ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2021

რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა ინფიცირების შედარებით შემცირების მიუხედავად

აქვს თუ არა საქართველოს შანსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რეალურად დაძრას

ლარის გამყარება - მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსისტები დადებით პროგნოზს აკეთებენ

* * *

რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა ინფიცირების შედარებით შემცირების მიუხედავად

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით შემცირების ფონზე, ლეტალობა მაინც საგანგაშოა. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ სიკვდილიანობის მატება კორონავირუსულ აფეთქებას ორი-სამი კვირის შემდეგ მოსდევს ხოლმე, თუმცა, ნაწილი დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას და ადამიანების კლინიკაში დაგვიანებით მისვლას უკავშირებს. ოთხშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა. ამავე დღეს ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 603 ტესტი ჩატარდა.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გაიზარდა სიკვდილიანობა ინფიცირების შედარებით შემცირების მიუხედავად / “მაჩვენებელი, რომელიც ყველაფერს ამბობს, ესაა სიკვდილიანობა - სიტუაცია რთულია”.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ აცრილია - 149191, დღიურად ოთხშაბათის მონაცემით, აცრილია - 5251. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანი კორონავირუსისგან დაცვას პირველი ვაქცინის გაკეთებიდან სამი კვირის განმავლობაში შეძლებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ესეც ინდივიდუალურია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური იმუნობიოლოგიური დაცვითი მექანიზმი აქვს, ვაქცინის გაკეთება ამ სისტემის მობილიზაციას და მაქსიმალურად ამ რესურსის, ანუ თავდაცვის საქმეში ჩაყენებას ახდენს, ამიტომაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია, რომელსაც მთელი ასწლეულობის ისტორია ქადაგებს, რომ რეინფიცირება მოხდეს. მაგრამ ვაქცინის უპირატესობა ისაა, რომ ორი რამე გამოირიცხება, პირველი - დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და მეორე - ლეტალური გამოსავალი, ანუ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრა აბსოლუტურად მინიმიზირებული უნდა იყოს და სიკვიდლიანობა. რაც შეეხება იმუნური ჯარისკაცების გაჩენას, ეს ყველაზე აქტიური ფაზაა და პირველი ვაქცინაციის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში ეს სისტემა მწყობრში მოდის, ზოგიერთმა ვაქცინამ დამატებითი ვაქცინაცია მოითხოვა, რომ ეს კომპონენტი უფრო გაძლიერდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“მე, როგორც ზოგადი განათლების ექიმი, ვეთანხმები იმას, რომ ტალღას (2-3 კვირაში) მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა, თუმცა, ეს მაინც დიდი ციფრია. სამწუხაროდ, გარდაცვალება შეუქცევადი პროცესია და ყველა განიცდის. ამ უბედურებამაც უნდა გვასწავლოს რამ მიგვიყვანა აქამდე, ანუ მეცნიერება პოსტ ფაქტუმ მაინც აუცილებლად უნდა ჩაეძიოს, რომ გათვალისწინებული იქნას ყველა ის სივერაგე, რომელსაც ეს ვირუსი სთავაზობს”, - ამბობს კახაძე. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ანტისხეულები პირველი აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ვითარდება, თუმცა, მეორე ვაქცინა აუცილებელია. “პირველივე აცრის გაკეთებისას ერთ-ორ კვირაში ე.წ. ანტისხეულები ვითარდება, მაგრამ მეორე ვაქცინა აუცილებლად საჭიროა, ყოველ შემთხვევაში იმ ვაქცინების რაც საქართველოშია და ამ მეორე ვაქცინის შენდეგ ათი დღიდან ორ კვირამდე გვჭირდება, რომ უკვე პრაქტიკულად კარგი იმუნიტეტი გამოგვიმუშავდეს, თუმცა, ესეც ძალიან იდივიდუალური” - განმარტავს სურგულაძე. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, სურგულაძე აცხადებს, რომ ესაა დაგვიანებული დიაგნოსტიკის, დაგვიანებული მკურნალობისა და საავადმყოფოში დაგვიანებულად მისვლის მიზეზებით გამოწვეული.

„ეს არავითარი ახალი შტამის გამო არაა, ესაა დაგვიანებული დიაგნოსტიკა და პაციენტების დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და დაგვიანებულად საავადმყოფოში მისვლა. სხვა მიზეზი ამდენ გარდაცვლის არ აქვს, მართლა არ მთავრდება - ავიღოთ ბოლო ერთი თვის განმალობაში ერთ მილიონ მოსახლეზე ეს მონაცემი და პრაქტიკულად ლიდერები ვართ. რა თქმა უნდა, ინდოეთში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ იქ მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს. რა მნიშვნელობა აქვს პიკი იქნება თუ არა, თუ დროულად მოხდა დიაგნოსტირება, საავადმყოფოში გადაყვანა და ადეკვატური მკურნალობის დაწყება, რა თქმა უნდა, პრობლემა არაა. ყოველდღიურად ტესტების ერთი რაოდენობა უნდა კეთდებოდეს, ჩვენთან კიდევ ძალიან ბევრი პოლიკლინიკაა, სადაც ტესტები უნდა გაკეთდეს, შაბათ-კვირას ისვენებენ, რომელი მუშაობს, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებ, იმიტომ, რომ სამინისტროს ცხელ ხაზს არ აქვს სინფორმაცია, თუ ტესტები სად კეთდება. უნდა დარეკო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც დარეკვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ტესტები უნდა გაკეთდეს და აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით გადავიარეთ თუ არა პიკი, ეს არავინ არ იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე,

“კომენდანტის საათი ხუთიდან ოთხამდე გადაიტანეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ 12-მდე გადაიტანდნენ, მაგრამ ანეკდოტურ ნაბიჯებს დგამენ. გავხსენით სახმელეთო საზღვრები, ძალიან კარგი, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს, საზღვრების ძალიან მკაცრი კონტროლი და ტესტირების რაოდენობის გაზრდა, მინიმუმ 40 ათასი უნდა გაკეთდეს და ჩვენთან შაბათ-კვირას, 23 ათასამდე კეთდება. ამიტომაც, როცა არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება ძალიან რთულია, დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, როცა კორონავირუსი თებერვალ-მარტში ჰქონდათ გადატანილი და ისევ ავადდებიან, თუმცა მსუბუქი ფორმით. მაჩვენებელი, რომელიც ყველაფერს ამბობს ესაა სიკვდილიანობა, გვეუბნება, რომ სიტუაცია რთულია”, - დასძენს სურგულაძე.

“რაც შეეხება კორონავირუსის გლობალურ მასშტაბებს, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 364 668 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 26%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია - 420 981 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 7%-ით მეტია. მესამე ადგილზეა არგენტინა 219 910 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შეერთებული შტატები (153 587 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (150 517ახალი შემთხვევა) არიან”, - წერს სტატიის ავტორი.

აქვს თუ არა საქართველოს შანსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რეალურად დაძრას

იმის გამო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს, ეს ნათელს ხდის, რომ ალიანსში ინტეგრაციის, ან მაპის კუთხით უახლოეს პერიოდში პროგრესი არაა მოსალოდნელი, თვლიან ექსპერტები - ამის პარალელურად ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებაშიც, რაზეც პირდაპირი განცხადება გაკეთდა. ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას “კის” ვერ მიიღებს .როგორც მან “ეურაქტივის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი?” საუბრისას განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანება ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას და ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აქვს თუ არა საქართველოს შანსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რეალურად დაძრას / “რუსეთმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია არის მისი განსაკუთრებული ეროვნული ინტერესების ზონა”.

“ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს მათი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება განაცხადი შეიტანონ ორგანიზაციაში, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა აზრს ეკითხებოდე სხვადასხვა ქვეყნებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა. მე ვიტყვი ძალიან ღიად და გულწრფელად - არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკავშირში. ეს არის რეალობა... თქვენი მიდგომა, რომ შექმნათ ახალი პროგრამები და სტრატეგიები ევროკავშირთან, შესანიშნავია. იქნება ეს ციფრული განვითარება, მწვანე ენერგიის საკითხები, კლიმატური ცვლილებები, თუ სხვა. ევროკავშირთან მოკავშირეობა მნიშვნელოვანია და თქვენ ამას აკეთებთ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ “კის” 2024 წელს. უკეთესია იკლოს მოლოდინებმა და ახსნათ რეალობა... გეტყვით, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წელს გაფართოების გადაწყვეტილება შეცდომა იყო”, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომლის განმარტებით, “წევრობა არის პოლიტიკური საკითხი და ამას სჭირდება კონსენსუსი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, სადაც საქართველო და უკრაინა მიწვეულები არ არიან. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა გაითვალისწინოს. მან განაცხადა, რომ პოლონეთი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერი. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართლებით საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებდა, რომ - ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით კვების პოლიტიკად არ უნდა გადაიქცეს და უკრაინამ და საქართველომ წელს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ. მისი თქმით, 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის მაპის მისანიჭებლად”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ჯერჯერობით არათუ საქართველოს ნატოში მიღება, არამედ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზეც არაა საუბარი, მისი თქმით კი საქართველოს ერთგული მოკავშირის სტატუსით ყოფნა სულ მცირე ათი წელი მაინც მოუწევს. “რა თქმა უნდა, პრობლემა გვაქვს, რადგან ჯერჯერობით დღის წესრიგში არათუ საქართველოს ნატოში მიღებაა, არამედ გაწევრიანიების სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის მინიჭების საკითხიც არ დგას. ერთ-ერთი ფაქტორი, ალბათ რუსეთის ფაქტორია და ასევე არის სხვადასხვა საგარეო თუ საშინაო ფაქტორები. საგარეოდან გადაწყვეტილების მიღებაზე კონსენსუსის არ არსებობა ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, საშინაო ფაქტორებიდან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, ასევე, ეკონომიკურად ნატოს სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ, მაინც არის რაღაც პერსპექტივები”, - ამბობს ჩიტაძე და კითხვაზე, შეძლებს თუ არა ამერიკა გადადგას ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველოსა და უკრაინის სტატუსკვოს შესაცვლელად, ჩიტაძემ განაცხადა, რომ ალიანსში გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას მოსაზრებას, ის საფრთხეს ხედავს იმაში, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ ველზე რუსული ძალები არიან, შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი ქვეყნის მიმართულების კუთხით შეიცვალოს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. “ერთგული მოკავშირის სტატუსი რამდენი წელი გვექნება, ეს ცოტა რთულად განსახილველია, რადგან ერთხელაც შეიძლება საზოგადოება დაიღალოს და არჩევანი სხვა მიმართულებით გააკეთოს. ამას ემატება ის, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიები შემოვიდნენ, რომლებსაც პირდაპირ მოსკოვის კვალი ჩანს, რაც ძალიან ცუდია. საქართველოს მოსახლეობის 20% უკვე ევრაზიულ მიმართულებას უჭერს მხარს, განსაკუთრებით რეგიონებში მიაღწია საშიშ ნიშნულს - დაახლოებით ასეთი ლოგიკა გაჩნდა, თუ ერთმა არ გვიშველა იქნება მეორემ გვიშველოს, უკვე ასეთი აზრები შეიმჩნევა, ძალიან ცუდი ფაქტია”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “ევროკავშირთან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, რადგან, თუ ჰიპოტეტურად ნატოში გაფართოების პოლიტიკის უფრო მეტი მომხრეა, ევროკავშირში ანალოგიურ საკითხზე მომხრე გაცილებით ნაკლებია”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ფაქტიურად ბელარუსი უკვე აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმიდან გამოვიდა, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვაც ამ ფორმატში გაცილებით რთულად ურთიერთობენ და ეს პლატფორმა უკვე ნულამდე დავიდა, სხვა ახალი ინიციატივა არ ჟღერდება. სამი ზღვის ინიციატივაც გაჟღერდა, რომელიც ეხება ბალტიის, შავ და ადრიატიკის ზღვებს, ესეც შეიძლება იყოს აღმოსავლეთ ევროპის ინიციატივის საპირწონე და ამაშიც საქართველომ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ პრემიერის ვიზიტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საქართველო 3+3 ინიციატივაში ჩაერთო, ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან რატომღაც ეს ვიფიქრე, რომ ფაქტიურად ჩავერთეთ და აქედან გამომდინარე, არც ნატო და არც ევროკავშირი სულელები არ არიან, რადგან ჩვენ მათ მიმართ არ ვაქტიურობთ. პოლონეთი აქტიურობს, ისაა ჩვენი ლობისტი ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით და მადლობა მათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასაია.

“პოლონეთის პრეზიდენტ დუდას სამი ზღვის ინიციატივა ძალიან კარგია, რომელიც არის ერთ-ერთი რეალური ინსტრუიმენტი, რომლითაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ უფრო გავაღრმავებთ, თუ ხელიდან ესეც გავუშვით, დამთავრებულია ჩვენი საქმე , რადგან შესაძლოა 2024 წელსაც ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი მორიგი მითი იყოს. რუსეთი ბუნებრივია ყველანაირად ეწინააღმდეგება, რომ ჩვენ ევროკავშირში და ნატოში შევიდეთ, გუშინ პუტინმა ეროვნული უშიშროების საბჭო უცბად მოიწვია. პირველი მიზეზი ისაა, რომ ჟენევაში ბაიდენთან შეხვედრა იმართება, რამდენადაც ვიცი ევროკავშირი განცხადებას აკეთებს, რომ მზადაა რუსეთთან ურთიერთობები აღადგინოს, მსგავსი განცხადება ნატომაც გააკეთა. რუსეთმა ახალი ევროვნული უსაფრთხების სტრატეგია მიიღო, სადაც პირდაპირ დააფიქსირა, რომ ის მზადაა განახორციელოს არამარტო სიმეტრიული, არამედ ასიმეტრიული ომების კონცეფცია. მან ოფიციალურად მიიღო, რომ ასიმეტრიული ომისთვის რუსეთი მზადაა, ასევე მიიღო ის მომენტი, რომ მას შეუძლია პრევენციული ბირთვული დარტყმები განახორციელოს. და მესამე და მნიშვნელოვანი - რუსეთმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია არის მისი განსაკუთრებული ეროვნული ინტერესების გავლენის ზონა, მეტსაც გეტყვით, მან ბალტიისპირეთზეც კი განაცხადა პრეტენზია. ევროკავშირმა და ნატომ ჯერჯერობით კარები მოგვიხურა, რუსეთში ეს პროცესები მიდის და ჩვენს პარლამენტში “გირჩელები” წყლის თოფებით წუწაობენ”, - დასძენს მაისაია.

ლარის გამყარება - მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსისტები დადებით პროგნოზს აკეთებენ

“ბოლო პერიოდში ლარი განუხრელად ადგას გამყარების. აშკარად გამოიკვეთა, რომ მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას კიდევ ელის. ექსპერტულ წრეებშიც უკვე დადებითი პროგნოზი კეთდება. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ ლარს მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში თითქმის არაფერი ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, მყარი კურსი შენარჩუნდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. ტენდენცია თუ არ შეიცვლება, არ არის გამორიცხული, ლარი 3,0-იან ნიშნულემდეც ჩამოვიდეს და გამყარების პროცესი ხანგძლივად გაგრძელდეს. ამ ეტაპზე კი, სანამ საზოგადოებაში აქტიურად ბჭობენ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არკვევენ, ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის? - ამ კითხვით მიმართა გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარის გამყარება მთელი ზაფხული გაგრძელდება და კურსი 3.0-თან ახლოს იქნება / მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსისტები ერთხმად დადებით პროგნოზს აკეთებენ.

“არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?” - განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება. თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც მისი აზრით, კურსის გამყარებას შეუწყო ხელი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოკლევადიანი გამყარების კომენტირება ან ანალიზი არაა მიზანშეწონილი. “,როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც ამ მხრივ შევხედავთ ვითარებას, არის დადებითი მოლოდინი - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე”, - განაცხადა გვენეტაძემ. საბანკო სფეროს ექსპერტები უკვე ლარის გამყარების გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. ეს 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი აღარ ყოფილა. პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ “რეზონანსთან” პირდაპირ თქვა, რომ ტენდენცია ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით არის გამოწვეული. ეროვნული ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასევე რეფინანსირების სესხების მოცულობის კლებამ 2,6 მილიარდი ლარიდან - 1,4 მილიარდამდე და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებამ. ლარის გამყარებას ეკონომიკური პროცესების გამოძახილად მიიჩნევს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ლარის კურსი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკა გაიზარდა პერიოდში და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება. მკვეთრად მოიმატა გაიზარდა ფულადი ტრანსფერები, რამაც რა თქმა უნდა ასევე იქონია გავლენა, ექსპორტის გამოცოცხლება და ეკონომიკის გახსნა. თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მით უკეთ აჩვენებს ლარი გამყარების პოზიტიურ დინამიკას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის განმავლობაში გაგრძლედება გამყარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ გამოცოცხლდება ქვეყანაში, ცხადია, ლარის კურსი კიდევ უფრო გაიუმჯობესებს პოზიციებს და შესაძლოა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს იმოძრაოს“, - განაცხადა თუთბერიძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ ლარის კურსზე დიდად არის დამოკიდებული გადაწყვეტილებები, რაც, სავარაუდოდ, დადებითი გავლენა მოახდენს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა თუთბერიძე.

“კურსზე ფულადი გზავნილების გავლენა დიდია, ექსპორტი 1,2 მლრდ დოლარი იყო აპრილში, ტურისტებიც გამოჩნდნენ, ქვეყანა თუ გაიხსნება და კიდევ უფრო გააქტიურდებიან. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, მთავრობას ხარჯვის რა პოლიტიკა ექნება. ფისკალურ ნაწილში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ადგილობრივი არჩევნები მოდის და ასეთ დროს ეკონომიკაში ერთბაშად ზედმეტი ფული შედის ხოლმე, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ახლა რეფინანსირების განაკვეთი მაღალია და ხელს უწყობს ლარის გამყარებას, ეს ტრენდიც თუ შენარჩუნდება, მეტ ხანს გასტანს დადებითი დინამიკა. ლარის კურსი, ძირითადად, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, მაგრამ უფრო მეტად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზეც არის დამოკიდებული. ფასებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პრობლემას სებ-ი მარტო ვერ გადაწყვეტს. შეიძლება დავაბრალოთ ბევრი რამ, მაგრამ არც რეალური მდგომარეობა უნდა გამოგვრჩეს”, - დასძენს თუთბერიძე.

შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი ზრდა, რამაც პოზიტიური სიგნალი მისცა ეკონომიკას, რის შემდეგაც კურსმა დაიწყო გამყარება. ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია მოლოდინით, რომ არ ჩაიკეტება ეკონომიკა, ჩვეულებრივ პროცესებს დაუბრუნდება. თუმცა, ეკონომიკური ნახტომი მოკლე პერიოდში ხდება და შემდეგი თვეები არ იქნება ასეთი აქტიური, ტემპიც შემცირდება. მიუხედავად ამისა, კურსი ჯერჯერობით კიდევ გამყარდება, მაგრამ დიდ ცვლილებას აღარ ველოდები. სხვა ქვეყნებშიც პოზიტიური ტენდენციებია, რაც ირიბად თუ პირდაპირ გარკვეულ გავლენას გაცვლით კურსზეც მოახდენს. პოზიტიური ტენდენცია რამდენად შენარჩუნდება, ჯერჯერობით თქმა გამიჭირდება. როგორც წესი, ლარის წონასწორობის ნიშნული სხვადასხვაგვარად იანგარიშება. ეს არის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა, მოთხოვნა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაზე და სხვა. ეს კანონზომიერება ხშირად ირღვევა და კურსს ახასიათებს ცვალებადობა, ამ სიტუაციაში წონასწორობის დარღვევის ალბათობაც დიდია“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს