NCDC-ში „საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციურ კვლევაზე ღონისძიება გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) „საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევის“ საველე სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება 21 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება.

„ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, CDC-ისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლები და სხვა ექსპერტები.

კვლევა დაიწყება 2021 წლის ივნისის ბოლოს და გაგრძელდება ორი თვის მანძილზე. 16-20 ივნისს CDC-ისა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ჩატარდა ხუთ-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი და, ასევე, საცდელი საველე სამუშაო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

2015 წელს, ქვეყნის მასშტაბით, B და C ჰეპატიტების გავრცელების ტვირთის დასადგენად საქართველოში პირველად ჩატარდა ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა მოზრდილ მოსახლეობაში. გამოვლინდა, რომ საქართველოში 150 000 ადამიანს (მოზრდილი მოსახლეობის 5,4%) აქვს აქტიური C ჰეპატიტი და საჭიროებს მკურნალობას. კვლევის შედეგების საფუძველზე, 2015 წელს შემუშავდა 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული პროგრამა, რომლის მიზნად 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის 90%-ით შემცირება იქნა დასახული.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით. უახლესი მონაცემებით, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს საქართველოს 2.5 მილიონ მოქალაქეს. ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 115 000-მდე პირს. მათგან, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 74 000-ზე მეტი. განკურნების მაჩვენებელმა 99%-ს მიაღწია.

2019 წელს ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ საქართველოს მიენიჭა ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული.

ფართომასშტაბიან სკრინინგს, ტესტირებას და ხელმისაწვდომ მკურნალობას მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ქრონიკული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში, რისი დადასტურებაც სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებით გახდება შესაძლებელი. კვლევა საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის პროგრესი. კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში.

საქართველოში SARS-CoV-2-ის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანა ინტენსიურად ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და საკონტროლო ღონისძიებებს, აფართოებს ტესტირების ფარგლებს, უზრუნველყოფს ტესტების ხარისხის მონიტორინგს და იკვლევს ყველა დადასტურებულ შემთხვევას. სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა