გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალი თაობებისთვის ეკოსისტემების განახლების, გადაფასებისა და აღდგენის დროა.

„დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მოქმედების თვალსაზრისით, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მოვუწოდებთ გადაიდგას მტკიცე ნაბიჯები და გატარდეს პრაქტიკული ზომები მყიფე ეკოსისტემების გადარჩენისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისგან ადამიანების და პლანეტის დასაცავად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2021 – 2030 წლები გამოაცხადა ეკოსისტემების აღდგენის გაეროს ათწლეულად. აღნიშნული ხაზს უსვამს იმ ქმედების მნიშვნელობას, რომელიც საჭიროა ძირითადად ადამიანის საქმიანობით ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებულ მრავალმხრივ ზიანთან გასამკლავებლად.

ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენი სიცოცხლე, კეთილდღეობა, ეკონომიკა და სოციალური განვითარება დამოკიდებულია უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემურ სერვისებზე, როგორიცაა ჟანგბადი და მტკნარი წყალი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე მიმართვის თანახმად, ეკოსისტემების აღდგენით და დაცვით, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით, გარემოს დაცვით და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით, შეგვიძლია გადავარჩინოთ პლანეტა მომავალი თაობებისთვის და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, რომელიც კეთილდღეობას მოგვიტანს და ჩვენს ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს შეინარჩუნებს.

„ყველა ეს საკითხები განიხილება 2021 წლის 1-12 ნოემბერს გლაზგოში დაგეგმილ COP26 სამიტზე; როდესაც ქვეყნები, მათ შორის საქართველო, წარადგენენ ხედვებს მომდევნო წლებში უფრო მწვანე და მდგრადი განვითარებისთვის.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში კლიმატთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. მან განაცხადა, რომ იმოქმედებს მდგრადი განვითარების ეკო-მეგობრული პრინციპების შესაბამისად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და დაბალემისიიანი განვითარების ინვესტიციებისთვის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიების პროცესში. საქართველო წარმატებით გადის გზას, რაკი კლიმატური პოლიტიკა და სტრატეგიები და მათთან დაკავშირებული კანონები შემუშავებული, მიღებული და ამოქმედებულია. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით ბუნების დაცვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების ფარგლებში, საქართველო გარკვეულ პროგრესს აღწევს ერთჯერადი მოხმარების მავნე პლასტმასის გამოყენების აკრძალვის მიმართულებით; ამასთან, გაზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების ემისიების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე მიმართვის თანახმად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევებია, რომელთა მიზეზი ერთის მხრივ ადამიანის საქმიანობაა, ხოლო მეორეს მხრივ კლიმატის ცვლილება.

„გლობალური დათბობის 1.5°C-ით შეზღუდვის გზით, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესარბილებლად, აუცილებელია მოვახდინოთ წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაცია და 2010 წლის დონესთან შედარებით, 2030 წლისთვის მინიმუმ 45%-ით შევამციროდ ანთროპოგენული სათბურის გაზების გამოყოფა. თუმცა, ამის გასაკეთებლად საჭიროა სწრაფი, შორსმიმავალი და უპრეცედენტო ცვლილებების განხორციელება ყველა სექტორში; დაბალნახშირბადიანი განვითარება და ღირებულების ჯაჭვის მოდელების შემუშავება მდგრადი ზრდისთვის; ეკოსისტემების აღდგენა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირება, მათ შორის, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება პროგნოზირებისთვის და ადრეული გაფრთხილების სისტემებისთვის; ჯანსაღი და უსაფრთხო მობილობის და ტრანსპორტის ხელშეწყობა; ინვესტირება განახლებადი ენერგიის წყაროებში; დაბინძურების შემცირება ცირკულარული ეკონომიკის შენებით, რომლებიც ნარჩენებს ამცირებს; მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ნარჩენების დაგროვების პრევენციის, ხელახლა გამოყენების, უტილიზაციისა და აღდგენის წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება; საძოვრების განადგურების, დანაწევრებისა და დეგრადაციის შემცირება და ნიადაგის დამუშავების ინოვაციური პრაქტიკის შემოღება; უფრო დიდი ოდენობით ორგანული სასუქების გამოყენება და მავნებლებთან ინტეგრირებული ბრძოლა; და უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი ტყეების, მტკნარი წყლების და ზღვის ტერიტორიების დასაცავად.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო განაგრძობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და შეინარჩუნებს გარემოს. გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოს მდგრად მართვასთან და კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით მისი ვალდებულები გამყარებული იქნება კლიმატის მიმართ მგრძნობიარე პოლიტიკით და მყისიერი მოქმედებებით, რომლებიც მიმართული იქნება ბუნებრივი გარემოს გაუარესების შეჩერებაზე, და იმავდროულად საქართველოს ხალხის, მათი ქონებისა და საარსებო წყაროების დაცვაზე.

ხაზს ვუსვამთ რა ჩვენს საერთო ვალდებულებას დაბალნახშირბადიან, უფრო სუფთა, ჯანმრთელ და მდგრად პოსტ-პანდემიურ მომავალთან დაკავშირებით, მხარდაჭერას აღუთქვამთ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს მწვანე გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაფართოებაში და გარემოსდაცვითი საკითხების განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილად გადაქცევაში, რაც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის კლიმატის ცვლილების შესახებ (UNFCCC) პარიზის შეთანხმების მიზნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას 2030 წლისთვის“, - ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფის მიმართვაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი