თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის თბილისში ვიზიტის პირველი ნაწილი დასრულდა. რამოდენიმე დღეში ერევანსა და ბაქოში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ იგი თბილისში კვლავ ჩამოვა.

ფაქტია, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის წინ მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. თბილისში ყოფნისას მან ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

თქვენი შეფასებით რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში?

- ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ნაწილია და მისი ამოცანები როგორც რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე თითოეულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოიცავს. უსაფრთხოების განზომილებაში საქართველოს დაცულობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოს მომავალი სამიტი, ასევე მთანი ყარაბაღიც.

რაც შეეხება შიდა თემებს, საქართველოს კონტექსტში დღის წესრიგი განისაზღვრება ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით. ფილიპ რიკერის ყველა გზავნილი ამ ჩარჩოში ტრიალებს, მთავარი სულისკვეთება კი ისაა, რომ მიღწეული შეთანხმება სრულად, ჯეროვნად და პირნათლად უნდა შესრულდეს.

ეს არა მხოლოდ რიკერის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორის პოზიციაა. მათი მოლოდინია, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და განსხვავებულთა ურთიერთობა წარმართოს თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურისათვის დამახასიათებელ ჩარჩოში. ეს მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის და მისი უკეთესი მომავლისათვის.

შარლ მიშელის დოკუმენტი დაკარგული პოზიციების აღდგენის უმოკლესი გზაა და ის უნდა შესრულდეს

გულსატკენია, როდესაც ხედავ, თუ რამდენად ავნო ბოლო პერიოდში განვითარებულმა პოლარიზაციამ ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს, რამდენ რამეში დაგვხია უკან და კიდევ რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ თუნდაც იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, სადაც ამ კრიზისამდე ვიყავით.

შარლ მიშელის დოკუმენტი დაკარგული პოზიციების აღდგენის უმოკლესი გზაა და ის უნდა შესრულდეს.

- როგორც დიპლომატებს სჩვევიათ ხოლმე, ამერიკელმა სტუმარმა საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე დასმულ შეკითხვებს გვერდი არ აუარა, მაგრამ თვისობრივად არც ახალი არაფერი უთქვამს, რომელიც თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შენიშვნის სახით მტკივნეულად მიეჩნიათ ადრესატებს- ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ თუნდაც 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ფილიპ რიკერის კომენტარები უფრო კონკრეტული არ ყოფილიყო?

- დარწმუნებული ვარ მისი კომენტარები საკმაოდ ნათელი იქნებოდა შეხვედრებისას და მათ არც კონკრეტიკა დააკლდებოდათ. პრეს-კონფერენციისას გამოყენებული დიპლომატიური ენა არ ნიშნავს, რომ რიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე შეფასებებს ან პოზიციის დაფიქსირებას მოერიდა.

პრეს-კონფერენციისას გამოყენებული დიპლომატიური ენა არ ნიშნავს, რომ რიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე შეფასებებს ან პოზიციის დაფიქსირებას მოერიდა

ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ რადიკალიზმს. ამიტომაც ხშირად საზოგადოებას უცხოელი პატრნიორისაგანაც ისეთივე მკვეთრი და რადიკალური საჯარო განცხადების მოლოდინი აქვს, როგორსაც ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ.

ჩვენი პარტნიორები გაცილებით მოზომილნი არიან საჯარო განცხადებებში და იცავენ იმ სტანდარტებს, რაც საერთაშორისო პოლიტიკაშია მიღებული. თუმცა, კვლავაც ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს რომ შეხვედრისას ისინი საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ.

- ახლა როცა პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის პრეტენზიებისა და ამ მიმართულებით კრემლის აქტიურობის ფონზე უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო მეტად აქტუალურია, თბილისში იყო მოლოდინი, რომ ამ თემებზე ბატონი რიკერი უფრო კონკრეტული იქნებოდა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ბატონ რიკერის თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა?

- ვაშინგტონის გზავნილი სრულიად ნათელი იყო - საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო სამხრეთ კავკასიაში კი, უმთავრესი პარტნიორი. აშშ ცდილობს ეს პარტნიორობა გაღმავდეს და საქართველოს უსაფრთხოებაც მეტად იყოს უზრუნველყოფილი.

ვაშინგტონის გზავნილი სრულიად ნათელი იყო - საქართველო აშშ- მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო სამხრეთ კავკასიაში კი, უმთავრესი პარტნიორი. აშშ ცდილობს ეს პარტნიორობა გაღმავდეს და საქართველოს უსაფრთხოებაც მეტად იყოს უზრუნველყოფილი

ამის მიღწევას დიდი საერთაშორისო ძალისხმევა სჭირდება რისთვისაც აუცილებელია სხვა ქვეყნების ჩართულობაც, მათ შორის სკეპტიკოსებისაც. შეერთებული შტატებს საქართველოს დახმარება გაუადვილდება, თუკი ჩვენ საკუთარი რესურსების კონცენტრაციას ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოვახდენთ, ნაკლებად დავიხარჯებით ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, გავაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიას და სკეპტიკოსებს არგუმენტებს არ დავუტოვებთ.

რა თქმა უნდა, ეს გზავნილი სიახლეს არ წარმოადგენს. ამას წლებია გვიმეორებენ პარტნიორები, მაგრამ მისი გათავისება რატომღაც მაინც გვიჭირს.

- ჟენევაში დაგეგმილ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე უამრავი მოსაზრებები გამოითქმის.

ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ახლა როცა ამ შეხვედრამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მხარეებს შორის კულუარებში დიდი ვაჭრობა მიდის შეხვედრის დღის წესრიგის საკითხების საბოლოოდ შესათანხმებლად.

კრემლთან დაახლოებულ დამკვირვებელთა ნაწილი იმედოვნებს, რომ ჟენევის შეხვედრა კრემლისთვის ახალი იალტა აღმოჩნდება. იმავე კრემლთან დაპირისპირებულ ექსპერტთა მეორე ნაწილის ვარაუდით, ჟენევის შეხვერდა იალტა-2 არაა, მაგრამ მალტა-2 შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ თვალსაზრისით, ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგებზე თქვენი მოლოდინი როგორია?

- ეს შეხვედრა მართლაც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, თუმცა ვეჭვობ ის თქვენს მიერ ნახსენები რომელიმე სამიტის მსგავსად დასრულდეს, რადგან ასეთი შედეგის მიღწევას თვისობრივად სხვა სამზადისი სჭირდება.

ის რომ ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ამას არა მარტო მისი განცხადებები, არამედ ქმედებებიც ადასტურებს. ბაიდენიც და მისი გუნდი რუსეთს კარგად იცნობენ და „ცივი ომიც“ კარგად ახსოვთ. მათ კარგად იციან, რას მოასწვავებს მსოფლიოსთვის დღევანდელ რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა.

ბაიდენის ადმინისტრაციაიალტისთვისარ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან, რას მოასწვავებს მსოფლიოსთვის დღევანდელ რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა

რაც შეეხება „მალტას“, მის მოსამწიფებლად სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც არა მხოლოდ აშშ-ს არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთიანი პოზიცია სჭირდება.

მართალია „მალტის“ სცენაზე მთავარი მოქმედი პირები ჯორჯ ბუში და მიხეილ გორბაჩოვი იყვნენ, მაგრამ „ცივი ომის“ დასრულება დასავლეთის ერთიანი პოზიციის შედეგად და მრავალწლიანი დაძაბული მუშაობის შედეგად მოხერხდა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა, არამედ დიდი შვიდეულის, აშშ-ევროკავშირისა და ნატოს მომავალი სამიტები.

ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და თუკი ბაიდენ-პუტინის ჟენევის შეხვედრა მომავალი „მალტის“ სავარაუდო კონტურებს მაინც გამოკვეთს, ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუკი ბაიდენ-პუტინის ჟენევის შეხვედრა მომავალიმალტისსავარაუდო კონტურებს მაინც გამოკვეთს, ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

ჩვენი მთავარი საზრუნავი კი ის უნდა იყოს, რომ მსოფლიო პოლიტიკის ასეთ რთულ მოზაიკაში საქართველოს საკითხი არ ჩაიკარგოს და ის დიდი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყოს.

მოგეხსენებათ ნატოს წლევანდელი სამიტი სპეციფიურ ფორმატში ტარდება, რის გამოც საქართველო ვერ იქნება წარმოდგენილი. ამოტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურ კომუნიკაციას პარტნიორებთან.

მისასალმებელია, რომ ამ ფონზე საქართველოს არამხოლოდ აშშ-ს არამედ სხვა მაღალი და უმაღლესი დონის დელეგაციები სტუმრობენ, როგორებიცაა პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე განხორციელდა პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინონ ჩვენი ინტერესების ადვოკატირება იმ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე, სადაც ჩვენ წარმოდგენილნი ვერ ვიქნებით.

- ვხედავთ, რომ უკრაინის საგარეო უწყება, უკრაინის ელჩები ევროპაში უკრაინის ნატო-ში მიუღებლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებენ.

ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკი განაცხადა - თუ ჩვენი ნატო-ში მიღება სურთ, მაშინ უსარგებლოა ჭოგრიტში, შორეულ მომავალში ყურება - საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს“.

ბაიდენ-პუტინის შეხვედრამდე სურდა უკრაინის პრეზიდენტს ბაიდენთან შეხვედრა. მართალია ასე არ მოხდა, მაგრამ ზელენსკის აქტიურობამ აიძულა თეთრი სახლი დაეანონსებინა ჟენევის შეხვედრის შემდეგ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტი.

დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინასა და საქართველოს ნატოში არ მიიღებენ, მაგრამ თუ დასავლეთმა უკრაინასა და საქართველოს ნატოს წევრობის განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, მაშინ ცხადი გახდება, რომ დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირებაზე წავა. თუ ასე არ მოხდა, დრო, ყველა შემთხვევაში რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს.

უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის რა გზას აირჩევს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია?

- ეს გზა არჩეულია და გულისხმობს ამ ქვეყნების დახმარებას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს როგორც ფილიპ რიკერმა, ასევე ახლახანს სტუმრად მყოფმა სენატორებმაც ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების ვადებს, თარიღის დასახელება არავის შეუძლია, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს ალიანსში აუცილებლად მიიღებენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

მთავარია ჩვენ ვიყოთ მზად ამ მომენტისათვის და პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ შესაძლებლობების ფანჯრის შესაქმნელად. დღეს მსოფლიო იმდენად დინამიურად იცვლება, რომ ნებისმიერი მოვლენა შეიძლება პროცესის კატალიზატორად იქცეს.

რუსეთს რაც შეეხება, მას კარგად ესმის როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამიტომაც ფართო ფრონტი აქვს გაშლილი ერთი მხრივ დასავლეთის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შესაფერხებლად, ხოლო მეორე მხრივ თავად იმ ქვეყნების საზოგადოებების გასახლეჩად, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დახსნას ცდილობენ.

შეხედეთ თუნდაც ჩვენს მაგალითს, ბოლო პერიოდში როგორ გააქტიურდნენ რუსული ზეგავლენის ფსევდოპატრიოტული ჯგუფები, როგორ ცდილობენ საზოგადოების დეზორიენტაციასა და განხეთქილების წახალისებას. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული წინდახედულობა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან რაც შეიძლება ინტენსიურ თანამშრომლობას და კოორდინაციას გულისხმობს.

შეხედეთ თუნდაც ჩვენს მაგალითს, ბოლო პერიოდში როგორ გააქტიურდნენ რუსული ზეგავლენის ფსევდოპატრიოტული ჯგუფები, როგორ ცდილობენ საზოგადეობის დეზორიენტაციასა და განხეთქილების წახალისებას. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული წინდახედულობა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან რაც შეიძლება ინტენსიურ თანამშრომლობას და კოორდინაციას გულისხმობს

კვლავაც ვიმეორებ, თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია კარგად იცნობს როგორც ჩვენს რეგიონს, ასევე რუსეთს და მისი მოქმედების მეთოდებსაც. ამიტომაც ამ ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს მეტი შესაძლებლობა ეხსნება და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

- ბრიუსელში 14 ივნისს გასამართ ნატო- სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა ამ განცხადებაზე ხელმოწერით პარლამენტარებს ექნებათ საშუალება დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი ხალხის არჩევანს წარმოადგენს.

რამდენად ერთსულოვანი იქნება პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა ნატო-ს სამიტისათვის პარლამენტის განცხადებასთან დაკავშირებით და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადებამ კორექტივები შეიტანოს საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გეგმებში?

- ასეთი განცხადება ადრეც გაგვიკეთებია და ჩვენი პარტნიორები ამ ჟესტს ყოველთვის მიიჩნევენ იმის დასტურად, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები, მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, ადასტურებენ ერთიანობას ქვეყნის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

ასეთი ჟესტი ყოველთვის მნიშვნელოვანია და რაც მეტად გავაფართოვებთ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის სივრცეს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. იმედი მაქვს დოკუმენტს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა ხელს მოაწერს.

- „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა. რა კორექტივებს შეიტანს პარლამენტში „ნაციონალების“ დეპუტაციის შესვლა?

- პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ იქ წარმოდგენილი იყოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვინც ამომრჩევლისაგან ამის მანდატი მიიღო. ქვეყანას სჭირდება, რომ პარლამენტი სრულფასოვნად ამუშავდეს და მოხდეს ძალისხმევის რეალური კონცენტრაცია იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე, რომლებიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.

„ნაციონალების“ პარლამენტში შესვლის პირველმა დღემ ნათლად გვიჩვენა, რომ დაპირიპირების ხარისხი კვლავაც მაღალია რის გამოც უმნიშვნელოვანესი თემების განხილვა გადაიდო. აუცილებელია ამ ემოციებიდან ყველა გამოვიდეს და საგნობრივი დებატები წარმართოს იმ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.

გახარიამ მხოლოდ ის კი არ უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ივანიშვილის პროექტი, არამედ ისიც, რომ ზოგადად ვინმესპროექტიარ არის. ესვინმეკი კონსპირაციის მოყვარულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს სააკაშვილიც, პუტინიც ან კიდევ სხვა

იმედია ამას დროულად გააცნობიერებს ყველა მხარე და პარლამენტი სრულფასოვნად ამუშავდება.

- გახარიას პოლიტიკაში გამოჩენაზე ივანიშვილმა განაცხადა - „თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი.“მეტიც, ივანიშვილმა გახარია „სიტუაციური ინსტრუმენტად“ მიიჩნია, რომელმაც მმართველ გუნდს საარჩევნო ხმები უნდა წაართვას.

დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ამ თემაზე და ასევე „ქართული ოცნების“ პერსპექტივებთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებამ ცხადად დაგვანახა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და ახლა იგი სრულად იზიარებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს.

რაში დასჭირდა ივანიშვილს გახარიაზე სპეციალური წერილის გავრცელება? თქვენთვის რამდენად აღმოჩნდა ეს წერილი იმის მტკიცება, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არაა?

- ივანიშვილის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ცხადია რომ ამ წერილმა იგი პოლიტიკაში ღიად დააბრუნა. საქართველოში ფაქტიურად დაწყებულია წინასაარჩევნო ბრძოლა და უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო ულმობელი გახდება.

არ მიკვირს, რომ გახარია კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა. გუნდიდან წასულს ყველაზე სასტიკად სწორედ გუშინდელი თანაგუნდელები უსწორდებიან ხოლმე.

ამის მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ საქართველოს თუნდაც უახლესი ისტორიის განმავლობაში. იმავდროულად გახარია ოპოზიციისთვისაც უცხოა, გუშინდელი მოწინააღმდეგე და ის ლიდერია, რომლის გადადგომასაც სულ ცოტა ხნის წინ ითხოვდნენ. ამიტომ ყოფილ პრემიერს ჯვარედინ ცეცხლში მოუწევს გავლა.

გახარიამ მხოლოდ ის კი არ უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ივანიშვილის პროექტი, არამედ ისიც, რომ ზოგადად ვინმეს „პროექტი“ არ არის. ეს „ვინმე“ კი კონსპირაციის მოყვარულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს სააკაშვილიც, პუტინიც ან კიდევ სხვა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, თუნდაც ყოფილის, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დადანაშაულება ძალიან მძიმე ბრალდებაა და არ შეიძლება ეს ბრალდება ჰაერში დარჩეს

საზოგადოების ყველა ჯგუფს საკუთარი შეხედულება აქვს და საკუთარ წილ მტკიცებულებას ითხოვს. დღეს ამომრჩეველი რამდენიმე სეგმენტადაა დაყოფილი - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საკუთარი მუდმივი ამომრჩევლები. გაცილებით მცირე, მაგრამ ასევე ერთგული ელექტორატი ჰყავთ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. მაგრამ ამავდროულად არსებობს გადაუწყვეტელი და ე.წ. „მერყევი“ ამომრჩეველი, რომელიც საკმაოდ სერიოზული ძალაა.

თავის მხრივ ეს ელექტორატიც მრავალფეროვანია. აქ არიან, ნიჰილისტებიც, ე.წ. „შუაშისტები“, რომლებიც თანაბრად დისტანცირდებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციისაგან, ასევე „ოცნებაზე“ განაწყენებული, მაგრამ ოპოზიციის მოწინააღმდეგე ამომრჩეველიც, რომლიც არჩევანის არარსებობის გამო ან არ მიდის არჩევნებზე ან მაინც „ოცნებას“ აძლევს ხმას, ან ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელსაც მართალია არ მოსწონს ოპოზიცია, მაგრამ მაინც მხარს უჭერს, რადგან „ოცნების“ მოწინააღდეგეა.

ამ რთულ პალიტრაში გახარიას „პროექტობის“ გამაქარწყლებელი ან დამადასტურებელი უნივერსალური არგუმენტი ვერ იარსებებს, რადგან ერთისათვის მისაღები სხვისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რამდენად შეძლებს ამ რთულ პალიტრაში გახარია საკუთარი მყარი ელექტორატის ჩამოყალიბებას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

გახარიას ჯერ-ჯერობით წარსულზე უწევს პასუხების გაცემა, იქნება ეს 20 ივნისი, ანაკლია თუ სხვა. კითხვები საკმაოდ არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რა სამომავლო რესურსი აქვს გახარიას, შეუძლია თუ არა სიახლის შეთავაზება და რით იქნება განსხვავებული მისი პოლიტიკური ძალა დღეს არსებული მრავალრიცხოვანი პოლიტიკურ პარტიებისაგან?

ამაზე გახარიას ჯერ არ უსაუბრია, თუ რამდენიმე მოკლე განცხადებას არ ჩავთვლით.

- იყო მოლოდინი, რომ გახარიაზე ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ გახარიას პასუხი კონკრეტული იქნებოდა. მაგრამ, სოციალურ ქსელში გახარიას გავრცელებული განცხადება ამის თქმის საშუალებას აშკარად არ იძლევა.

ამის პარალელურად გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა და როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე რეაგირება მოითხოვა.

რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ გენპროკურატურა ამ თემაზე გამოძიებას დაიწყებს? და კიდევ - გახარია უპასუხოდ არ დატოვებს ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ბრალდებებს?

- გადაცემა „რეაქციაში“ გახარიამ გარკვეული პასუხები გასცა. ზოგისთვის ეს დამაჯერებელი იქნება, ზოგისთვის არა. მაგრამ ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია.

მაგრამ, სხვა თემაა თავად ბრალდებები, რომელთა შინაარსიც ნამდვილად სცდება პოლიტიკურ გემოვნებას და ეროვნული უსაფრთხოების სივრცეში გადადის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, თუნდაც ყოფილის, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დადანაშაულება ძალიან მძიმე ბრალდებაა და არ შეიძლება ეს ბრალდება ჰაერში დარჩეს.

თუ ასეთი ეჭვი არსებობს, მაშინ პრემიერი თავად უნდა გადააყენო და მის ნებაყოფლობით გადადგომას არ ელოდო. ასეთ შემთხვევაში საქმე უკვე უნდა იყოს აღძრული და არ უნდა ელოდებოდე თავად სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი როდის მოგმართავს ამის მოთხოვნით.

კიდევ უფრო წარმოუდგენელია სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი პოლიტიკურ პარტიას ქმნიდეს და არჩევნებისთვის ემზადებოდეს. ასეთი თემებით თამაში დაუშვებელია.

გახარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მკაფიო, ნათელი და დასაბუთებული პასუხები სჭირდება და ამ შემთხვევაში პასუხი არა პოლიტიკოსებისაგან, არამედ იმ კომპეტენტური ორგანოებიდან უნდა მივიღოთ, რომელთაც ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებათ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით