26 ივნისი ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღეა

სულხან სულაძე, ა(ა)იპ „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია“

26 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღე (WRD). ამ დღის ყოველწლიური აღნიშვნა დაწესდა 2019 წელს ხელოვნური სიცივის სფეროში მოღვაწე სამრეწველო და სავაჭრო ასოციაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კერძო ინიციატივით და მხადაჭერილი იქნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ, როგორც „ბრწყინვალე შესაძლებლობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების იმის შესახებ, თუ როგორი წვლილი უნდა შეიტანოს სამცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში“.

თავისთავად ამ დღის დაწესება, რომელიც უკავშირდება თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლორდ კელვინის დაბადებას 1824 წლის 26 ივნისს, მეტყველებს იმ დიდ ყურადღებაზე, რომელიც ეთმობა სამაცივრო ტექნიკის ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორს მსოფლიოში. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, არ არსებობს ადამიანის საქმიანობა, უკავშირდება ორ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას - ოზონის შრისა და კლიმატის შენარჩუნებას დედამიწაზე. 2019 წლის 16 სექტემბერს თავის ოზონის შრის დაცვისადმი მიძღვნილ მიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა: „საჭიროა, რომ ყველა ქვეყანამ შეიმუშაოს სამაცივრო დარგის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა ეს დარგი მუშაობდეს ეფექტურად და მდგრადად და ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებებით, როგორიცაა ვაქცინები და უსაფრთხო საკვები“.

ზემოხსენებული პრობლემების გადასაჭრელად უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ხმარებიდან სრულად არის ამოღებული რიგი ოზონდამშლელი ნივთიერება და დაწესებულია დარჩენილი ოზონის დაშლსა და გლობალური დათბობის პოტენციალების მქონე მაცივარაგენტების (მოსახლეობაში ცნობილი „ფრეონების“ სახელით) ხმარებიდან ამოღების გრაფიკი. მაგრამ გარემოსათვის საზიანო ხელოვნური მაცივარაგენტების ალტერნატივებად მოიაზრებიან ბუნებრივი ნივთიერებები (ამიაკი, ნახშირწყალბადები, ნახშირორჟანგი), რომელიც საშიშია უკვე ადამიანისათვის, და მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ უსაფრთხოებას. ასე რომ ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, გამოწვევები სერიოზულია და მათი გადაწყვეტა - მნიშვნელოვანი და საინტერესო.

ჩვენ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი არის ერთადერთი მომხმარებელი როგორც ოზონდამშლელი ნივთიერებების, ასევე სამრეწველო სათბური აირების. საქართველო მიერთებულია “ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმს და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს და აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ქვეყანაში აღნიშნული სექტორი იფუნქციონირებს და განვითარდება მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, იგივეს ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება თანახმად მისი XXVII-ე დანართისა.

2019 წლიდან ამოქმედდა ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც მაცივარაგენტზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დაჯარიმებას ექვემდებარებიან როგორც ტექნიკოსი, ისე მოწყობილობის მფლობელი, რომელმაც არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მომსახურება მიიღო. გარდა ამისა, ყველა 3კგ და მეტი მაცივარაგენტის შემცველი სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მომსახურების ჟურნალი და წელიწადში ერთხელ აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაცივარაგენტების წლიური მოხმარების შესახებ.

ა(ა)იპ „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია“ შეიქმნა ორი ათეული წლის წინ მონრეალის ოქმის რეკომენდაციით და ფინანსური მხარდაჭერით როგორც შუალედულრი რგოლი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის. იგი აერთიანებს მეცნიერებს, ინჟინრებს, ტექნიკოსებს, სტუდენტებს და სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიციონერების და თბური ტუმბოების მომხმარებლებს. ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პედაგოგიური სამუშაოების ჩატარება; ასევე, კონსულტაციების გაწევა ხელოვნური სიცივის სფეროში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სექტორის გამართული მუშაობის ხელშემშლელი მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა. ეს პრობლემა შეიძლება და უნდა გადაიჭრას უმოკლეს ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად საქართველოს მოსახლეობა გახდება უნებლიე კანონდამრღვევი. დღეს არ არსებობს ოჯახი, რომელსაც მაცივარი არა აქვს, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ჰაერის კონდიციონერებზეც. ამ რაოდენობას თუ დავუმატებთ ორგანიზაციებში არსებულ გამაგრილებელ საშუალებებს, აშკარაა, რომ ქვეყანაში მილიონობით მოწყობილობაა ხმარებაში, რომლის მომსახურება ექვემდებარება კონტროლს. ამავე დროს სერტიფიკატის გამცემი ორგანოს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბოლო მონაცემით საქართველოში მოქმედებს მხოლოდ 147 სერტიფიცირებული ტექნიკოსი, ვისაც აქვს უფლება მოემსახუროს მაცივრებს და კონდიციონერებს. ინფორმაციის ფართოდ გავრცელება აღნიშნულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათთან დაკავშირებულ ეროვნულ კანონმდებლობაზე აუცილებელი პირობაა, რათა მომხმარებელმა მიიღოს კვალიფიციური მომსახურება, ხოლო ქვეყანამ შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ყოველ შემთხვევაში, ადგილი აღარ ექნება ისეთ მოვლენას, როგორიცაა მაისიდან ოქტომბრამდე საქართველოს ქალაქების ქუჩებში გამოკრულ აბრებს „ვტენი ფრეონს ავტოკონდიციონერში“. ეს სამარცხვინოა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან იგივეა რაც „ვუშვებ მავნე ნივთიერებებს ატმოსფეროში“.

ამრიგად, საინფორმაციო საშუალებებს შეუძლათ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგომარეობის გამოსწორებაში, თუ მეტი ყურადღებით მოეკიდებიან აღნიშნულ პრობლემას.

საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური კონსულტაციის მიღება შეგიძლიათ ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰარის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციაში www.garcae.org.ge.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა