თეა ახვლედიანმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის საკითხებზე შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“ ახალშექმნილი საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა გამართა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საკონსულტაციო პლატფორმის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ქალთა ორგანიზაციების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების როლისა და ჩართულობის გაღრმავების, ასევე მათი გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობა. აღნიშნულ კონტექსტში, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ქალების ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად დამძიმდა გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად.

თეა ახვლედიანმა პლატფორმის მონაწილეებს 2010 წელს დამტკიცებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიულ გადახედვის დაწყებასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო და ხაზი გაუსვა ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აპარატში მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის შექმნა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის ინიციატივა. მათ ამ და სხვა მიმართულებებით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საკონსულტაციო პლატფორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელებისა და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. პლატფორმა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალბატონებს აერთიანებს; მის მუშაობაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ასევე მონაწილეობს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია.

„მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობის და როლის გაზრდა, ნდობის აღდგენის პროცესში მათი მონაწილეობა, ქალთა გაძლიერება და მიმდინარე ოკუპაციის შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, შერიგების პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნებისთვის დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის გაძლიერების და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებსა და ხედვებზე. სახელმწიფო მინისტრის აღნიშნული ინიციატივა საკონსულტაციო პლათფორმის შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ეხმიანება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების სათანადო აღსრულების ამოცანას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს