ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შესაძლოა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გადაიხედოს

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შესაძლოა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გადაიხედოს.აღნიშნული დოკუმენტის ყოველ 5 წელიწადში გადახედვის ვალდებულება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით შემოდის, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. ამასთან, გარდა 5-წლიანი პერიოდისა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახლება, შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით პარლამენტი ამტკიცებს.

მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვადა განსაზღვრული არ არის.

„ქვეყნის უსაფრთხოების ცვალებადი გარემოს გათვალისწინებით, აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით ან ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ხორციელდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახლება“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი და ნინო იობაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი