COVID შემთხვევიდან სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. CFR, რომელიც საქართველოში სადღეისოდ 1,38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან 98.62% გადარჩა. COVID ავადმყოფის გადარჩენის მაჩვენებლით (დაბალი სიკვდილობით) საქართველო სჯობნის ევროპის 38 ქვეყანას და მსოფლიოს 118 ქვეყანას.

მოვიყვან რამოდენიმე კონკრეტულ მაგალითს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენი უშუალო მეზობლებიდან. სადღეისოდ საქართველოში COVID-სგან სამწუხაროდ გარდაიცვალა 4727 ავადმყოფი, ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ ეს COVID-ია და არა გრიპი და მან მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) არა 1,38% იყოს, არამედ ისეთივე, რაც მაგ. გერმანიაშია - 2.41%, მაშინ დღეისთვის ქვეყანაში გვეყოლებოდა 8240 გარდაცვლილი, ანუ 2-ჯერ მეტი. ხოლო ისეთივე რომ იყოს, როგორც ბრიტანეთში - 2,86%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 9778 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც რუსეთში - 2,39%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 8171 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც სომხეთში - 1,99%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 6804 ავადმყოფი, ხოლო ისეთივე რომ იყოს როგორც აზერბაიჯანშია - 1,47%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 5026 ავადმყოფი და ა.შ. და ამის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვა და ექიმები კიდევ ლანძღვა-გინებას და საყვედურებს იმსახურებენ? თუ ვინმეს ამ ციფრების არ სჯერა, შეუძლია ნახოს ნებისმიერ ოფიციალურ საიტზე.

საბედნიეროდ, მოსახლეობამ ყველაფერი იცის და უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს ვინ ვინ არის, მაგრამ მძლავრი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მაინც საშიშია.

ამიტომ მე მინდა მივმართო მოსახლეობას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ მაგრამ მინდა დავამატო „იყავით იმედიანად“, რადგან ქვეყანა საიმედოდ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებას”, - წერს ცერცვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს