ბექა ბასილაია - თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია ისეთი ტიპის ქმედებაზე, რა ქმედებასაც პრეზიდენტის დღევანდელი ადმინისტრაციაც გასწევს დოკუმენტებისთვის „გრიფის“ მოუხსნელობით

თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია ისეთი ტიპის ქმედებაზე, რა ქმედებასაც პრეზიდენტის დღევანდელი ადმინისტრაციაც გასწევს დოკუმენტებისთვის „გრიფის“ მოუხსნელობით, - ამის შესახებ ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, დეპუტატ თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები არ შეიძლება იყოს გაფლანგვა და არ შეიძლება სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ მთავარსარდლის დავალებების შესრულება ითვლებოდეს დანაშაულად.

„ხელთ მაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 28 მაისის წერილი, რომელიც სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. ამ დოკუმენტის შემდეგ, თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ საქმის წარმოება შეიძლება ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს მისი, როგორც საქართველოს პარლამენტარის საქმიანობა და ეს საქმე გამოიყენოს პოლიტიკურ ბერკეტად მის წინააღმდეგ. ამ წერილში მკაფიოდ წერია, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ჯანაშია აღარ იყო სდსს-ს უფროსი, ზუსტად ანალოგიური განკარგულებები გამოიცემოდა, ზუსტად ანალოგიური ხარჯვა ხდებოდა და რომ ეს განკარგულებები დღემდე საიდუმლოა. მიუხედავად იმისა, რომ გასაიდუმლოების კანონით გათვალისწინებული ვადა გასულია, „გრიფის“ ვადა წინა და მოქმედი პრეზიდენტის პირობებში ამ დოკუმენტებს გაუხანგრძლივდა. შესაბამისად, პროკურატურის მტკიცებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული განკარგულებები არ უნდა ყოფილიყო „გრიფით საიდუმლო“, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი გაუქარწყლა. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, ჯანაშია ბრალდებულია ისეთი ტიპის ქმედებაზე, რა ქმედებასაც პრეზიდენტის დღევანდელი ადმინისტრაციაც გასწევს ამ დოკუმენტებისთვის „გრიფის“ მოუხსნელობით. ჯანაშიას სამსახურის მიერ ხარჯის გაწევა აბსოლუტურად კანონიერად იქნა ფაქტობრივად აღიარებული, რამდენადაც, მის შემდეგი პერიოდის დოკუმენტებს 8 წლის თავზეც კი „გრიფით საიდუმლო“ ადევს.

ეს დოკუმენტი კეთილსინდისიერი პროკურატურის პირობებში ჯანაშიას მიმართ მიმდინარე საქმის შეწყვეტის საფუძველია. ყველამ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ინსტრუმენტია პოლიტიკური ოპონენტებს დევნის საქმიანობაში, შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ პროკურატურა ბრალს გაითხოვს, არ გვაქვს, იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მკაფიო, ნათელი და დამაჯერებელი იყოს ჯანაშიას უდანაშაულობა, ვითხოვთ, რომ ამ დოკუმენტებს „გრიფი“ მოეხსნას, ყველაფერს აეხადოს ფარდა და გახდეს ნათელი, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები არ შეიძლება იყოს გაფლანგვა, არ შეიძლება სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ მთავარსარდლის დავალებების შესრულება ითვლებოდეს დანაშაულად“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 2009-20013 წლებში 8 მილიონ 300 ათასი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა